იკონოგრაფია (ბერძნ. eikōn – გამოსახულება, სახე და graphō – ვწერ, ვხაზავ, ვხატავ), სახვით ხელოვნებაში პერსონაჟების ან სიუჟეტური სცენების გამოსახვის მტკიცედ დადგენილი სისტემა. იკონოგრაფიული სისტემები წარმოიშვა ძვ. მსოფლიოს ხელოვნების რელიგ. კულტთან და რიტუალთან კავშირის შედეგად. მისი კანონების დაცვა აუცილებელი იყო პერსონაჟის ან სცენის იოლად გამოსაცნობად და გაბატონებულ თეოლ. კონცეფციასთან შესათანხმებლად (ღვთისმშობლის, მაცხოვრის, დღესასწაულების ი-ები – ქრისტ. ხელოვნებაში, ბუდასი – ბუდისტურ ხელოვნებაში და სხვ.). დროთა განმავლობაში, ხელოვნების ახ. შინაარსით გამდიდრებასთან ერთად, იკონოგრაფიული სქემები თანდათან იცვლებოდა. აღორძინების ხანის ევროპაში რეალიზმის განვითარებამ და მხატვართა შემოქმედებითმა ინდივიდუალობამ განაპირობა იკონოგრაფიული სქემების თავისუფალი გადაწყვეტა.
ხელოვნებათმცოდნეობაში ი. ნიშნავს ხატების ტიპოლოგიური ნიშნებისა და სქემების აღწერასა და სისტემატიზაციას. იკონოგრაფიული მეთოდი წარმოიშვა XIX ს. 40-იან წლებში საფრანგეთსა და გერმანიაში შუა საუკუნეების ხელოვნების, მისი წყაროების რელიგიასთან და ლიტ-რასთან კავშირის შესასწავლად.
საქართველოში შუა საუკუნეების ხელოვნების იკონოგრაფიული კვლევის პიონერია ნ. კონდაკოვი. თავისი იკონოგრაფიული მეთოდის დამკვიდრებასა და განვითარებაში გ. მილემ გამოიყენა ქართ. ქრისტ. ხელოვნების ძეგლები, ასევე ქართ. ხელოვნების ძეგლებს იყენებდნენ ი. პოკროვსკი, დ. აინალოვი, ვ. ლაზარევი, გ. ალპატოვი, ვ. ბარტოლდი და სხვა მკვლევრები. საქართველოში ეს მეთოდი დანერგეს შ. ამირანაშვილმა, დ. გორდეევმა, მას წარმატებით იყენებდნენ გ. ჩუბინაშვილი, თ. ვირსალაძე, ე. პრივალოვა და სხვ. კვლევის იკონოგრაფიული მეთოდი გამოიყენება ისტ.-მხატვრული ანალიზის მეთოდთან ერთად. იგი გვეხმარება ხელოვნების შინაარსის, ფორმის, მხატვრული დონის, ეროვნულობის, ეპოქის ზუსტად დადგენაში.