ივრის ზეგნის არქეოლოგიური ძეგლები, ქვისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები ივრის ზეგანზე. ამ მხარეში საცხოვრებლად განსაკუთრებით კარგი ბუნებრივი პირობები უნდა არსებულიყო ადამიანის ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბების დროიდან. ამის ნათელი დადასტურებაა დავითგარეჯის ლავრის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში ადამიანის მსგავსი პრიმატის ქვედა ყბის ფრაგმენტის აღმოჩენა, ამაზევე მიგვითითებს ამ მხარის მრავალ პუნქტში მილიონი წლის წინ განმარხებული ცხოველების ძვლიანი მასალის გამოვლენაც.
ივრის ზეგანი მჭიდროდ ჩანს დასახლებული ქვის ხანაშიც. აქ ამ დროის ადამიანის საცხოვრებელი ადგილებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია ზიარის ნასადგომრები, სადაც კულტ. ფენები ღია ცის ქვეშ დღემდე დაუზიანებლად არის შემორჩენილი. ქვის ხანის ადრეულ პერიოდში ადამიანის მიერ დამზადებული იარაღი ივრის ზეგნის ყველა მხარეში დიდი რაოდენობით გვხვდება. სპილენძ-ქვის ხანის არქეოლ. ძეგლები გამოვლენილია სოფ. ჯიმითთან და ჭერემთან.
მომდევნო, ადრინდ. ბრინჯაოს ხანის არქეოლ. ძეგლები ივრის ზეგანზე ჯერჯერობით მხოლოდ ქვაყრილიანი გორასამარხების იმ სახით არის ცნობილი, რ-ებიც ძვ. წ. IV ათასწლ. II ნახევრის მტკვარ-არაქსის კულტურის კუთვნილ მასალას შეიცავს. ისინი, როგორც წესი, კოლექტიურია, უფრო ხშირად – უორმოო მიწისზედა დასაკრძალავი დარბაზით. ამ დროის მხოლოდ ორი სამარხია ცნობილი კატაკომბური დასაკრძალავი ნაგებობით. ამ სამარხებში მიცვალებულები, როგორც წესი, გვერდზეა დაკრძალული, მოხრილი კიდურებით. გვხვდება მათი ადგილზე კრემაციის შემთხვევებიც.
ივრის ზეგანზე და მის ირგვლივ, მთისწინეთში, განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა კავკასიისათვის უცხო, ძვ. წ. III ათასწლ. ალაზან-ბედენის კულტურის სამარხეული ძეგლები. ისინი მტკვარ-არაქსის კულტურის წიაღში ჩნდება და მისი ფინალური ეტაპის თანადროულია. მას ხშირად ცალკე, მარტყოფულ კულტურად მოიხსენიებენ.
ივრის ზეგნის რიგ ნამოსახლარზე, რ-ებიც ჯერ კიდევ გამოუკვლეველია, ალაზან-ბედენური კულტურის მხოლოდ ნიშნებია ფიქსირებული. მაგრამ ამ მხარეში შესწავლილი მრავალი სამარხეული კომპლექსი საშუალებას იძლევა ამ კულტურის დამახასიათებელ ნიშნებზე საკმაოდ დაბეჯითებით ვისაუბროთ. ამ სამარხთა შორის ძალიან ბევრია განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ინდივიდუალური, ელიტური გორასამარხები, ხის მორებით ნაგები გრანდიოზული დასაკრძალავი დარბაზებით. დარბაზებში ხის ოთხთვალა ურმებზე კრემაციაქმნილი მიცვალებულების ჭილოფში გახვეული ფერფლია დაკრძალული. მრავალ არტეფაქტთან ერთად სამარხებში განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა ნატიფი ხელოვნებით დამზადებული თიხის ჭურჭელი, ვერცხლითა და ოქროთი ინკრუსტირებული ბრინჯაოს საბრძოლო იარაღი და ძვირფასი ლითონისგან ნაკეთები სამკაული. ძალიან ხშირია დასაკრძალავი დარბაზის გადახურვაზე და თვით დარბაზში ადამიანის მსხვერპლშეწირვა, რაც თანადროული საზოგადოების სოც.-ეკონომიკური დანაწევრების აშკარა მანიშნებელია.
