იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია

იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია, იერუსალიმის ქართული სავანის – ჯვრის მონასტრის სიძველეთა შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია 1960 ოქტ.-ნოემბერში ი. აბაშიძის, ა. შანიძისა და გ. წერეთლის შემადგენლობით.

ძვ. ქართ. წყაროების მონაცემებით, მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე გამოსახული უნდა ყოფილიყო შოთა რუსთაველის პორტრეტი. ი. ს. ე-მ მანამდე არსებულ აღწერილობათა (ტ. გაბაშვილი, ნ. ჩუბინაშვილი, ა. ცაგარელი და სხვ.) მიხედვით მიაგნო ფრესკის ადგილს, რ-იც მთლიანად შავი საღებავით იყო დაფარული. საღებავის ზემოთა ფენის მოშორების შემდეგ შესაძლებელი გახდა ფრესკის მთლიანად აღდგენა. მასზე გამოხატულია საერო ტანსაცმელში გამოწყობილი, ორი წმინდანის – იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღმსარებლის – წინაშე მუხლმოდრეკილი და ხელაღპყრობილი შოთა რუსთაველი. აღდგა ფრესკის წარწერაც, რ-იც მანამდე წყაროებში ზუსტად არ იყო მოხსენიებული: „ამის დამხატავსა შოთა(ს) შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ". პოეტის გამოსახულების ქვემოთ მინაწერია: „რუსთველი".

ი. ს. ე-მ ფრესკის ფოტოებთან ერთად საქართველოში ჯვრის მონასტრის სხვა ფოტომასალაც ჩამოიტანა. შოთა რუსთაველის იერუსალიმური პორტრეტი თავისი სიძველითა და მნიშვნელობით უნიკალური მონაპოვარია პოეტის ბიოგრაფიისათვის. უკანასკნელ წლებში ფრესკა რამდენჯერმე დააზიანეს. ბოლო (2004) დაზიანების შემდეგ გადაფხეკილი ფრესკა აღდგენილია (2005).

ლიტ: აბაშიძე ი., სიტყვები. გზები. სახეები. თბ., 1971; აბაშიძე ი., შანიძე ა., წერეთელი გ., შოთა რუსთაველი ჯვრის მონასტერში, «საბჭოთა ხელოვნება», 1960, №12; შანიძე ა., ვეფხისტყაოსნის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1966.

ს. ცაიშვილი