იმერეტინსკები, იმერეთის ბაგრატიონების სამეფო შტო. 1804 წელს მეფე სოლომონ II-მ ელაზნაურის შეთანხმების მე-2 პუნქტით იმერეთის ტახტის მემკვიდრედ (იმ შემთხვევაში თუ თავად მას ვაჟი არ შეეძინებოდა) წინამორბედი მეფის, დავით II-ის შვილი, კონსტანტინე ბატონიშვილი გამოაცხადა. 1810, სოლომონ მეფის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ, რუსეთის მთავრობამ კონსტანტინე ბატონიშვილი რუსეთში გადაასახლა. რუსეთის იმპერიის სახელმწ. საბჭოს 1804 წ. 12 სექტემბრის დადგენილებით და 1812 წ. 12 მარტის მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით ქართლ-კახეთის და იმერეთის მეფეების შვილები ინარჩუნებდნენ ბატონიშვილის წოდებას, მათი შთამომავლები კი, შესაბამისად, ატარებდნენ „ქართველი თავადის" (გრუზინსკი) და „იმერეთის თავადის" (ი.) წოდებას. კონსტანტინეს, როგორც მეფის შვილს, ბატონიშვილობა შეუნარჩუნეს, ხოლო მის შვილებს – კონსტანტინეს, ნიკოლოზსა და ალექსანდრეს (ვარშავის გენერალ-გუბერნატორი) – თავადი ი-ების წოდება დაუკანონეს, რაც შემდგომში მათ გვარად იქცა. 1865 მათ უგანათლებულესი თავადის ტიტული მიენიჭათ. მამრობითი ხაზით ამ შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი იყო გიორგი ი. (1900–78).
ლიტ.: ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ., 1980; მაჭარაძე ვ., ელაზნაურის ხელშეკრულება, „ქართული დიპლომატია", თბ., 2000; ხომერიკი მ., იმერეთის სამეფოს გაუქმება, იმერეთის 1819–1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები, თბ., 2012.