იმერეთის მაღლობი, ზემო იმერეთის მაღლობი (პლატო), საქართველოს მთათაშორისი ბარის ამაღლებული ნაწილი ზესტაფონის, ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.
აღმ-ით და სამხრ-ით ესაზღვრება ლიხის ქედი, დას-ით – იმერეთის დაბლობი, ჩრდ-ით – რაჭის ქედი. გეოლოგიურად ემთხვევა ძირულის კრისტალურ მასივს, კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ნაოჭა ზონებს შორის მოქცეულ შუალედურ მასივს, რ-იც აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, კრისტალური ფიქლებით და ნაწილობრივ დაფარულია სუსტად დანაოჭებული მეზოკაინოზოური დანალექი ქანებით.
გეომორფოლოგიურად იყოფა ორ ძირითად ნაწილად: გაშიშვლებული კრისტალური სუბსტრატის არეში (სამხრ.-აღმ. ნაწილი) გაბატონებულია საშუალმთიანი ეროზიული რელიეფი (აბსოლ. სიმაღლე 1500 მ), ლიხის ქედის თხემზე, გედსამანიის ქედზე და სოფ. გეზრულის მიდამოებში შემორჩენილია ძვ. პენეპლენიზებული ზედაპირის ნაშთები. მეზო-კაინოზოური დანალექი წყებების არეში (ჩრდ. ნაწილი) განვითარებულია სუსტად დანაწევრებული პლატო კანიონისებრი ხეობებითა და კარსტით ზედაცარცულ კირქვებში (აქაა მღვიმეები – დევისხვრელი, ამაშუკეთი, ნიგოზეთი, გვარჯილის კლდე, მღვიმევი და სხვ., კარსტული ძაბრები, უწყლო ხეობები). პლატოზე ამართულია გორაძირის ორი ვულკ. კონუსი.
ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, იცის შედარებით ცივი და უხვნალექიანი ზამთარი.
მთავარი მდ-ებია: ყვირილა, ძირულა, ჩხერიმელა. გაშიშვლებული კრისტალური სუბსტრატის არეში გავრცელებულია კოლხ. ტიპის ფოთლოვანი ტყეები; დანალექი ქანებით აგებულ ნაწილში ტყე გაჩეხილია, შემორჩენილია მხოლოდ ხეობათა ციცაბო ფერდობებზე.
ი. მ-ზეა ქალაქები: ჭიათურა, საჩხერე, დაბა ხარაგაული.
ლ. მარუაშვილი