ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მრავალფუნქციური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება. დაფუძნდა 2006 განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე ინ-ტებისა და დაწესებულებების გაერთიანების შედეგად. 2006-იდან 2011-მდე მის შემადგენლობაში შევიდა ი. ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახელმწ. უნ-ტი, ს.-ს. ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. უნ-ტი, ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკადემია, დ. გურამიშვილის პედ. კოლეჯი, ი. გოგებაშვილის პედ. კვლევითი ინ-ტი, ე. ხარაძის სახ. აბასთუმნის ეროვნ. ასტროფიზიკური ობსერვატორია, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი, ზოოლოგიის, ბოტანიკის, გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის, პოლიტოლოგიის, დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის და ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტები. ამჟამად ი. ს. უ. ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმან. დაწესებულებაა საქართველოში, რ-საც თბილისში აქვს 11 სასწ. კორპუსი. 2016 მონაცემებით, ი. ს. უ. 252 პროფესორსა და 520 მკვლევარს, 18 ემერიტუს-პროფესორსა და 14 560 სტუდენტს აერთიანებს.
2017-ისთვის ი. ს. უ-ის შემადგენლობაშია შემდეგი ინ-ტები და კვლევითი ცენტრები: ადიქტოლოგიის, გამოყენებითი ფიზიკის, თეორიული ფიზიკის, გამოყენებითი ფსიქოლოგიის და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინ-ტები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, ზოოლოგიისა და ეკოლოგიის ინ-ტები, ენტომოლოგიის და ბიოკონტროლის კვლევითი ცენტრი, ლინგვისტურ კვლევათა ინ-ტი, კავკასიის კვლევის საერთაშ. სკოლა, სოც. და კულტურის კვლევების ინ-ტი, ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინ-ტი, ქიმიური ბიოლოგიისა და შედარებითი ლიტ-რის ინ-ტები, ძილღვიძილის შემსწავლელი თ. ონიანის ლაბორატორია, მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, ხელოვნების სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, აღმოსავლეთმცოდნეობის, პოლიტოლოგიის, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ინ-ტები, მიკრობების გენეტიკისა და ბიოტექნოლოგიის ინ-ტი, ბიოფიზიკის ინ-ტი, ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლა, ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინ-ტი.
ამჟამად უნ-ტში მოქმედებს 2 სკოლა და 2 ფაკ-ტი; 50-მდე საბაკალავრო და 40-მდე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა; 30-მდე კვლევითი ინ-ტი და ცენტრი; სასწ. და სამეცნ. ბაზები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; მრავალფეროვანი ფონდითა და მდიდარი ელექტრონული რესურსებით აღჭურვილი ბ-კა; წიგნის სახლი „ლიგამუსი"; გამომცემლობა და სტამბა; თეატრი; მუსიკის ცენტრი.
ი. ს. უ-ში მოქმედებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პროფ. და სასერტიფიკატო პროგრამები.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკ-ტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულებაა, სადაც 4 საფეხურზე (პროფესიული, საბაკალავრო, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ხორციელდება სწავლება (ლიტერატურა, ხელოვნება, უცხო ენები, ისტორია, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული პროცესები, ტრადიციები და სხვ.).
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკ-ტი აძლევს სტუდენტებს ინტერდისციპლინარული განათლების მიღების საშუალებას. ფაკ-ტს აქვს დიდი მატერ. ბაზა, რ-იც გამოიყენება სამეცნ. კვლევებისა და ტექნიკური მომზადებისთვის; საველე კვლევითი ბაზები; აბასთუმნის ობსერვატორია; სახელოსნოები; დნმლაბორატორია, სადაც ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების გენებს შეისწავლიან; მიმდინარეობს შავი ზღვის ფაუნის, ფლორისა და გეოლოგიის კვლევები.
ბიზნესის სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს სპეციალისტებს, რ-ებიც წარმატებით შეძლებენ ადმინისტრირების და სამეცნ.-კვლ. საქმიანობის განხორციელებას როგორც ადგილ., ისე საერთაშ. მასშტაბით.
სამართლის სკოლა უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის სამართ. საკითხების გაგების, გაანალიზებისა და მიღებული ცოდნის პრაქტ. გამოყენების სწავლებას, ამზადებს თეორ. ცოდნით და პრაქტ. უნარ-ჩვევებით აღჭურვილ, ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების მქონე იურისტებს. სტუდენტს მიეწოდება სპეც. ცოდნა სამართლის რაობის, მეთოდებისა და ისტორიის, საჯარო სამართლის, კერძო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთაშ. სამართლის სპეციალიზაციათა სასწ. დისციპლინების ფარგლებში. სტუდენტები მონაწილეობენ როგორც კვლევით, ისე პრაქტ. საქმიანობაში.
ი. ს. უ-ში მოქმედებს სან-დიეგოს სახელმწ. უნ-ტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები, რ-ებიც საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექ. დარგების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უწყობს ხელს. სანდიეგოს უნ-ტი ამზადებს სტუდენტებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ დარგებში. პროგრამისთვის განკუთვნილი აუდიტორიები, საინჟინრო და სამეცნ. ლაბორატორიები და კომპიუტერული ცენტრი შექმნილია იმავე კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად და იმავე ტექნოლოგიების უზრუნველსაყოფად, რ-ებიც გამოიყენება სან-დიეგოს სახელმწ. უნ-ტში, აშშ-ში. კურსებს უძღვებიან SDSU-ის ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლები. SDSU-საქართველო ი. ს. უ-სთან თანამშრომლობით აბიტურიენტებს სთავაზობს ელექტრული ინჟინერიისა და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამებს.
ი. ს. უ. არაერთი საერთაშ. ასოციაციისა და ქსელის წევრია. ამავე დროს მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლებისა და კვლევების მიმართულებით ის აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ირლანდიის, შვედეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, უკრაინის, კვიპროსის, თურქეთის, ჩინეთის, ტანზანიის უნ-ტებთან და კვლევით ცენტრებთან.
მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, ი. ს. უ. მხარს უჭერს და ახორციელებს შემდეგ პროექტებს: სამეცნ. პიკნიკი, სამეცნ. კაფე, ბიზნესინკუბატორი, მომავლის სამრეწვ. ინოვაციების ლაბორატორია – `ფაბლაბი" და კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვაციების ლაბორატორია – "გეიმლაბი".
ი. ს. უ-ის საპატიო დოქტორები არიან ლ. კვაჭაძე, ხოსე მარია ასნარ ლოპესი, პ. ჰიკი, ვ. ბუკოვსკი, ვ. ნოვოდვორსკაია, ანა იზაბელ დე პალაციო ი დელ ვალე-ლურსუნდი, კ. გინზბურგი, ვ. ლანდსბერგისი, მარი ან ისლერ ბეგინი, ვ. ჰაველი, ი. სერაგელდინი, ა. კვიტაშვილი, ქ. კერნერი, რ. საფრანსკი, იოსიჰირო ფრენსის ფუკუიამა, ე. ჯენსენი, გ. მარგველაშვილი, თ. ჰოიზერმანი, ნ. კლეიმანი, ლ. დაიმონდი, ს. კრასნერი, ვ. ბაბეკი, ზ. ვაიგელი, ფ. ეგერი, ჯ. ი. სკანლონი, ჰ. უ. გუმბრეხტი.
ი. ს. უ-ის მმართველობის ორგანოებია აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. უნ-ტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკად. საბჭო, რ-ის თავმჯდომარეა უნ-ტის რექტორი.