ივრის ზეგანზე და მის ირგვლივ, მთისწინეთში, განსაკუთრებით მდიდარია ძვ. წ. II ათასწლ. პირველი ნახ. შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთის კულტურა როგორც ნამოსახლარებით, ისე სამარხეული ძეგლებით.
ივრის ზეგანზე, როგორც წესი, შუა და გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები შეწყვილებულია. ადრეული ძეგლები მდინარის ტერასებზეა განლაგებული, გვიან კი მთის თხემზე და მძლავრი საფორტიფიკაციო ნაგებობებით არის გამაგრებული. ამან, სამარხეული მასალების კვლევასთან ერთად, შესაძლებელი გახადა ამ ორი ეპოქის ერთიმეორესთან გენეტიკურად დაკავშირება და სამხრ. კავკასიის ცენტრ. ნაწილში კულტურის განვითარების უწყვეტი ჯაჭვისთვის თვალის გადევნება.
ივრის ზეგნის შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხარის დას. ნაწილში, დავითგარეჯის მრავალმთაში, აშკარად შეინიშნება თრიალეთური კულტურის თავისებურ მასალათა ჯგუფის არსებობა. იგი მოიცავს მიმდებარე მტკვრისპირეთს რუსთავის შემოგარენში, თბილისის აღმ. მონაკვეთს ლილოსთან, არაგვის მარჯვ. ნაპირს და დღევანდელი სომხეთის ჩრდ. ნაწილამდე (ლორიბერდი) აღწევს."
თრიალეთის კულტურის ეს ლოკალური ჯგუფი წარმოდგენილია ორმოიანი გორასამარხებით, რ-შიც უმეტესწილად მიცვალებული დაკრძალულია ოთხთვალა ხის ურემზე თრიალეთის კულტურისათვის ტიპური თიხის ჭურჭლით, ბრინჯაოს იარაღით და ოქროს სამკაულით, მაგრამ ყველა ამ კომპლექსს გამოარჩევს ბრინჯაოს გრძელი რაპირები, რ-ებიც მხოლოდ ამ მკვეთრად შემოსაზღვრული მხარის შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში გვხვდება.
აღმ. საქართველოს უძველესი კულტურის კვლევისას და მისი განვითარების საფეხურების დადგენისას საგანგებო ყურადღებას იქცევს გვიანდ. ბრინჯაოს ხანის მეორე საფეხურის, ძვ. წ. XIII ს. ძეგლები.
ამ დროს ცალკეულ ნაწილებად იშლება ერთიანი ცენტრალურამიერკავკასიური კულტურა. ერთი კულტურა ყალიბდება მტკვრის შუა დინებასა და მის სამხრ-ით თრიალეთის მთიანეთში, მეორე კი – იორ-ალაზნის აუზში (იხ. იორალაზნის აუზის კულტურა).
ამ პერიოდში ივრის ზეგანზე – დავითგარეჯის მრავალმთაში და დიდი შირაქის პლატოზე ჩნდება ისეთი არქეოლ. ძეგლები, რ-თა მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ აქ ადრეული ცივილიზაციების ჩამოყალიბება.
დავითგარეჯის მრავალმთაში აეროფოტოგადაღებების დეშიფრაციის შედეგად ამ დროის ნაქალაქარების მთელი სისტემა აღმოჩნდა. ისინი, როგორც წესი, განთავსებულია სახნავ-სათეს ველებთან ან რკინის მადნის გამოვლინებებთან და მათ გადამამუშავებელ სახელოსნოებთან. ყველა მათგანი ერთნაირი გეგმარებისაა. ნაქალაქარი მთის თხემზე გალავნებით და თავდაცვითი თხრილებით გარშემოვლებული ციტადელია, მთის ფერდზე კი – ტერასებად განლაგებული საცხოვრებელი კვარტლები, რ-ებიც ასევე კარგად არის დაცული საფორტიფიკაციო ნაგებობით. მათგან ზოგიერთი წინასწარ შედგენილი პროექტით, რეგულარული გეგმარებით არის განაშენიანებული. ყველა ეს ძეგლი ძვ. წ. II ათასწლ. დასასრულის და ძვ. წ. I ათასწლ. დასაწყისის ქრონოლ. ჩარჩოებში თავსდება. შემდგომ კი დავითგარეჯის მრავალმთა, შესაძლოა რაღაც კატასტროფის შედეგად, უკაცრიელდება, ამ მხარეში ადრექრისტიანული სამონასტრო კომპლექსების დაარსებამდე.
