იერუსალიმის წმინდა გიორგის მონასტერი

იერუსალიმის წმინდა გიორგის მონასტერი, დაარსების დრო უცნობია, დაუდგენელია ქართულმა თემმა დააარსა იგი, თუ სხვათა საკუთრება გადავიდა მის ხელში, თუმცა ეს მონასტერი XV ს-ში ქართველებს ეკუთვნოდათ. ამას ადასტურებს ფ. სურიანო. XVI ს. 60-იანი წლების ჯვრის მონასტრის ერთი აღაპით, სამცხელმა ფილიპე შაქარაშვილმა სულხანის შვილის ვარაზის მიერ გაგზავნილი საიერუსალიმო თეთრით წმ. გიორგის ეკლესია შეაკეთა. ტ. გაბაშვილის აზრით, იერუსალიმში „ჰურიათ უბანში დადიანთა აღშენებული, და მოსახსენებელი მისი მუნვე არს". ალბათ, ეს ლევან II დადიანია რ-ის მზრუნველობა იერუსალიმის ქართ. სიწმინდეებისადმი ცნობილია.

მონასტერი ქართველების მიერ დაარსებულად და მათ კანონიერ საკუთრებად მიაჩნდა იერუსალიმის პატრიარქს დოსითეოს II-ს. ის ამ მონასტერს სხვა რამდენიმე ქართ. ეკლესია-მონასტერს შორის ასახელებს. იმავე დოსითეოსმა 1683 მონასტერი საქართველოდან წაღებული ფულით აღადგინა, როგორც „ივერთა მონასტერი". იმავე საუკუნის დასასრულიდან მონასტერი ბერძენთა საპატრიარქოს ფაქტობრივ მფლობელობაში გადავიდა, თუმცა 1706 ეპისტოლეთი პატრიარქი აცხადებდა, რომ მონასტერს ქართველებს ვუბრუნებთო.

წყარო: ტიმოთე გაბაშვილი, მიმოსლვა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1956.

ლიტ.: მამისთვალიშვილი ე., მისივე, საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII სს.), თბ., 2008. ქართველები და ბიბლიური სამყარო, გორი, 1998.

ე. მამისთვალიშვილი