ინგილოური დიალექტი, ქართული ენის დიალექტი. გავრცელებულია საინგილოში, რ-იც ამჟამად აზერბაიჯანის შემადგენლობაშია და მოიცავს კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რ-ნებს. საქართველოს ფარგლებში ი. დ-ზე მეტყველებს დედოფლისწყაროს რ-ნის სოფ. სამთაწყაროს მოსახლეობა.
X–XVII სს-ში ეს მხარე ჰერეთის (XVII ს-ში კახეთ-ჰერეთის) შემადგენლობაში შედიოდა. XVIII ს-ში ჩნდება ტერმ. „ინგილო". შესაბამისად, ინგილოთა სამოსახლოს ეწოდა „საინგილო". ვარაუდობენ, რომ „ინგილო" მიღებულია ძვ. თურქ. იანგილი ფორმიდან (ყანგილი→ ყანგილო „ახალი → ახალმორჯულებული"). თავდაპირველად „ინგილო" სოც. შინაარსის ცნება იყო და არა ეთნიკური.
ი. დ. იყოფა კაკურ და ალიაბადურ კილოკავებად. კაკურში გამოიყოფა ალიბეგლოური თქმა, ხოლო ალიაბადური იყოფა ალია ბადის, მოსულისა და ითითალის თქმებად.
ი. დ-ში დაცულია ჴ ფონემა (ჴელი „ხელი"); არის ვ ფონემის წყვილბაგისმიერი უ ვარიანტი (ქუაჲ „ქვა"); დასტურდება სუსტი ხმოვანი è, რ-იც ა, ე, ი და ო ხმოვნების ალოფონია (èმოჲ „ამოდი"), უმლაუტიზებული ხმოვნები ო> (ზო>ლ – „ძველი") და უ> (კუ> რტ – „კვირტი"), რ-ებიც ზოგჯერ ოპოზიციას ქმნიან ო და უ ხმოვნებთან და სიტყვათგანმასხვავებელ ფუნქციას იძენენ: ზო> ლ „ძველი" – ზოლ „ძვალი"; კუ> რტ „კვირტი" – კურტ „კრუხი"..., ზოგჯერ კი თავისუფლად მონაცვლეობენ მათთან: ჩონ › ჩო> ნ („ჩვენ"). ი. დ-ში ქართ. ენის მჟღერ ჯ და ძ აფრიკატებს ცვლის შესაბამისი მჟღერი სპირანტები: ჯ → ჟ (დაჟდა „დაჯდა"), ძ → ზ (ზმაჲ „ძმა"). დასტურდება ხმოვანთა ფშვინვიერი, მკვეთრი და იოტიზებული (ჰ-// é// ჲ-) შემართვა (ჰეკალ// éეკალ// ჲეკალ „ეკალი"); გვხვდება გემინირებული ბბ, მმ, შშ, რრ, ლლ, გგ, წწ თანხმოვნები (კამმეჩი „კამბეჩი", სილლაჲ „სილა", ლობბაზ „მასხარა" და სხვ.).
ი. დ-ს ახასიათებს როგორც დამავალი (Vჲ, Vუ), ასევე აღმავალი (ჲV, უV) დიფთონგები (ხუალ „ხვალ", მოხუელ „მოხვედი", ჲუქ „საპალნე"). პრეფიქსულ მორფემათა მიჯნაზე ხდება ხმოვანთა კონტაქტური ასიმილაცია: აე → ეე: (დეენახა „დაენახა"), ოე → ეე (მეეწონა „მოეწონა"), იე → ეე (მეეც „მიეც"), ხოლო სუფიქსურ მორფემათა მიჯნაზე – ხმოვანთა დისიმილაცია: ეე → იე (სამარიები < სამარეები, ტყიები ← ტყეები).
ი. დ-ში I პირისნიშნისეული ვ თანხმოვანი იწვევს პრეფიქსისეული ა ხმოვნის ლაბიალიზაციას (დოვკალი – "დავკალი"). ინტერვოკალურ ლაბიალურ პოზიციაში იკარგება ვ სუბიექტ. პირის ნიშანი: ოვა → ოა → უა (მუალ "მოვალ")... აღსანიშნავია ასიმილაცია-დისიმილაციის ნიმუშები: აუ → ოუ → ოუ → ოვ (ოუღი → ო- უღი → ოვღი "აუღია"), აუ → აუ → ავ (პროგრესული დისიმილაციის გზით: აქავრობა „აქაურობა", გოზავრ → გოზაური „ღვინოარყის ჭურჭელი"), ანალოგიურად: ეუ → ეუ → ევ (დეკევლ „დეკეული", დანაშავლ „დანაშაული"). დასტურდება ვა // უა → ო (ზოლ ინგილოები. ← ძვალი, ჭომ ← ჭვამ ← ვჭამ), პარალელურად – ვა → უ (დევაკუნ „დიაკვანი") და ვე → უ (ქართულ „ქართველი").
