იმერეთის რეგიონი

იმერეთის რეგიონი, 2016-მდე იმერეთის მხარე (შეიქმნა 1994), ადმინისტრაციულ-ტერიტო­რიული ერთეული დასავლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ტერიტ. დიდი ნაწილი უჭირავს იმერეთის დაბლობს, იმერეთის მაღლობს და რაჭის, მესხეთის, ლიხის ქედების განშტოებებს. ჩრდ-ით ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, დას-ით და სამხრ.-დას-ით – გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აღმ-ით – შიდა ქართლის, სამხრ-ით – სამცხე-ჯა­ვა­ხეთის რეგიონები. ი. რ-ის ფართობია 6,4 ათ. კმ². მოსახლ. 533,9 ათ. კაცი (2014). ცენტრი – ქ. ქუთაისი.

რეგიონში არის 11 მუნიციპალი­ტეტი [ბაღდათის მუნიციპალი­ტეტი (იხ. ბაღდათის ­რაიონი), ვანის მუნიციპალიტეტი, ზეს­ტაფონის მუნიციპალიტეტი, თერჯო­ლის მუნიციპალიტეტი, სამტრე­­დი­ის მუნიციპალიტეტი, ­საჩხე­რის მუნიციპალიტეტი, ტყიბუ­ლის მუნი­ციპალიტეტი, წყალტუბოს მუნი­ციპალიტეტი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტი], 11 ქალაქი, აქედან 1– თვითმმართველი (ქუთაისი), 2 – დაბა (კულაში, ხარაგაული), 549 – სოფელი, 38 სათავო სოფელი, 125 – თემი.

ი. რ. ემთხვევა ისტ.-ეთნოგრ. მხა­რე იმერეთს. მოსახლ. 99,7% ქარ­თვე­ლია, ცხოვრობენ აგრეთვე რუსები, სომ­ხე­ბი, აზერბაიჯანელები და სხვ. საშ. სიმჭიდროვეა 83,2 კაცი 1 კმ²-ზე (2014).

მოსახლ. დიდი ნაწილი დასაქმებულია სოფ. მეურნეობაში. ოჯახური და სხვა ტიპის მეურნეობები სარგებლობენ 72101 ჰა სახნავი მიწით, მრავალწლიან ნარგავებს უჭირავს 12246 ჰა, ვენახებს – 8584 ჰა, ხეხილის ბაღებს – 2038 ჰა. მოჰყავთ სიმინდი, ლობიო, განვითარებულია მეხილეობა (ვაშლი, მსხალი, ატამი, თხილი, კაკალი და სხვ.), მევენახეობა, მებოსტნეობა, მებაღეობა, მეცხოველეობა (მესაქონლეობა, მეღორეობა, მეფრინველეობა. მეფუტკრეობა).

ი. რ. ქვეყნის მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი საკურორტო-რეკრეაციული რაიონია. მის ტერიტორიაზე არის სამკურნ. მინერ. და თერმ. წყლები (წყალტუბო, საირმე, ნუნისი და სხვ.).

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ბუნებრივი რესურსები, მთ. რედ. ირ. ჟორდანია, ტ. 1–2, თბ., 2015.

ე. ლოლუა