ინვაზიური დაავადებები

ინვაზიური დაავადებები, პარაზიტული დაავადებები, ცხოველური პარაზიტების შეჭრით გა­მოწვეული დაავადებები.

სამედიცინო ­პარაზიტოლოგია შეისწავლის პა­რა­ზი­ტის აგებულების თავისებურებებს, მის სასიცოცხლო ციკლს და იყოფა სამედ. პროტოზოოლოგიად და სამედ. ჰელმინთოლოგიად, რ-ებიც, შე­სა­ბა­მი­სად, შეისწავლიან ადამიანში გავრცელებულ უმარტივესებსა და ჭიებს. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ცხოველურ ორგანიზმებსაც, რ-ებიც ფეხსახსრიანებში არიან გაერთიანებული. ზოგიერთი მათგანი დაავადების გამომწვევია, ზოგი – პარაზიტული და ინფექციური დაავადების გადამტანი.

საქართველოში გავრცელებული ი. დ-იდან, როგორიც არის ამებიაზი, ლამბლიოზი, ტოქსოპლაზმოზი, ფასციოლოზი, ტენიოზი, ექინოკოკოზი, ტრიქი­ნელოზი და ა.შ., თავისი მძიმე მიმდინარეობით და გავრცელების სიხშირით, გამოირჩევა ლეიშმანიოზი და ექინოკოკოზი.

ლეიშმანიოზი ­ტრანსმისიული პრო­ტოზოული დაავადებაა. ფართო­დაა გავრცელებული ტროპ. და სუბტროპ. ზონის ქვეყნებში, ძირითადად აფრიკაში, ინდოეთში, ხმელთაშუა ­ზღვის, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. მსოფლიოს 88 ქვეყანაში ლეიშმანიოზი ენდემური დაავადებაა.

ცნობილია ადამიანის ლეიშმანიოზის სამი ფორმა: კანის ლეიშმანიოზი (Leishmania tropica და Leishmania mexicana), კან-ლორწო­ვანის ლეიშმანიოზი ­­(Leishmania braziliensis) და შინაგანი ორგანო­ების – ვისცერული ლეიშმა­ნიო­ზი (Leishmania donovani) ანუ კალააზარი. ლეიშმანიოზების გა­მომწვევები პარაზიტული თვი­სების მქონე უმარ­ტივესებია. მათი გადამტანები კი არის მცი­რე ზომის მწერები, მოსკიტები – ფლებოტომუსები. ადამიანი ავადდება ლეიშმანიებით (Leishmania) ინფიცირებული მოსკიტის კბენით. დაავადების ძირითადი რეზერვუარი ძაღლისებრთა ოჯახის (ძაღლი, ტურა, მელა, მგელი) სახეობებია.

საქართველოში გავრცელებულია ლეიშმანიოზის ორი ფორმა: კანის ლეიშმანიოზი და ვისცერული ლეიშმანიოზის ხმელთაშუა ­ზღვის ფორმა, რ-საც დამატებით ბავშვთა ლეიშმანიოზსაც უწოდებენ (Leishmaniosis infantum) და ახასიათებს ბუნებრივი კერობრიობა, ტრანსმისიულობა, მკვეთრად გამოხატული სეზონურობა. ვისცერული ლეიშ­მანიოზის პირველი 4 შემთხვევა აღ­წე­რი­ლია 1913. სავარაუდოდ, ეს იყო პირველი ცნობები მთელ კავკასიის რეგიონში ამ დაავადებაზე. 1954-ისთვის აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­ში აღირიცხა ვისცე­რული ლეიშმანიოზის 540 შემთხვევა. 1995–2013 წლებში სა­ქარ­თვე­ლო­ში დაფიქსირდა ვისცერული ლეიშმანიოზის 2375 შემთხვევა, 2011–13 წლებში – 337, რ-თაგან 6 დასრულდა ლეტალურად. 2014 წელს – მხო­ლოდ 46, 2015 წელს – 68, 2016 წელს კი – 53 შემთხვევა.

