იზი (Izzi) სელეიმან ეფენდი (გ. 1755), ოსმალო ისტორიკოსი და პოეტი. ორჯერ, 1743 და 1746, ეკავა სულთნის კარზე ოფიც. ჟამთააღმწერლის („ვაკა-ი ნუვისი") თანამდებობა.
მისი ორტომიანი ისტორია მოიცავს 1730–50 ამბებს. თხზულებაში საყურადღებო ცნობებია დაცული სამხრ. კავკასიის ქვეყნების ისტორიისათვის. ი. საგანგებოდ აღწერს ირანის საშინაო მდგომარეობას ამ პერიოდში, ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ შექმნილ ვითარებას, ტახტისათვის გამართულ ბრძოლას, რ-შიც, მისი თქმით, მონაწილეობდა „თბილისის ხანი თეიმურაზი". თეიმურაზი თავს დაესხა სპარსელებს და დაიკავა „ერევანი, განჯა და თბილისი", მაგრამ ლეკების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.
ლიტ.: შ ე ნ გ ე ლ ი ა ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.
ნ. შენგელია