ითითალა

ითითალა, სოფელი საინგილოში (აზერბაიჯანის რესპ. ბელაქნის რ-ნი). ი. დააარსეს ალიაბადის მცხოვრებლებმა 1860–63. ახლად შერჩეულ მიწაზე დასახლება დაიწყეს ინგილოებმა და „ითითალა" დაარქვეს. უვარგისი მიწების გამო ზოგიერთი მოსახლე უკანვე დაბრუნდა ალიაბადში.

სტა­ტისტ. ცნობის მიხედვით, 1872 ი-ში მხო­ლოდ 36 კომლი იყო, 1886 აღწერით – 68 (362 სული). 1980 მითითებულია 1370 სული, ხოლო ბოლო დროის მონაცემებით ითვლიან 700 კომლს. ცხოვრობენ მაჰმადიანი ინგილოები, სუნიტები.

სოფელში მცხოვრები საგვარეულოებიდან აღსანიშნავია: ზუბეილანები (ზუბეი­შვილი), თარავალანები (თარვალი­შვილი), კაწანები (კაწა­შვილი), მატონები (მატო­­შვილი), ჯინდრიანები (ჯინდრი­­შვილი), შაპანები (შაპა­შვილი) და სხვ.

ალიაბადელების მიერ სხვა­დასხვა ადგილას დაარსებულ დასახლებებს შორის ი. ბელაქნის რ-ნში ერთადერთია, რ-მაც დღემდე შეინარჩუნა ქართ. ენა და ქართ. სკოლა.

ისტ. ძეგლებიდან ყურადსაღებია თამარის ციხე – „ფერი ყალა", რ-იც მდებარეობს ბელაქნის რ-ნში, ლაგოდეხ–შაქის მთავარი გზიდან დაახლ. 4–5 კმ-ის დაშორებით მდ. ბელაქნის­წყლის ხეობაში. ბელაქნის ჩრდ-ით, მაღალი მთის კალ­თაზე უძველესი ნაგებობის ნანგრევებია, რ-საც „წერეთელ თახთს" (წერეთლის ტახტი) ეძახიან.

ლიტ.: ა დ ა მ ი ა  ი., ქართული ხალხუ­რი ხუროთმოძღვრება (საინგილო), თბ., 1979; ბ უ რ ჯ ა ე ვ ი  თ. და სხვ., ინგილოდ წოდებულ ქართველთა ტრაგედია, თბ., 2001; ჯ ა ნ ა ­შ ვ ი ლ ი  მ., საინგილო, თბ., 1910 (კანზე – 1913).

ა. ასრათოვი (ომარა­შვილი)