ი. დ-ში ვერ ძლებს ხშულ თანხმოვანთა ჯგუფები და სხვადასხვა გზით ხდება მოსალოდნელი არაბუნებრივი კომპლექსების აცილება: ა) ხმოვნის ჩართვით: კიბილ – „კბილი", შიტოჲ – "", ღრუმ – „ღრმა"; ბ) სკ, სტ, სპ, შკ კომპლექსების წინ ე. წ. პროთეტული ხმოვნის გაჩენით: ისკამი – „სკამი", ისტაქან // ესტაქან – „სტაქანი", იშკოლ // უშკოლ – „შკოლა", იშკაფ – „შკაფი"; გ) თანხმოვანთა დაკარგვით – კინაჲ – „რკინა", წკინავს – წყინავს – „ბრწყინავს"; დ) თანხმოვანთა კომპლექსში შემავალი მეორე წევრის (ხშულის) ნაპრალოვანთან მონაცვლეობით – გზელი – „გრძელი", ბზოლაჲ –„ბრძოლა". ი. დ. თავიდან იცილებს ხმოვანთა უშუალოთანამიმდევრობასაც: ა) დიფთონგიზაციის გზით – აჲღა – „აიღო", – დეკევლი – „დეკეული"; ბ) ხმოვნის დაკარგვით – მოვყონი || მოუყონი – „მოუყვანია", გ) თანხმოვნის ჩართვით – შუვაჲ „შუა", ყმუვილ „ყმუილი", ნიგორი „ნიორი"... მაგრამ ეს წესი ირღვევა, თუ ხმოვანთმიმდევრობა ა) მორფემათა ზღვარზეა: ერთი – აერთევს; ბ) მიღებულია თანხმოვნის დაკარგვით: იმააც (იმასაც); გ) ორი სიტყვის შეხორცებით: მეუმ (←მე უნ←მე უნდა), რაზიოვაჲ (←აზერბ. რაზი + ქართ. ობა „თანხმობა"); ასევე უცხო ენიდან შემოსულ სიტყვებში: ტაიჲ (აზერბ. დაჲы „დედის ძმა"), ყაუმ (აზერბ. გოჰუმ „ნათესავი, მოყვარე") და სხვ.
ი. დ-ის მორფოლ. თავისებურებებიდან აღსანიშნავია -ყე || -ყ ნაწილაკის ხმარება, რ-ითაც გამოიხატება: ა) პირდ. და ირ. ობიექტთა მრავლობითობა: დაჴოცა-ყე || დაჴოცაყ „დახოც-ნ-ა" (პირდ. ობიექტი), აჭამა-ყე || აჭამაყ „აჭამა" მან მათ ის (ირ. ობიექტი); ბ) რეალური სუბიექტის მრავლობითობა ინვერსიულ ზმნებში: ჰქონდა-ყე // ჰქონდა-ყ „ჰქონდათ"; გ) ხოლმეობითი (მრავალგზისობა): ცხო> ვაყ (ცხვება ხოლმე), (ვ)ჭომყ (ვჭამ ხოლმე); დ) სახელებთან -ყენ „-კენ" თანდებულის ფონეტ. ვარიანტია – კარევისყენ „კარებისაკენ".
ი. დ-ის ალიაბადურ კილოკავში თანხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებს ბრუნვის ნიშნად შენარჩუნებული აქვთ -ი (დედაკაცი, შო>ლი), ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები ბრუნვის ნიშნის გარეშეა წარმოდგენილი (მამა, ჟაფა), მაგრამ კაკურ კილოკავში საპირისპირო ვითარებაა: თანხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები ბრუნვის ნიშნის გარეშე იხმარება (დედაკაც, შუ> ლ), ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები კი - ჲ-ს (←ი) დაირთავენ (მამაჲ, დაჲ). მოთხრ. ბრუნვის ნიშნად ი. დ-ში გვხვდება - მა (კაცმა), - მამ (←მან): ამამ „ამან". მიც. ბრუნვის ნიშნად: -ს, -ჲ, -ჰ და Ө: ენაჲ უკიდევს (←ენას უკიდებს „ენაჩლუნგია"). ნათ. ბრუნვის ნიშნად წარმოდგენილია შემდეგი ალომორფები: ი¡ს£ (ჟეჲრანი ჴორც „ჯეირანის ხორცი"), - ჲ (მამაჲ გუ> ლგაზ „მამის ცხვირსახოცი") და Ө (კო> რცხ დანადო> ვ ქათამ „კვერცხის დამდები ქათამი"). მოქმ. ბრუნვის ალომორფებია: -ჲთი (ჩოშკაჲთი „ხმლით"), - ითი (ჴელითი „ხელით"), - ი (ფეყი „ფეხით") და Ө (ღამ მაასლევარ „ღამით მოვალ"). ვით. ბრუნვის ნიშნად დასტურდება: ა¡დ£ (გადურა ჩოვცომ „ბიჭურად ჩაუცვამს") და - ჲ (მასხარაჲ მიგდევს „მასხრად მიგდებს"). გამოყოფილია ლოკალური ბრუნვები: სადაობით-გამოსვლითი (კარშიჲთით „გარედან"), ნათ.-გამოსვლითი (კაციზგნი¡თ£ „კაცისგანით"), ნათ.-მიმართულებითი (წაუდა თქო>ნს „წავიდა თქვენსას"). დასტურდება სახელთა მრ. რიცხვის ორმაგი წარმოება (ქებევებ „რქებები"). გავრცელებულია მეშველზმნიანი წარმოება ყველა ტიპის ზმნათა I და II პირში (ხატავ–ვარ/-ხარ „ვხატავ – ხატავ" ბო> რდო> ვი-ვარ/-ხარ „ვბერდები–ბერდები", ტუ> რú-ვარ/-ხარ „ვტირი–ტირი".
