იმეროდელფისი (Imerodelphis Thabagarii Mchedlidze 1959), დელფინების (Delphinidae) ოჯახის წარმომადგენელი გვიანი მიოცენიდან (დაახლ. 11 მილიონი წლის წინანდელი დანალექი ქანებიდან).
ი-ის ბუნებრივ შესახსრებაში არსებული თითქმის სრული ჩონჩხი (არასრული თავის ქალა, ხერხემლის, ნეკნებისა და კიდურების ფრაგმენტები) ნაპოვნია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. კვალითში, მდ. ყვირილის მარცხ. ნაპირზე. ი. მომცრო ზომის დელფინია. სხეულის სიგრძე დაახლ. 140–150 სმ უნდა ყოფილიყო. მთელი რიგი მორფოლ. ნიშან-თვისებებით ი. განსხვავდება მისი თანამედროვე დელფინების სხვა სახეობებისაგან. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ზომის ქოანები, რ-ებიც სხვა ფორმებთან შედარებით საკმაოდ უკანაა გადაწეული. ეს, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ი. უკეთ იყო შეგუებული წყლის გარემოში ცხოვრებას და თავისუფლად შეეძლო ესუნთქა წყლის ზედაპირზე. ი. კვების ნირით მტაცებელი იყო. ნამარხი ნაშთები ცნობილია მხოლოდ სოფ. კვალითიდან.
ლიტ.: Мчедлидзе Г. А., Ископаемый дельфин Imerodelphis Thabagarii из сармата окрестностей Зестафони,«Сообщения АН Грузинской ССР», 1959, т. 33, вып. 6; მ ი ს ი ვ ე, Ископаемые китообразные Кавказа, Тб., 1964; მ ი ს ი ვ ე, Fossil Cetacea of the Caucasus, Wash., 1988 (D.C.: Smithsonian Institution Libraries and National Science Foundation).
მ. ბუხსიანიძე