დავითგარეჯის მრავალმთაში ყველაზე დიდი ქალაქური დასახლებაა „ნაომარი გორის" კომპლექსი. იგი მთის თხემზე, სიგრძივ 1 კმ მანძილზე, სამ ბორცვზეა განაშენიანებული და ცენტრ. ადგილი უკავია ირგვლივ განლაგებულ მცირე დასახლებებს შორის. ქალაქი კარგად დახელოვნებული პროფესიონალი ხუროთმოძღვრის მიერ წინასწარ შემუშავებული პროექტით რეგულარული გეგმარებით არის ერთდროულად განაშენიანებული, ყოველგვარი გვიანი, პროექტთან შეუთავსებელი მინაშენის გარეშე.
ქალაქის მთელი გეგმარება მისადაგებულია რელიეფთან. რთული და დახვეწილი საინჟინრო ნაგებობაა ქალაქის წყალმომარაგების საიდუმლო სისტემა, რ-იც ქვის ფილებით ნაგები 900 მ-ის სიგრძის გვირაბს წარმოადგენს ქვით ამოყვანილი მოზრდილი წყალსაცავით. ქალაქის დას. ნაწილში დიდი ციტადელია, რ-იც ოთხი კოშკებიანი გალავნით არის დაცული. თითოეული გალავანი 4–5 მ სიგანისაა. ციტადელის შიდა, პირველი გალავნით შემოსაზღვრულ არეში მხოლოდ საკულტო ნაგებობებია. პირველ და მეორე გალავანს შორის ელიტური, შესაძლოა, ქურუმთა საცხოვრებელი სათავსოებია, გარე, მესამე და მეოთხე გალავნები კი ციტადელის ირგვლივ ტერასულად არის განლაგებული და თავდაცვით ფუნქციას ასრულებს. ციტადელის ზედა, ძვ. წ. XII–IX სს. ნაგებობების ქვეშ აღმოჩნდა ძვ. წ. XIII ს. გალავანი, რ-იც კარგად დაკუთხული ქვის ბლოკებით არის ნაგები. ციტადელის ქვედა გალავნის თანადროული სამოსახლოების მთელი სისტემა ტერასებად არის განლაგებული „ნაომარი გორის" ბორცვის სამხრ. ფერდზე.
„ნაომარი გორის" ძვ. წ. XII–IX სს. სამოსახლო კვარტალში, რ-იც სიგრძივ ბორცვის თხემს გასდევს, ერთი ქუჩის ორ მხარეს განლაგებული განსაკუთრებით დიდი ზომის სიმეტრიული შენობებია. ქალაქის ამ ნაწილის სამხრ.-აღმ-ით, მთის ფერდზე მისი თანადროული, დიდი ქვით ნაგები ორგანყოფილებიანი მიწისზედა სამარხი ნაგებობებია.
ყურადღებას იქცევს ნაქალაქარის ჩრდ-ით, დაახლ. 1 კმ მანძილზე, თავბრტყელ ბორცვზე დიდი ოთხკუთხა, როგორც ჩანს, საკულტო ნაგებობა. იგი აეროფოტო და გეომაგნიტური ანაზომების მიხედვით ახლო პარალელებს პოულობს ხეთური ტაძრების გეგმარებასთან.
სატელიტური გადაღებების დეშიფრაციის შედეგად პალეოურბა ნული დიდი დასახლებები აღმოჩნდა ივრის ზეგნის აღმ. ნაწილშიც, შირაქის პლატოზე. მ. შ. ყველაზე უკეთაა გადარჩენილი დიდი ქალაქის ნაშთები ადგილ „დიდნაურში".
შირაქის ველის პალეოგარემოს კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აქ ამ ქალაქის არსებობის პერიოდში სამი წყალუხვი მდინარე მოედინებოდა დას. მთიანეთიდან აღმ-ის მიმართულებით – „დიდრუი", „ჩალიანხევი" და „დიდნაური (დიდნარუალი)". ქალაქი ამ უკანასკნელ ორ მდინარეს შორის მდებარეობდა და 15 ჰა ფართობზე იყო განფენილი. ქალაქის ოთხკუთხა ფართობს მძლავრი გალავანი იცავდა, რ-ის სიგანეა 7 მ, სიმაღლე დაახლ. 15 მ. გალავნის კონსტრუქცია ტიპურია ამ მხარის გვიანდ. ბრინჯაო-რკინის ხანის საფორტიფიკაციო ნაგებობებისთვის.
