იმერეთის აჯანყება

იმერეთის აჯანყება 1819–20, სახალხო აჯანყება რუსეთის ცარიზმის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ. იმერეთის რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ შეწყდა თურქთა თავდასხმები და შეიქმნა მშვიდობიანი განვითარების პირობები, მაგრამ გაჩნდა ბიუროკრ. აპარატი, გაი­ზარ­და სა­ხელმწ. გადასახადები და შრომითი ბეგარა, გაუარესდა სამართალწარმოება, ფესვი გაიდგა მექრთამეობამ. რუს. მთავრობამ მიზნად დაისახა გაეზარდა სახაზინო შემოსავალი, ამისათვის საჭიროდ მიიჩნია საეკლ. რეფორმების გატარება, რი­თაც გლეხთა საეკლ. გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ღონისძიებას უკმაყოფილოდ შეხვდა მოსახლეობის ყველა ფენა.

1819 ივლისში დაიწყო რეფორმების გატარება, რ-საც სა­თა­ვე­ში ჩაუდგა მიტროპოლიტი თეოფილაქტე. თავადაზნაურობამ მშვიდობიანი გზით სცადა რეფორმის შეჩერება, მაგრამ უშედეგოდ. აჯანყდა შორაპნის ოკრუგის მოსახლ. და რეფორმის გაუქმება მოითხოვა. ასევე აჯანყდა რაჭის მოსახლეობა. რეფორმის გასატარებლად გაგზავნილი მო­ხე­ლე­ები ხალხმა გურია-სამეგრელოში არ შეუშვა. მთავრობამ სასწრაფოდ გაგზავნა იმერეთ­ში ჯარის ნაწილები. 9 ივლისს თეოფილაქტე იძულებული გახდა თბილისს გამგზავრებულიყო. ამან მღელვარება შეანელა, მაგრამ როცა რუს. ხელისუფლებამ აჯანყების საქმის ძიება დაიწყო, მოსახლეობამ ­კვლავ იარაღს მოჰკიდა ხელი. იმერეთი აჯანყებამ მოიცვა, აჯანყებულთა ხელში იყო მთელი რაჭა. მოსახლეობა თავს ესხმოდა რუსთა რაზმებს, შეწყდა გადასახადების გადახდა. აჯანყებამ აამოძრავა ოსმალეთში მყო­ფი იმერელი ემიგ­რან­ტე­ბი; ფეოდალთა ნაწილმა განიზრახა, ესარგებლა შექმნილი მდგომარეობით და იმე­რეთ­ში ად­გილ. სამეფო ხელისუფლება აღედგინა. მათ მოიწვიეს ირანში მყო­ფი ალექსანდრე ბატონი­შვი­ლი (ერე­კლე II-ის ძე), მაგრამ მასთან მოლაპარაკება გაჭიანურდა. სა­ბო­ლო­ოდ არჩევანი სოლომონ I-ის ­შვი­ლიშვილ ივანე აბაშიძეზე შეჩერდა. რუს. მთავრობამ მისი დაპატიმრება გადაწყვიტა. აბაშიძე გურიაში გადავიდა და თავის ნათესავს, გურიის მთავრის ბიძას, ქაიხოსრო ბატონიშვილს შეაფარა თავი. ქაიხოსროს მხა­რეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი და დავით ზაალის ძე ერისთავი. რუს. მთავრობამ 1820 წ. 4 მარტს დააპატიმრა ექვთიმე გენათელი, დოსითეოს ქუთათელი, დარეჯან ბატონი­შვი­ლი, რამ­დენი­მე გავლენიანი თავადი და აზნა­უ­რი და მათი რუსეთში გაგზავნა გადაწყვიტა. ამას აჯანყების ახ. აღმავლობა მოჰყვა. აჯანყებას თანაუგრძნობდა გურია-სამეგრელოს მოსახლეობაც, მაგრამ რუს. სარდლობის მუქარამ დადიანი და გურიელი აიძულა მთავრობის მხარე დაეჭირათ. იმერეთის მმართველმა პოლკ. ი. პუზირევსკიმ ქაიხოსრო ბატონიშვილს ივანე აბაშიძის გაცემა მოსთხოვა. ქაიხოსრომ უარი განაცხადა. 1820 აპრილში გურიაში რაზმით შესული ი. პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. რუსთა რაზმმა უკან დაიხია. ქაიხოსრომ თურქეთს შეაფარა თავი. იმავე დროს აჯანყდა სამეგრელოს მოსახლეობაც მთავრის ძმის – გიორგი დადიანის მეთაურობით. რუს. სარდლობამ სამეგრელოში ჯარი შეიყვანა და აჯანყებულები დაამარცხა. გი­ორგი დადიანი აფხაზეთს შეეფა­რა. იმე­რეთ­ში რუსთა და­მატე­ბი­თი ძალები შეიყვანეს გენ. ა. ველიამინოვის სარდლობით. იმერეთის დამორჩილების შემდეგ, 21 მაისს, რუსთა ჯარმა კვარას ციხესთან დაამარცხა აჯანყებული რაჭველები და რაჭა მოარბია. დააპატიმრეს 70 კაცი, მათგან 10 ჩამოახრჩვეს, ნაწილი კი რუსეთს გადაასახლეს. ველიამინოვი დიდი რაზმით და არტილერიით გურიაში შევიდა. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა შემოქმედის ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო გრიგოლეთი, ნიგოზდიდი, გურიის საერისთავოს სიმაგრეები. აჯანყების მეთაურები ემიგრაციაში წავიდნენ. მრა­ვა­ლი აჯანყებული რუსეთს გადაასახლეს, მათი ქონება ხაზინას გადაეცა. ი. აბაშიძე, ქ. გურიელი, ვ. ბაგრატიონი და დ. ერისთავი ემიგრაციაში გარდაიცვალნენ. მომდევნო წლებში მათი ნათესავები და მომხრეები რუს. მთავრობას შეურიგდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ და ყმამა­მული დაიბრუნეს.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., სა­ქართვე­ლო XIX ს-ის პირველ მეოთხედში, წგ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; კაკაბაძე ს., სა­ქარ­თვე­ლოს ახალი ისტორია, თბ., 2011; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორია (ოთხ ტომად), მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, ტ. 4, თბ., 2012; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ხომერიკი მ., იმერეთის სამეფოს გაუქმება, იმერეთის 1819–1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები, თბ., 2012.

ქ. ჩხატარაი­შვი­ლი