ითონიშვილი ვალერიან ჯამბულის ძე (დ. 25. X. 1925, სოფ. ყანობი, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), ეთნოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1978).
1953 დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. 1957–63 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმში, ხოლო 1963-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში. 1972-იდან არის ამავე ინ-ტის დირექციასთან არსებული სამეცნ. საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს წევრი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ცენტრ. კავკასიის მთიელთა საოჯახო ყოფის თემაზე, რ-შიც შესწავლილია ვეინახების (ჩაჩნებისა და ინგუშების), ოსებისა და ქართველ მთიელთა ოჯახის სტრუქტურა, საოჯახო ურთიერთობის ფორმები და ტრადიციები. 1981– 2006 იყო სოციალურ ურთიერთობათა შესწავლის საქართვ. ეთნოგრაფიის განყ-ბის უფროსი.
ი. ლექციებს კითხულობდა თსუში, რეგულარულად ხელმძღვანელობდა ეთნოგრ. ექსპედიციებს მთიულეთ-გუდამაყარში, ფშავ-ხევსურეთში, ერწო-თიანეთში, ქსნისა და ლიახვის ხეობებში, ჩაჩნეთ-ინგუშეთსა და ოსეთში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მ. შ. წიგნების სახით – ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, თ. სახოკიას, გ. ბოჭორიძის, ს. ჯანაშიას და სხვათა ღვაწლის ამსახველი გამოცემები ქართულ ეთნოგრაფიაში. 2003 მიენიჭა ა. ყაზბეგის პრემია.
თხზ.: ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1960; ცენტრალური კავკასიის მთიელების საოჯახო ყოფა, თბ., 1969; ხევის ტოპონიმიკა, თბ., 1971; კავკასიის ხალხთა საოჯახო ყოფა, თბ., 1977; სიმონ ჯანაშიას ღვაწლი ქართულ ეთნოგრაფიაში, თბ., 1991.
ხ. იოსელიანი