გალავანს ირგვლივ, 1,5 კმ მანძილზე, 20 მ სიგანისა და 4 მ სიღრმის, ფსკერისკენ შევიწროებული თავდაცვითი თხრილი აქვს შემოვლებული. მის გასაყვანად დაახლ. 70000 მ³ მკვრივი დედაქანია ამოღებული, რ-იც, როგორც ჩანს, გალავნის მშენებლობის დროს არის გამოყენებული. მრავალი მინიშნება არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ ქალაქი მძლავრი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ქალაქის შიდა ტერიტორიაზე სულ მცირე ფართობია არქეოლოგიურად გამოკვლეული, მაგრამ შედეგი მნიშვნელოვანია, რადგან აღმოჩნდა ქვის საძირკველზე ხის 3 და თიხით ნაგები დიდი შენობები კარგად დაგეგმარებული მოედნებისა და ქუჩების გასწვრივ, რ-ებიც წვრილი კენჭების, საკმაოდ სქელი ფენით არის მოგებული. ქალაქის ტერიტორიაზე მონაპოვარი დიდძალი ბრინჯაოსა და თიხის ნაკეთობები მის თარიღს ძვ. წ. XIII ს-ით განსაზღვრავს, რასაც ქალაქის სამაროვანზე მოპოვებული კომპლექსებიც გვიზუსტებს. მნიშვნელოვანია, რომ სამაროვანზე რიგით ორმოსამარხთა შორის აღმოჩნდა ელიტური, გვირგვინოსანი სამხ. პირის სამარხიც.
შირაქის ველზე, „დიდნაურის" ნაქალაქარის გარდა, სატელიტური გადაღებების დეშიფრაციის დახმარებით მიკვლეულია მსგავსი გეგმარების კიდევ ორი დასახლება.
ამგვარად, როგორც ჩანს, ძვ. წ. II ათასწლ. დასასრულს, ივრის ზეგანზე – შირაქის პლატოზე და დავითგარეჯის მრავალმთაში გამოვლენილი ნაქალაქარები და მათი თანამდევი მცირე დასახლებები წარმოადგენს სოც.-ეკონ. და პოლიტ. საერთო ინტერესების საფუძველზე ჩამოყალიბებულ მცირე გაერთიანებებს – შესაძლოა, ქალაქ-სახელმწიფოებს.
შემდგომ, არქეოლ. მასალის მიხედვით, ივრის ზეგანი აქემენიდური იმპერიის მძლავრი ზეგავლენის სფეროში ექცევა, მომდევნო, ძვ. წ. I ათასწლ. დასასრულს კი ეს მხარე აშკარად შიდა ქართლის სამყაროს განუყოფელ ნაწილად გვევლინება.
ლიტ.: ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV–VII სს.), თბ., 1973; მ ი ს ი ვ ე, უდაბნოს არქეოლოგიური შესწავლის ძირითადი შედეგები და პერსპექტივები, კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, თბ., 2001; მ ი ს ი ვ ე, ცენტრალურამიერკავკასიური არქეოლოგიური კულტურა ძვ. წ. XIV–XIII სს., თბ., 2004; მ ი ს ი ვ ე, დასაშვებია თუ არა სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. II–I ათასწლეულების არქეოლოგიურ კულტურათა ეთნიზაცია, წგ.: კავკასია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, თბ., 2012; Бугианишвили Т. В., Палеологические памятники Иоро-Алазанского бассейна, «Экспедиции», т. 1, Тб., 1969; В а р а з а ш в и л и В., Раннеземледельческая культура Иоро-Алазанского бассейна, Тб., 1992; O r t h m a n n W., Der Kurgan „Tetri Kwebi I“, «Georgia – Zeitschrift für Kultur und Geschichte Georgiens und Kaukasus», Heft 15, Konstanz, 1992; მისივე, Burial mound of Bakurtsikhe (Central Transcaucasia, Valley of Alazani); kavkasiur-axloaRmosavluri krebuli, Tb., 2001; მისივე, South Caucasian. Ancient Civilization in Gareji Desert (Udabno), «Festschrift für Manfred Korfmann Mauerschau, Bd. 2, Remshalden-Grumbach, 2002.
კ. ფიცხელაური