ილიუხინის სახელობის უფსკრული, კარსტული მღვიმე გაგრის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), არაბიკის კირქვულ მასივზე, მდ. ჟოეკვარის ტროგული ხეობის ზემოწელში, ზ. დ. 2300 მ სიმაღლეზე. მორფომეტრიული მონაცემებით შედის საქართვ. 1000 მ-ზე ღრმა კარსტული უფსკრულების პირველ ათეულში.
მღვიმის ზედა ნაწილი გამომუშავებულია ზედაიურულ კირქვებში. უფსკრულის სიღრმე 1275 მ-მდეა, საპროექტო სიგრძე 5890 მ, საერთო მოცულობა 34000 მ³.
უფსკრული ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებული ორი ჩასასვლელით („პეროვსკაია" და „ვოლჩია") იწყება, 220 მ სიღრმეზე ოთხად იტოტება, შემდეგ სამი მათგანი ნაზვავით იხშობა, ხოლო ძირითადი მაგისტრალი 1240 მ-ზე სიფონური ტბით მთავრდება. უფსკრულის შორეულ ნაწილში არის დარბაზი, რ-ის სიგრძეა 250 მ, სიგანე – 80 მ, სიმაღლე – 270 მ.
ცალკეულ დარბაზში ჭარბადაა მძლავრი კალციტოვანი ქერქის ნამტვრევები. მღვიმეში უხვადაა სიფონური მონაკვეთები. 1984 ექსპერიმენტით დადასტურდა უფსკრულში გამდინარე ნაკადის კავშირი კარსტულ მდ. რეპრუასთან (გაგრის მუნიციპალიტეტი).
„პეროვსკაიას" ჩასასვლელი მიკვლეულია საქართვ. მეცნ. აკად. სპელეოლოგიური საბჭოს (ხელმძღვ. თ. კიკნაძე) და მოსკ. საქალაქო სპელეოსექციის (ვ. ილიუხინი) გაერთ. ექსპედიციის მიერ 1980 წელს.
ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.