ილტოს არქეოლოგიური ძეგლები, ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ანტ. ხანის სამარხები ქ. ახმეტის დას-ით 4 კმ-ზე, მდ. ილტოს მარცხ. ნაპირას. გაითხარა 1965–67 (ხელმძღვ. შ. დედაბრიშვილი).
ნამოსახლარი მთის ფერდობზე ტერასებად იყო განლაგებული. არქეოლოგიურად შესწავლილია 4 კულტ. ფენა.
I ფენა ადრინდ. ბრინჯაოს ხანისაა. მასში აღმოჩნდა გეგმით სწორკუთხა, თიხატკეპნილიატაკიანი ნაგებობების ნაშთები, სამეურნეო დანიშნულების ორმოები და ამავე პერიოდის რამდენიმე ორმოსამარხი. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ თიხის ჭურჭელი.
II ფენა შეიცავდა ადრინდ. ბრინჯაოსა და შუა ბრინჯაოს ხანის ნაშთებს.
III ფენაში იყო მხოლოდ შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკა.
I–III ფენები ძვ. წ. III ათასწლ. II ნახ. – III და II ათასწლ. მიჯნით თარიღდება. ამ დროს ნამოსახლარი მნიშვნელოვან დასახლ. პუნქტს წარმოადგენდა.
ზედა, IV ფენა შეიცავდა ერთმანეთში შერეულ სხვადასხვა დროის (ადრინდ. და შუა ბრინჯაოს, ადრინდ. რკინის, ანტ. და ფეოდ. ხანის) კერამიკას. აღმოჩენილი ჭურჭელი 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: 1. მოყავისფრო ან მურა ფერის მრავალრიცხოვანი სამზარეულო, უხეშად ნაძერწი ჭურჭელი; 2. სუფრის ან პირადული სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების ჭურჭელი. ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მასალა ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურის სფეროს განეკუთვნება, შუა ბრინჯაოს ხანის მასალა კი თრიალეთის კულტურის მასალის მსგავსია.
აქვე გამოვლინდა კენოტაფი, რ-იც შუა ბრინჯაოდან გვიანდ. ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალ ეტაპს ეკუთვნის. გათხრილია აგრეთვე გვიანდ. ბრინჯაოს ადრეული საფეხურისა და გვიანდ. ანტ. ხანის ორმოსამარხები. მიცვალებულები ესვენენ გვერდზე, ხელფეხმოკეცილნი. ჩატანებული ჰქონდათ თიხის ჭურჭელი, ანტ. ხანის სამარხებში – ბრინჯაოს სამკაულიც.
ლიტ.: Дедабришвили Ш. Ш., Памятники эпохи ранней и средней бронзы, Труды Кахетинской археологической экспедиции, т. 1, Тб., 1969.
ე. გოგაძე
შ. დედაბრიშვილი