იმერეთის დაბლობი, კოლხეთის დაბლობის აღმ. ნაწილი, მდ. ცხენისწყლის შესართავიდან (დას-ით) ქ. ზესტაფონამდე (აღმ-ით). ზ. დ. 15–150 მ, სიგრძე 65 კმ, მაქს. სიგანე 35 კმ.
ი. დ. ოდნავ დახრილი აკუმულაციური ვაკეა. აგებულია მეოთხეული ალუვიური ნაფენებით.
ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა 11,5 – 14,6°C, აბსოლ. მინ. –20°C, აბსოლ. მაქს. 42 °C. ნალექები 1300–1800 მმ წელიწადში.
ვაკე-დაბლობის ლანდშაფტში ჭარბობს კოლხ. მცენარეულობა ალუვიური და ეწერი ნიადაგებით. მცირე ფართობი უჭირავს მუხნარიან და ეწერ ნიადაგებიან ვაკე-დაბლობს, აგრეთვე ჭალებს, სადაც კოლხ. მდელო-ტყის მცენარეულობა და ალუვიური ნიადაგებია.
ლ. მარუაშვილი