ინდექსი (ლათ. index – სია, რეესტრი, მიმანიშნებელი, აგრეთვე საჩვენებელი თითი), რიცხვი, ასო ან სიმბოლოთა სხვა კომბინაცია, რ-იც მიუთითებს ელემენტის ადგილს სიმრავლეში. ი. შეიძლება ახასიათებდეს რაიმე სისტემის მდგომარეობასაც, მაგ., აქტივობას, მწარმოებლურობას, განვითარების დონეს, რაიმეს ცვლილებას. არსებობს, მაგ., ქარი-სიცივის ი., რ-იც ამინდის სიმკაცრეს განსაზღვრავს; სხეულის მასის ი.; სამეცნ. ნაშრომთა ციტირების ი.; მკვლევრის (ან სამეცნიერო კოლექტივის, ან დაწესებულების) სამეცნ. პროდუქტიულობის ჰირშის ი. (ეკონ. მეცნიერებებისათვის – ჰერფაინდალის ი.); კრიტიკული ი-ები (ფლუქტუაციურ არეში სხვადასხვა თერმოდინამიკურ მახასიათებელთა ანომალიების აღმწერი); სიბლანტის ი.; ვულკანური აქტივობის ი.; ინკვიზიციის მიერ აკრძალულ გამოცემათა ი.; მონაცემთა ბაზის ი.; საფოსტო ი. და სხვ.
ეკონომიკაში იყენებენ დისტრიბუციის (განაწილების) ი-ს, სამომხმარებლო ფასების (ინფლაციის) ი-ს, ფასებისა და შემოსავლების ი-ს, საფონდო (ბირჟის დინამიკის) ი-ს და სხვ.
მათემატიკაში იყენებენ ვექტორული ველის განსაკუთრებული წერტილის ი-ს, რიცხვის ი-ს მოდულით შედარებისას, ქვეჯგუფის ი-ს და სხვ. ელიფსური ოპერატორების ი-ის თეორია ითვლება XX ს. მათემატიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად. ატია-ზინგერის კლასიკურმა თეორემამ ელიფსური ოპერატორების ანალიზური და ტოპოლოგიური ი-ების ტოლობის შესახებ (1963; ფილდსის პრემია – 1966; აბელის პრემია – 2004) დასაბამი მისცა მათემატიკის ისეთი მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა ტოპოლოგიური Kთეორია, არაკომუტატური დიფერენციალური გეომეტრია, სინგულარული სივრცეების ტოპოლოგია და ანალიზი და სხვ.
საქრთველოში ნ. მუსხელიშვილის, ი. ვეკუას, ნ. ბერიკაშვილის და სხვ. მათემატიკოსთა მიერ მიღებულია მნიშვნელოვანი შედეგები სინგულარულ ოპერატორთა განსაზღვრული კლასის, ე. წ. ნიოტერის ოპერატორების ი-ისთვის.
ლიტ.: Бицадзе А. В., Самарский А. А., О некоторых простейших обобщениях линейных эллиптических задач, «Доклады АН СССР», 185(4), 1969; Кордюков Ю. А., Теория индекса и некоммутативная геометрия на многообразиях со слоением, УМН, 64(2), 2009; Кутателадзе С. С., Основы функционального анализа, 3-е изд., Новосибирск, 2000; Сарданашвили Г. А., Геометрия и квантовые поля. Современные методы теории поля, т. 4, М., 2000; Schick T ., L2-index theorems. KK-theory and connections, «Journal of Mathematics», 11, N. Y., 2005.