იერუსალიმის სამეფო, დასავლეთევროპული ყაიდის უმსხვილესი სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფო, რ-იც დაარსდა ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის (1096–1099) დროს ჯვაროსნების მიერ 1099 იერუსალიმის აღების შემდეგ.
ი. ს-თან ვასალურ დამოკიდებულებაში იყო 3 ფეოდ. სამთავრო – ანტიოქიის სამთავრო, ედესისა და ტრიპოლის საგრაფოები. ი. ს-ს პირველ მეფე იყო გოდფრიდ ბუიონელი, ტერიტორიულად და ორგანიზაციულად ი. ს. საბოლოდ ჩამოყალიბდა ბოდუენ (ბალდუინ) I-ის მეფობაში (1100–18). ი. ს-ს ოფიც. ენა იყო ფრანგული მწვავე ბრძოლა მიმდინარეობდა დაპყრობილ მოსახლეობასა და დამპყრობელ „ლათინ" ფეოდალებს შორის, რ-ებმაც მართლმადიდებლური ტაძრების დიდი უმრავლესობა დაისაკუთრეს.
იერუსალიმში ჯვაროსანთა ბატონობის ხანაში ჯვრის მონასტერი ქართველთა ხელში იყო და ლათინთა დიდი პატივისცემით სარგებლობდა, თუმცა ლათინთა სამეფოს არსებობის ბოლო პერიოდში ჯვაროსნები ცდილობდნენ გარკვეული უფლებები მოეპოვებინათ ჯვრის მონასტერზე და მას მძიმე გადასახადებით ბეგრავდნენ. სწორედ ამავე პერიოდში ჯვრის მონასტრის მამულებისა და ზვრების ნაწილი ი. ს-ს მეფის ბოდუენ IV-ის ხელში იყოფა.
ეგვ. სულთანმა სალაჰ ალ-იდინმა (სალადინი) 1187 ომი გამოუცხადა ი. ს.-ს, რ-იც თითქმის მთლიანად დაიპყრო. იერუსალიმის ქართულ სავანეებს იმედი მიეცათ, რომ სალადინის შემწეობით ისინი დაიბრუნებდნენ ლათინთაგან ჩამორთმეულ მონასტრებს, მამულებსა და უფლებებს წმინდა ადგილებზე. სალადინის ისტორიკოსის ცნობით. 1187 მეფე თამარმა ელჩობა გაგზავნა იერუსალიმში საგანგებო დავალებით, რ-იც შეეხებოდა ქართველების უფლებების აღდგენას მათ მიერ იერუსალიმში მოპოვებულ წმინდა ადგილებზე. უცხოური წყაროებით, დავით IV აღმაშენებელს კავშირი ჰქონდა ი. ს-თან, ხოლო ქართ. მატიანეებში („ისტორიანი და აზმანი შარვანდედთანი") შემონახულია ცნობა, რომ „მეფენი იერუსალიმთანი" „სძღუნობდეს და სძმობდეს" საქართველოს მეფე გიორგი III-ს.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1. თბ., 1955, ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979.