ინდუიზმი

ინდუიზმი (სანსკრ. ჰინდუმატა; სანათანა – დჰარმა – მარადიული რელიგია, გზა, კანონი. თანამედროვე – ჰინდუდჰარმა), ძველი აღმოსავლეთის ჩვენამდე მოღწეულ რელიგიათა შორის უძ­ველესი (ძვ.წ. III ათასწლე­ული) რელიგია. ი. პოლითეისტური რე­ლიგიაა. ი-ს დაახლ. მილი­არდი მიმდევარი ჰყავს და ასობით სხვა­და­სხვა სექტასა და მიმდინარეობას მოიცავს. მისი სახელ­წოდება მკვლე­ვართა შორის აზრთა სხვა­და­სხვა­ობას იწვევს; ზოგიერთის აზრით, ტერმინი მოიხსენიება ისტ.-გეოგრ. ­ჭრილში (სინდ – რეგიონი პაკისტანში; მდ. ინდუს-ი) და მას არანაირი რელიგ. დატვირთვა არ აქვს. ყველაზე გავრცელებული შეხედულება კი დაკავშირებულია ინდოეთში XVIII–XIX სს-ში მყოფ ბრიტანელ კოლონიზატორებთან. მკვლე­ვართა აზრით, ამ სახელწოდებაში იგულისხმება ად­გილ. მოსახლეობა, ინდოელები, რ-ებიც არც მუსლიმები იყვნენ, არც ქრისტიანები და არც იუდეველები. ი. ძირითადად ირანულ-სირიული და ად­გილ. ინდური კულტების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. სხვე­ბი კი მიიჩნევენ, რომ ტერმ. „ი." სიტყვა „ჰინდუსგან" მომდინა­რეობს. ასე მოიხსენიებდნენ ძვ. ირანელები იმ ხალხს, რ-იც მდ. ინდ-ის აღმ-ით ცხოვრობდა. ამ გზით დამკვიდრდა ევრ. ენებში „ინდოელიც" („ინდუსი") და „ი"-ც. ვედების სა­ხე­ლითაა ცნობილი მისი წმ. წიგნები (ბრაჰმანა, არანიაკა, უპანიშადა, სუტრა, მაჰაბჰარატა და რამაიანა), რ-ებიც ეპიკურ თხზულებებზეა დაფუძნებული და ათასწლეულის განმავლობაში იქმნებოდა. ინდუისტური მოძღვრება ეფუძნება ბრაჰმას, რ-იც სამყაროს სულია, მისგან შედგება ყოველივე და სუფევს ყველგან (პანთეისტური კოსმოლოგია) ვიშნუსა და შივასთან ერთად. მის მიმდევრებს სწამთ რეინკარნაცია, უზენაესთან მისაახლოებლად ხელახლა დაბადებისა და გარდაცვალების ციკლი სანსარა (სამსარა) და კარმა (კეთილი და ბოროტი საქმეების ჯამი). იგი განსაზღვრავს მათ ბედსა და მომავალს.

საქართველოში ი. XX ს. 80-იან წლებში კერძოდ, ქ. სოხუმში „კრიშნას ცნობიერების" სახე­ლით ჩამოყალიბდა, მაგრამ მალევე ამ ჯგუფის წევრები დააპატიმრეს და მოძრაობის ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა. 1986 აქვე დაარსდა ვედური კულტურის ცენტრი, რ-შიც 500-მდე ადამიანი იყო გაერთიანებული, თუმცა მოგვიანებით მათი რიცხვი 200-მდე შემცირდა.

ლიტ.: რელიგიები სა­ქარ­თვე­ლოში,თბ., 2008; The Hindu World, ed. by M. S. and G. R. Thursby, N. Y., 2004; The tantric body: the secret tradition of Hindu religion. Flood, D. Gavin, L., 2006; The quest for the origins of Vedic culture: the Indo-Aryan migration debate, Br. F. Edwin, Oxf., 2001; World Religions, ed. by W. G. Oxtoby and A. F. Segal. Second ed., Oxf., 2012.

რ. შაინიძე