იმპიჩმენტი (ინგლ. Impeachment – წინააღმდეგობის გაწევა, ხელის შეშლა <ლათ. impetere – თავდასხმა, შეტევა), ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ხელისუფლებისათვის შეუფერებელი მაღალი თანამდებობების პირთა ხელისუფლებისაგან ჩამოცილების მექანიზმი, მათი თანამდებობიდან გადაყენება შესაბამისი საფუძვლებისა და პროცედურის გათვალისწინებით.
ი-ის მიზანია არა კორუმპირებულ თანამდებობის პირთა დასჯა, არამედ ხელისუფლებისაგან მათი ჩამოცილებით საკუთრივ ხელისუფლების დაცვა, მისი სიჯანსაღის უზრუნველყოფა, მის მიმართ ხალხის ნდობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ ი. სამართლიანად განიხილება, როგორც „ხელისუფლების დაცვის მთავარი ინსტიტუტი" (ასე უწოდეს მას ინგლისის თემთა პალატაში). ი. გამოხატულებაა იმ სამართ. პრინციპისა, რ-ის მიხედვითაც არავინ დგას „კანონზე მაღლა". ი. ასრულებს საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ აღმასრ. და სასამართლო ხელისუფლებათა გაკონტროლებისა და მათზე ზემოქმედების ფუნქციას. საპრეზიდენტო რესპ. მმართველობაში იგი წარმოადგენს ერთადერთ დამაბალანსებელ მექანიზმს საპრეზიდენტო ვეტოსა და სასამართლო კონტროლის საპასუხოდ. ი-ის საწყისი ფორმები ჩაისახა შუა საუკუნეების ინგლისის საპარლამენტო პრაქტიკაში, როგორც მეფის მინისტრების გადაყენების საშუალება. ყველაზე უფრო დასრულებული, კლასიკური ფორმით დღეს იგი აშშ-ში არსებობს. ი-ის მექანიზმის არსებითი და უცვლელი ნიშანია მასზე საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივა. იგი „საპარლამენტო უზენაესობის" ერთგვარ გამოხატულებასაც წარმოადგენს.
ი-ს პოლიტ. ბუნება აქვს. საკანონმდებლო ხელისუფლება ი-ის საკითხის გადაწყვეტისას არა მარტო ისახავს პოლიტ. მიზნებს, არამედ ხელმძღვანელობს მხოლოდ პოლიტ. კრიტერიუმებით. პოლიტიკურია ი-ის მიზანიც, საფუძვლებიცა და სასჯელიც. ამ თვალსაზრისით ი-ის მუქარაც ამ პოლიტ. მიზნებს ემსახურება. ი-ის საფუძველია არა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ნებისმიერი დარღვევა, არამედ მხოლოდ პოლიტ. ხასიათისა, ანუ ისეთი, რ-იც ეჭვქვეშ აყენებს მოცემული თანამდებობის პირისადმი ხალხის ნდობას და აშკარას ხდის სახელისუფლო მოვალეობებთან მის შეუსაბამობას. შეიძლება ითქვას, რომ ი-ის საფუძველია თანამდებობის პირის მიერ ხალხის ნდობის ღალატი. ი-ს სასჯელად შეიძლება მოჰყვეს არა სისხლის სამართ. მსჯავრდება ან ქონებრივი სანქციების დაკისრება, არამედ მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენება. პროცედურულად მას კვაზი-იურიდ. ხასიათი აქვს. უფრო მეტად იგი წააგავს სისხლის სამართ. პროცესს და, ჩვეულებრივ, ორსაფეხურიანია; მოიცავს ბრალდების წარდგენისა და მისი განხილვის სტადიებს. გამოიყენება ცხადი და დამაჯერებელი მტკიცებულების საშუალო (75%-იანი) სტანდარტი, რაც შესანიშნავად უზრუნველყოფს იმას, რომ არც უსაფუძვლოდ იქნეს გადაყენებული და არც უსაფუძვლოდ შენარჩუნდეს ხელისუფლებაში პირი, რ-ის მიმართაც დეპუტატთა უმრავლესობას ჩამოუყალიბდა სახელისუფლებო მოვალეობებთან მისი შეუსაბამობის რწმენა. აშშის, ინგლისისა და საქართვ. გარდა, ი., როგორც უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი, შემოღებულია მრავალ ქვეყანაში. მათ შორისაა ავსტრია, გერმანია, ბრაზილია, ჩეხეთი, ინდოეთი, ირლანდია, რუსეთი, ესტონეთი, ლიტვა და სხვ.
ი-ის ინ-ტი საქართველოში შემოღებულია 1995 კონსტიტუციით და უშუალოდ უკავშირდება საპრეზიდენტო რესპ. მმართველობის შემოღებას. 1997 წ. 11 ნოემბერს მიღებული იქნა „საქართველოს ორგანული კანონი იმპიჩმენტის შესახებ", რ-მაც დააზუსტა კონსტ. დებულებები. 2002 წ. 10 აპრილსა და 2008 წ. 1 ნოემბერს მასში განხორციელდა ზოგიერთი ცვლილება-დამატება. 2010 წ. 15 ოქტომბერს მიღებულმა საკონსტიტუციო კანონმა კი ზოგიერთი ცვლილება შეიტანა კონსტ. დებულებებში, რ-ებიც ამოქმედდა 2013 ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ი-ის ინ-ტის შემოღებამ თავისი ასახვა პოვა აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს, საკონსტიტუციო სამართალწარმოებისა და უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონებსა და პარლამენტის რეგლამენტში. საქართვ. კონსტიტუციის თანახმად (მ.მ. 63, 64, 75), ი-ს ექვემდებარებიან საქართვ. პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავ-რე, მთავრობის წევრები, სახელმწ. აუდიტის სამსახურის გენ. აუდიტორი და ეროვნ. ბანკის საბჭოს წევრები. თანამდებობიდან გადაყენების საფუძველია დანაშაულის ჩადენა ან კონსტიტუციის დარღვევა, რაც დადასტურებული უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით. ი-ის წესით, თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. ამასთან, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ესაჭიროება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. სხვა პირებთან მიმართებით კი საკმარისია უბრალო უმრავლესობის თანხმობა. მისი შემოღების დღიდან საქართვ. არცერთი მოწვევის პარლამენტს ი-ის მექანიზმი არ აუმოქმედებია, ამდენად ამ სფეროში საპარლამენტო თუ სასამართლო პრაქტიკა არ არსებობს. შესაბამისად, ცნობილი არ არის, თუ როგორია ი-ის ქართ. მექანიზმი მოქმედებაში, რა არის მისი ღირსება-ნაკლოვანებები, ანდა რა მიმართულებით მოხდება კონსტ. დებულებების განმარტება მათ მიერ, ვინც ი-ს განახორციელებს.
ლიტ.: გოცირიძე ე., იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში (კონსტიტუციური დილემები), რედ. ლ. ალექსიძე, თბ., 2013.
ე. გოცირიძე