იმამყული-ხანი

იმამყული-ხანი (XVI ს. უკანასკნელი მეოთხედი, – 1633), ირანის ჯარის ყულარაღასი, გამოჩენილი სარდალი. ქარ­თვე­ლი, ალავერდი-ხან უნდილაძის ­შვი­ლი (პიეტრო დელა ვალეს ცნობით იგი დედითაც ქარ­თვე­ლი იყო). ირი­ცხე­ბო­და უმაღლეს ამირათა რიგებში. მისი მეთაურობით ირანელებმა კ. ჰორმუზიდან განდევნეს პორტუგალიელები და დაიპყრეს ბაჰრეინისა და ლარის მხა­რე (1623).

ი.-ხ-მა ირანში დიდი საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა (გაიყვანა გზები, არხები, ააგო ხი­დები, ფუნდუკები, კაშხლები). იგი ძალზე გონიერი და მწიგნობარი კაცი იყო, აინტერესებდა პლა­ტონისა და არისტოტელეს თხზუ­ლე­ბანი, არაბულ ენაზე კითხულობდა ბიბლიას. დანათესავებული იყო ­ქართვ. ფეოდალებთან ირანსა და სა­ქარ­თვე­ლო­ში (მისი ერთი ქალი­შვი­ლი, ანდუყაფარ ამილახორის ცოლი, საქარ­თვე­ლო­ში ცხოვრობდა, მეორე დაუდ-ბეგ გურჯიზე იყო გათხოვილი, ხოლო მესამე ალიყული-ბეგს, როსტომ-ხან სააკაძის ძმას ჰყავდა ცოლად).

ი.-ხ-ის შე­სა­ხებ საინტერესო ცნო­ბებს გვაწვდის სპარს., ქართ. და ევრ. წყა­რო­ე­ბი. პი­ეტრო დელა ვალე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ი.-ხ. მფარველობდა ქეთევან დედოფალს, ლუარსაბ II-ს, თეიმურაზ I-ის შვილებს, რომ მას ძალიან უყვარდა სა­ქარ­თვე­ლო. ბერი ეგნატა­შვი­ლის ცნობით, ი.- ხ. ცდილობდა ქეთევან დედოფლის გადარჩენას. მიუხედავად ბეგლარბეგობისა და ყულარაღასობისა, ი.-ხ-ს სა­ქარ­თვე­ლოს წინააღმდეგ ლაშქრობებში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მიუღია. მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე სპარსულად მხატვრული ნაწარმოებებიც კი დაიწერა („ჯანგნამეი ყეშმ", „ფარუხნამე"). მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ადგილი ეთმობა ი.-ხ-ის პიროვნებასა და მოღვაწეობას თეიმურაზ I-ის პოემაში „წამება ქეთევან დედოფლისა". შაჰ-აბას I-ის გარდაცვალების შემდეგ ი.-ხ-ის გავლენა ირანში თანდათანობით შესუსტდა, მას დაუპირისპირდა ­ქართვ. ბატონი­შვი­ლი ხოსრო-მირზა (როსტომი). ი.-ხ-ს დაბრალდა თავისი ძმის, დაუდხან უნდილაძის აჯანყებაში მო­ნაწი­ლე­ო­ბა და შაჰ-სეფი I-ის ბრძანე­ბით ი.-ხ. და მისი სამი ვაჟი სიკვდილით დასაჯეს.

წყა­რო: ისქანდერ მუნში, აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება. ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. სპარსული ტექსტის ქართ. თარგმანი და გამოც. ნ. გელა­შვი­ლისა, თბ., 1981.

ლიტ.: გაბაშვილი ვ., უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI–XVII სს. ირან­ში (ქართული წყა­რო­ე­ბის მიხედვით), კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ.] 2, თბ., 1972; კუცია კ., კავკასიური ელე­მენტი სეფიანთა ირანის პოლიტიკურ სარბიელზე, იქვე, [ტ.]1, თბ., 1963.

დ. კაციტაძე