ინდივიდუალური მეწარმე

ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირის სამეწარმეო საქმიანობის მოწყობის ფორმა, მეწარმე სუბიექტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი უფლებები მოწესრიგებულია კანონით „მეწარმეთა შე­სა­ხებ“. ი. მ. არ არის იურიდ. პირი, თუმცა მისი რეგისტრაცია სავალდებულოა. ი. მ. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის როგორც ფიზ. პირი. ინდივიდ. მეწარმეობის განმახორციელებელი ფიზ. პირი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოქმნილი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო კრედიტორების წინაშე პირადად აგებს პასუხს მთელი თავისი ქონებით. ი. მ-ს არ სჭირდება მართვის სპეც. ორგანოები, როგორც ეს სამეწარმეო საზ-ბების (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი) შემთხვევაშია, იგი სამეწარმეო საქმიანობას ორგანიზებას უწევს და ახორციელებს უშუალოდ. ი. მ-ის სამართლებრივი ფორმა შესაძლებლობას იძლე­ვა, სამეწარმეო საქმიანობა განხორციელდეს მცი­რე კაპიტალით, ნაკლები დანახარჯებისა და დიდი სამეწარმეო თავისუფლების პირობებში, რაც მას მიმზიდველს ხდის მცი­რე მეწარმეობის განსახორციელებლად.

წყა­რო: კანონი მეწარმეთა შე­სა­ხებ, «სა­ქარ­თვე­ლოს პარლამენტის უწყებები», 1994, №21–22, მ. 455.

ლიტ.: ჭანტურია ლ., ნინიძე თ., მეწარმეთა შე­სა­ხებ კანონის კომენტარი, თბ., 2002; ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზო­გა­დი ნაწილი, თბ., 2011.

ლ. ლაზარა­შვი­ლი