ი. დ-ში უნიფიცირდება -ავ სუფიქსი (წო> რ-ავ-ვარ „ვწერ", დრო> კ-ავ-ვარ „ვდრეკ", ყოფ-ავ-ვარ „ვყოფ"). თხოვნით-ბრძანებითის II პირის ფორმად გამოყენებულია II კავშირებითის ფორმა (წახუ> დო!). ნამყო ძირითადის I და II პირის ფორმებში წარმოება უნიფიცირებულია: კაკურში – ი ან Ө (შოჲნახ // შოჲნახი „შევინახე". შაჲნახ "შეინახე"), ალიაბათურში – პირიქით, -ე სუფიქსი ვრცელდება (ვიცანე–იცანე "ვიცანი–იცანი"); უნიფიცირებულია კავშირებითების წარმოება II და III სერიებში (წაჲყონას – II კავშირებითი, მეგეცას – III კავშირებითი), ხოლო ალიაბათურში – ო (მოკლოს "მოკლას"); კაკურში დინამ. ვნებითის აწმყოს მრ. რიცხვის III პირში დასტურდება -ი-ს დაბოლოება (ჴდევის), ხოლო ალიაბათურში – ა (ჴდება); კითხვით ნაცვალსახელთან ერთად გამოიყენება კითხვითის -ა ნაწილაკი (მინ არისა? „ვინ არის?").
უცხო ენიდან ნასესხებია ზოგი ზმნიზედა, ნაწილაკი, კავშირი, შორისდებული და აფიქსები [ჰევაშ-ჰევაშ „ნელ-ნელა", ჰათაარ „როგორ", ჰამ „თან", დენა "ცალი". ამმა „მაგრამ", გა // გაჰ „ხან", ანჟახ „მდე" -ბე („-თვის"), ჰაჲფ (შებრალების შორისდებული)], ხელობის აღმნიშვნელი სუფიქსი -ჩი (კოლხოზ-ჩი „კოლმეურნე", ოვ-ჩი „მონადირე"); ლაფ „ძალიან"... დამკვიდრებულია აღმატებითი ხარისხის წარმოების აზერბ. წესი – პირველ მარცვალს დაერთვის მ თანხმოვანი (კომკორაწ „ძალიან მკვახე", წიმწითელ „სულმთლად წითელი").
შეინიშნება აზერბ. გავლენით წარმოქმნილი ფრაზეოლოგიური კალკები: მასწავლებელი სა ზისა? „მასწავლებელი სად ცხოვრობს?" თავში ჩავარდნაჲ „მიხვედრა, გააზრება".
ი. დ-ში საგრძნობია უცხო ენიდან ნასესხები ლექსიკის სიუხვე (ავღუჲ „შხამი", ბარუჲ „კედელი", თექაჲ „ჯიხვი", მაშაყ „ფოცხვერი", ტაღარ „გუდაჲ", ხაჩ „ჯვარი", ზაჲ „უვარგისი, გაფუჭება" და სხვ.). დაცულია ძვ. ქართულისეული ფენა (ასტამი „ცომის საფხეკი", ტაბლა „მაგიდა, სუფრა", გაჴდა „გახდა, გაძრობა", დაზოვაჲ, ზოვაჲ „მოგება, შობა, დაბადება...).
ლიტ.: იმნაიშვილი გრ., ქართული ენის ინგილოური დიალექტის თავისებურებანი, თბ., 1966; კუზიბაბაშვილი ვ., ხმოვანთა სისტემა ინგილოურში, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1991, №4; როსტიაშვილი ნ., ინგილოური ლექსიკონი, თბ., 1978; ღამბაშიძე რ., ქართული ენის ინგილოური კილოს ლექსიკონი, თბ., 1988; ჩანგაშვილი გ., საინგილო, თბ., 1970; ჯანაშვილი მ., საინგილო, ტფ., 1913.
ვ. კუზიბაბაშვილი