ილია ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (2. IX. 1790, თბილისი, – 18. VII. 1854, მოსკოვი), მეფე გიორგი XII-ის ძე.
1808 დედასთან, დედოფალ მარიამთან ერთად ადმ. წესით რუსეთში გადაასახლეს. ცხოვრობდა მოსკოვში. აქ 1844 ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ინგლ. ფილოსოფოსის ს. კლარკის (1675–1729) მიმოწერა გერმ. ფილოსოფოს გ. ლაიბნიცთან (1646–1716): „ბაასი ორთა უჩინებულესთა ფილოსოფთა ევროპიისათა კლარკ და ლეიბნიცისა". ი. ბ. რუს. არმიის რიგებში მსახურობდა და ლაიბ-ეგერთა პოლკის ოფიცრად ირიცხებოდა. მონაწილეობდა ნაპოლეონის წინააღმდეგ ომში, თავი გამოიჩინა ბოროდინოს ბრძოლაში. „ესე დაესწრა დიდსა ბრძოლაში ბოროდინოს და აღმოჩნდა სახელოვნად" – წერს მასზე ბაგრატ ბატონიშვილი.
ლიტ.: ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი ა., ქართველი ბატონიშვილების საოჯახო იუმორიდან, «სტალინირის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები», 1959, ტ. 7; ანთელავა ი., ქართველები 1812 წლის სამამულო ომში, თბ., 1984; Орбели Р. Р., Грузинские рукописи Института востоковедения АН СССР, в. 1, М. – Л., 1956.
ა. ბარამიძე