ინგუშეთი, რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში, ჩრდ. კავკასიაში. დედაქალაქი – მაგასი (დაარსდა 1994), უდიდესი ქალაქი – ნაზრანი (1995-მდე დედაქალაქი). ი-ს უჭირავს 3628 კმ². ჩრდ-ით ესაზღვრება სტავროპოლის მხარე (რფ), აღმ-ით – ჩაჩნეთი, სამხრით – საქართველო, დას-ით – ჩრდ. ოსეთი. მოსახლეობა 480 ათ. კაცი (2017).
1934 ჩაჩნეთი და ინგუშეთი გაერთიანდა ჩაჩნეთ-ინგუშეთის ერთ ავტონ. ოლქში (დედაქალაქი – გროზნო), რ-ის შემადგენლობიდან გავიდა 1992 რესპუბლიკის სტატუსით და ასე შევიდა რფ-ის შემადგენლობაში.
ჩაჩნებს და ინგუშებს საერთო წარმომავლობა, მსგავსი მონათესავე ენები და კულტურა გააჩნიათ. ისინი ჩრდ. კავკასიაში ჩამოყალიბდნენ ეთნიკური ნიშნების საფუძველზე, როგორც დამოუკიდებელი ხალხები. მათი საერთო სახელწოდებაა ვეინახები. ცალკე ხალხად ჩამოყალიბების შემდეგ ინგუშებმა თვითსახელწოდება „ღალღაი" შეინარჩუნეს. რაც შეეხება ტერმინს „ინგუში", იგი გვიანდელია და XVIII ს-მდე არ არსებობდა. როგორც ვარაუდობენ, მისი გაჩენა უნდა უკავშირდებოდეს ი-ის სოფლის (აულის) „ანგუშტის" სახელს. ინგუშური ენა მიეკუთვნება იბერიულ-კავკასიური ოჯახის ნახურ ჯგუფს. 1923 ზ. მალსაგოვმა ლათინურის საფუძველზე შექმნა ინგუშური ანბანი. 1938 შეიმუშავეს რუსულ გრაფიკაზე დაფუძნებული ანბანი.
ი. ისტორიულად მცირემიწიან რაიონს წარმოადგენს, რაც აფერხებდა მიწათმოქმედების განვითარებას. ი-ის სავარგულები საკმაოდ მწირი ნიადაგისაგან შედგებოდა, ამას მკაცრი კლიმატური პირობებიც ემატებოდა და მოსავლიანობა ძალზე დაბალი იყო. ჩრდ. კავკასიის თითქმის ყველა ხალხი მისდევდა მესაქონლეობას. ასე იყო ი-ის დაბლობ ტერიტორიებზეც. რაც შეეხება მთიან ი-ს, სხვა რეგიონებთან შედარებით მთის საძოვრების სიმცირის გამო მესაქონლეობამ დიდ მასშტაბებს ვერ მიაღწია.
ი-ის კულტურის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს მეზობელმა კავკასიელმა ხალხებმა და ზოგიერთმა უცხო ეთნოსმა. მნიშვნელოვანია ქართული კულტურის ინგუშების კულტურაზე გავლენის ფაქტი. საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისთანავე (IV ს.) დაიწყო მთიან რეგიონებში მისი გავრცელება. მთაში ქრისტიანობის შეტანას ადგილ. წარმართი მოსახლეობის მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა ხვდებოდა. ასეთ შემთხვევაში სამეფო ხელისუფლება ძალის გამოყენებასაც არ ერიდებოდა. ანალოგიური მეთოდებით ხდებოდა ქრისტიანობის გავრცელება დურძუკებში, კერძოდ ი-ში. IX ს-ში აშენდა და შემდეგ საუკუნეში გაფართოვდა თხაბაერდის ქრისტ. ტაძარი მდ. ასას ხეობაში. იგი ღვთისმსახურების ძირითად ცენტრს წარმოადგენდა ვეინახებისათვის. XI–XIII სს-ში მთიან ი-ში აშენდა ალბი-ერდის, თარგიმის, გალი-ერდის, დელითისა და სხვა ეკლესიები. ქართული ფეოდ. მონარქიის მიზანდასახულობა და ინტენსიურობა განპირობებული იყო დარიალის უღელტეხილზე კონტროლის დაწესების სურვილით.
ქრისტიანობის გავრცელებას ი-ში ქართული ენისა და ქართული დამწერლობის გავრცელება მოჰყვა. ამის დასტურია ეკლესიის კედლებზე მრავლად აღმოჩენილი ქართ. წარწერები, ქართულწარწერიანი ჯვრები და საფლავის ქვები, ქართული დამწერლობით შესრულებული ადგილობრივი საკუთარი სახელები და ტოპონიმები. ბევრ ეკლესიაში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდებოდა. ი-ში ფართოდ იყო გავრცელებული ქართული ქრისტ. ტერმინოლოგია. ამ ფონზე სასაზღვრო რაიონებში ხდებოდა ეთნიკური ელემენტების შერწყმა და რელიგიური რიტუალების ორმხრივი დიფუზია. ინგუშურ ენაზე დიდი გავლენა იქონია ქართულმა ენამ. ინგუშურ ენაში დამკვიდრდა მრავალი ქართული სიტყვა. ონომასტიკაში, ტოპონიმიკასა და ეთნონიმიკაში არსებობს ბევრი ნიშანი ქართველი და ინგუში ხალხების კულტურულ-ისტორიული კავშირების დასადასტურებლად.
XVIII ს-ში მრავალი ინგუში მოინათლა ქრისტიანად იმ იმედით, რომ თავს დააღწევდნენ ყაბარდოელი და დაღესტნელი ფეოდალების მხრიდან ჩაგვრასა და შევიწროებას. ინგუშების საქართველოში გადმოსახლება XIX ს-შიც გრძელდებოდა.
ლიტ.: კოპალიანი ე., ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორია (უძვ. დრო– XVIII საუკუნე), თბ., 2014; Государственные и титульные языки России, Энциклопедический словарь-справочник, ред. В. П. Нерознак, М., 2002; Дешериев Ю. Д., Сравнительно-историческая грамматика нахских языков и проблемы происхождения и исторического развития горских кавказских народов, Грозный, 1963; Маргошвили Л. Ю., Культурно-этнические взаимноотношения между Грузией и Чечено-Ингушетией в XIX–нач. XXв. (Кисты Панкиси), Тб., 1990.
ე. კოპალიანი