„ივერია“

„ივერია“ პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა. გამოდიოდა თბილისში 1877 წ. 3 მარტიდან ყოველკვირეული გაზეთის, 1879–85 – ჟურნალის, 1886-იდან – ყოველდღიური გაზეთის, 1906-იდან გაზეთის დახურვამდე (1906 წ. 27.VIII) – ყოველკვირეული გაზეთის სახით. და­მაარსებელი და რედაქტორი – ი. ჭავჭავაძე. სხვა­და­სხვა დროს „ი-ის" თანარედაქტორები იყვნენ: ს. მესხი (1881), ი. მაჩაბელი (1882–84), ა. სარაჯი­შვილი (1901–03), გ. ყიფშიძე (1903–05) ფ. გოგიჩაი­შვილი (1905–06). „ი." იყო ცარიზმის რეაქციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანო. მისი პროგრამის ძირითადი ნაწილი ითვალისწინებდა ქართველთა ეროვნ. თვითშეგნე­ბის ამაღლებას და პოლიტ. დამოუკიდებლობის იდეის სამ­სა­ხურს. „ი." თემატურად მრავალფეროვანი იყო, რაც განსაზღვრა ­ქართვ. ხალხის ეროვნულმა, სოც.-ეკონომიურმა და კულტ. ვითარებამ და რედაქტორისა და მისი თანამშრომლების განმან. იდეებმა. გაზეთი აშუქებდა ისტ., ენათმეცნ., ეთნოგრ., გეოგრ., სოციოლოგიის სა­კი­თხებს და სხვ. ი. ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიც. ჟანრი „ში­ნაუ­რი მიმო­ხილვა", რ-იც ­ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. გაზეთი სათანადო შეფასებას აძლევდა კაპიტალ. წარმოების ხასიათსა და განვითარების თავისებურებას. დიდი ადგილი ეთმობოდა სახ. გა­ნათ­ლების სა­კი­თხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას გა­ნათ­ლე­ბის დარგში და აღზრდის სისტემას. "ი-მ" განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართ. მწერლობის განვითარების საქმეში. „ი-სთან“ თანამშრომლობდნენ მწერლები: ა. წერეთელი, ი. გოგება­­შვილი, ვაჟა-ფშაველა, ა. ყაზბეგი, ნ. ლომოური, ე. გაბა­შვილი, ს. მგალობლი­შვილი, ს. ჭრელა­შვილი და სხვ.; თვალსა­ჩინო ჟურნალისტები: ა. ყიფშიძე, გ. ყიფშიძე, ა. ნანეი­შვილი, ა. ახნაზაროვი, დ. მიქელაძე, გ. ლასხი­შვილი და სხვ. გაზეთი მდიდარ ინფორმაციას აწვდიდა მკითხველს თანამედროვე რუს. და ევრ. ლიტ-რაზე, თავს უყრიდა და აქვეყნებდა ქართ. ხალ­ხუ­რი შემოქმედების ნიმუშებს.

1989 წ. 20 თებერვალს გაზ. „ი." აღადგინა ზ. ჭავ­ჭავაძემ, გამოდიოდა პერიოდულად ი. ჭავჭავაძის სა­ზოგადოების გაზეთის სა­ხით. სარედაქციო კოლეგია: კ. კახაძე, რ. კვირიკია, გ. ნიკოლაი­შვილი, დ. ტაკიძე, ლ. ღვალაძე, თ. ჩხეიძე. 1997 „ი-ის" გამოცემა შეწყდა.

ლიტ.: კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე  ა., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 4, თბ., 1986; ტ ა ბ ი ძ ე  ნ., ილია ჭავჭავაძის „ივერია", თბ., 1977.

ს. ხუცი­შვილი