ივანობა

ივანობა, იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი დღესასწაული. იმართება წელიწადში ორჯერ, 24 ივნ. (7 ივლ.) და 29 აგვ. (11 სექტ.). პირველი თარიღი მისი შობის დღეა, ხოლო მეორე – თავისკვეთის.

ი-ს დღესასწაულს კახეთში ნათლისმცემლობას ეძახდნენ. ხალხი იოანე ნათ­ლისმცემელს ნათლობის შემოღებას უკავშირებდა და ყოვლისმშველელად (მკურნალად) მიაჩნდა.

რაჭასა და ლეჩხუმში ამ დღეს ი. ერქვა. მას ღომის ლოცვასაც ეძახდნენ, ვინაიდან ეს დღე მარცვლეულის სიუხვის საწინდარი იყო. ლეჩხუმში დიასახლისი ნიგვზიან ან ყველიან ტაბლას (რიტუალურ პურს) აცხობდა, რაჭაში კი – ჩიტის გამოსა­ხულების განატეხს (ასევე რიტუალური პური). ლეჩხუმელი დიასახლისი ტაბლას ღომის ყანაში წაიღებდა, ილოცებდა, რომ ღომი ჩიტს არ შეეჭამა, ტაბლას წაღმა შეატრიალებდა და იქვე შეჭამდა. რაჭველი დიასახლისიც იმავეს შესთხოვდა ღმერთს, რის შემდეგაც განატეხს ღელეზე წაიღებდა და შიგ ჩააგდებდა. მამაკაცებს მისი ჭამა ეკრძალებოდათ, ხოლო ვისაც ღომი არ ეთესა, ის ამ დღეს უქმად ატარებდა.

სვანეთში ამ დღეს ანობს ან ანგლეზს ეძახდნენ. იოანე ნათლისმცემელს ფეტვის მჭადებს სწირავდნენ და მთელი ოჯახისათვის თვალის სიჯანსაღეს შესთხოვდნენ.

ხევში, სტეფანწმინდიდან 3–4 კმ დაშორებით, იოანე ნათლისმცემლის მთავარი ხატია, მისი ნიშები კი სხვა­და­სხვა სოფლებშიც გვხვდე­ბა. ლეგენდის მიხედვით, ერთხელაც ქისტებს მოხევე ქალები გაუტაციათ. გამტაცებლებს მონადირეები დასდევნებიან და ქალები გადაურჩენიათ, სანაცვლოდ თემს მათი თხოვნა შეუსრულებია და იოანე ნათლისმცემლის სალოცავი იქ გადაუტანიათ, სადაც მონადირეებს ნანადირევი ეწყოთ. მისი დღესასწაული დიდი პატი­ვით აღინიშნებოდა 29 აგვისტოს (11 სექტ.). იოანე ნათლისმცემელი ხევში ხიზნების, ოჯახის, კერძოდ კი ბავშვების მფარველად მიაჩნდათ. მას ჯანმრთელობას შესთხოვდნენ; ასევე შესთხოვდნენ, რომ ბავშვებს სახადი, ანუ ბატონები კეთილად მოეხადათ.

ი-ის დღესასწაულზე ღამისთევით მიდიოდნენ. მიჰქონდათ ქადასანთელი, მიჰყავდათ თეთრი ფერის ცხვარი, წითელი მამალი, რ-ებსაც ან გაუშვებდნენ, ან კლავდნენ. მძიმე მარხვის გამო ძირითადად ხმელი სუფრა იმართებოდა, საკლავი კი მეორე დღეს იკვლებოდა, რიტუალური პურებიც მეორე დღეს იჭრებოდა. სამი დეკანოზიდან ერთი საკლავს კლავდა, მეორე რიტუალურ პურებს ჭრიდა, მესამე კი ხალხის შეწირულ სასმელს იბარებდა. ბოლოს ყველა ილხენდა. ამ დღეს ხევში დანის ხმარება იკრძალებოდა, რადგან ნათლისმცემელს თავი მახვილით მოჰკვეთეს.

ნათლისმცემელი მშობიარე და მელოგინე ქალების მფარველადაც მიაჩნიათ.

ლიტ.: აბაკელია ნ., ალავერდაშვილი ქ., ღამბაშიძე ნ., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, თბ., 1991; გარდაფხაძე-ქიქოძე ფ., ქართული ხალ­ხუ­რი დღეობები (რაჭა-ლეჩხუმი), თბ., 1995; ითონიშვილი ვ., მოხევეების ყოფა-ცხოვრება, თბ., 2015; ღამბაშიძე ნ., ქართული ხალხუ­რი და საეკლესიო დღესასწაულები, თბ., 2011; წერედიანი ნ., სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, თბ., 2004.

ნ. ღამბაშიძე