იესე (ალიყული-ხანი)

იესე, ალიყული-ხანი (დაახლ. 1680/81–1727), ქართლის მეფე 1714–16, ლევან ბატონიშვილის ძე, ვახტანგ VI-ის ძმა. 1705–14 ირანში შაჰის სამსახურში იყო. ებრძოდა შაჰის წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელებს პირველ რიგში ბიძამისის – ქართლის მეფე გიორგი XI-ის, ხოლო შემდეგ ძმის – ქართლის მეფე ქაიხოსროს მეთაურობით. 1708 გიორგი XI-მ ი. ქირმანის (ქალაქი და ისტ. ოლქი ირანის სამხრ.-აღმ. ნაწილში) ნაიბად დანიშნა, 1709 (გიორგი XI-ის დაღუპვის შემდეგ) შაჰმა ქირმანის ბეგლარბეგობა უბოძა. ი-ს მუსლ. სახელი ალიყული-ხანი ეწოდა.

1711 დაინიშნა თოფჩიბაშად (არტილერიის უფროსი). 1714, როცა ვახტანგმა (შემდეგში ვახტანგ VI) უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰმა ი. ქართლის მეფედ დაამტკიცა. ქართლის ჯარით ეხმარებოდა კახეთის მეფე დავით II-ს (იმამყული-ხანს) ლეკების შემოსევათა მოგერიებაში. 1716, როცა ქართლის მეფობა ვახტანგმა მიიღო, ი. თელავს გაიხიზნა, მაგრამ შეიპყრეს და გადასცეს ბაქარს რ-იც ქართლს განაგებდა. თბილ. სასახლეში პატიმრად ყოფნის დროს ი-მ უარყო მაჰმადიანობა და ქრისტიანობას დაუბრუნდა.

1721 ვახტანგ VI-მ ი. გაათავისუფლა, დაუბრუნა წართმეული ქონება, უბოძა მუხრანი და მსაჯულთუხუცესობა (მდივანბეგობა). 1723, როცა შაჰ-თამაზ II-მ ქართლის მეფობა კახეთის მეფე კონსტანტინე II-ს (მაჰმადყული-ხანს) მისცა და მან თბილისი დაიკავა, ი. ვახტანგ VI-ის დავალებით ბაქართან ერთად მიეგება თბილისის ასაღებად მოსულ ოსმალთა ჯარს. ოსმალები თბილისში შევიდნენ, კონსტანტინე დააპატიმრეს და ქართლის გამგებლობა ბაქარს გადასცეს. ბაქარის ოსმალთაგან განდგომის შემდეგ, 1724, ი. შეურიგდა დამპყრობლებს, კვლავ გამაჰმადიანდა და მუსტაფა ეწოდა. მართალია, ოსმალებმა ქართლის გამგებლობა ი-ს მისცეს, ფაქტობრივი მმართველი ოსმალთა ფაშა იყო. ი. მტერთან ერთად ებრძოდა ვახტანგ VI-სა და ბაქარს.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჩხეიძე ს., ცხოვრება მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

ვ. გუჩუა