დაავადების შემთხვევების მატება დაკავშირებულია მისი ძირითადი რეზერვუარის – ძაღლების რაოდენობის ­ზრდასთან, თუმცა ეს პროცესი აღინიშნება მრავალ სხვა ქვეყანაშიც, მ. შ. ევროპის სამხრეთში, რაც გლობალური დათბობის პრობლემებს უკავშირდება და რამაც გადამტანებით გამოწვეული დაავადებების მატება გამოიწვია. კერების მიხედვით თბილისში გამოკვეთილი იყო სამი რაიონი – მთაწმინდა, ვაკე და კრწანისი – ანუ მთისპირა და ტყისპირა რაიონები, სადაც მაწანწალა ძაღლები აფა­რე­ბენ თავს. თუმცა ბოლო წლებში დაავადება გავრცელდა ­მარცხ. სანაპიროს რაიონებშიც (განსაკუთრებით ისან-სამგორსა და ნაძალადევში), რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაავადებული ცხოველები – ძაღლები და გადამტანი მწერები – ფლებოტომუსები მეტ-ნაკლებად თბილისის ყველა რაიონში გვხვდე­ბა.

2013 ვისცერული ლეიშმანიოზი, გარდა თბილისისა, კიდევ 17 მუ­ნიცი­პა­ლი­ტე­ტის (მცხეთა, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, თეთრი წყა­რო, ბოლნისი, გორი, კასპი, ქარელი, თელავი, საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა, ქუთაისი) ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

ბოლო წლებში ლეიშმანიოზის კერა დაფიქსირდა დას. სა­ქარ­თველო­შიც, კერძოდ, ქუთაისში. ქვეყნის დას. ნაწილში ლეიშმანიოზის გადამტანები არ ბინადრობდნენ, მაგრამ ბოლო წლებში მათი გავრცელების არე­ალი გაფართოვდა, რა­მაც გამოიწვია ქ. ქუთაისში ვისცერული ლეიშმანიოზის კერის ჩამოყალიბება.

ლეიშმანიის გადაცემა ხდება დაინფიცირებული მდედრი ფლებოტომუსის კბენით. ფლებოტომუსი მცი­რე ზომის სისხლმწოვი მწერია, რ-იც ბუდიდან შორს არ დაფრინავს. გამრავლებისათვის საჭირო პირობებს მოსკიტები პოულობენ ცხოველთა ბუნაგებში, გა­მოქვაბულებში, მღრღნელების სოროებში, კლდის ნაპრალებში, ხის ფუღუროებში, შენობების ბზა­რებში, დაჩრდილულ ნაგვის გროვებში, ნიადაგში. ინ­ფი­ცირდე­ბიან დაავადებული ცხოველის სისხლის წოვის დროს. დაინფიცირებული მწერის კბენისას პა­რა­ზიტი გადადის ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ან ცხოველის ორგანიზმში და ასნებოვნებს მას.

საკვების ანუ სისხლის მოსაპოვებლად ფლებოტომუსი საღამოს ან ღამის საათებში დაფრინავს. მათი ცხოველქმედება ივნის-აგვისტოს ემთხვევა.

დაავადების გავრცელებაში წამყვანი ფაქტორია ძაღლები (როგორც მაწანწალა, ასევე ­სახლის). ახალგაზრდა ცხოველში დაავადება სწრაფად ­მიმდი­ნა­რე­ობს და ხში­რად სიკვდილით მთავრდება, ­ზრდასრულ ძაღლში კი დაავადების კლინიკა წაშლილია; აღინიშნება უსიმპტომო მტარებლობაც. ვისცერული ლეიშმანიო­ზით დაავადებული ძაღ­ლების მკურნალობის ეფექტური საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს, ამიტომ ეპიდემიოლოგიური საშიშროების გამო ძაღლი ექვემდებარება ევთანაზიას. ადამიანებში ვისცერული ლეიშმანიოზის საინკუბაციო პერიოდი 20 დღიდან 1 წლამდეა, საშუალოდ 3–5 თვე. დაავადებისათვის ზოგადად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, მოთენთილობა, ადინამია, სიფერმკრთალე, უმადობა, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, ანემია. სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ავადმყო­ფი შეიძლება დაიღუპოს. ვისცერული ლეიშმანიოზის დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათს და ანამ­ნე­ზურ მონაცემებს.

ადამიანიდან ადამიანზე ვისცერული ლეიშმანიოზი არ გადადის.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კანის ლეიშმანიოზის სპორადული შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება მცხე­თის მუნიციპალიტეტში. იგი ხასიათდება შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით და მწერის (ფლებოტომუსის) ნაკბენი ადგილის დაწყლულებით. შეჭრის ადგილას პა­რა­ზი­ტი ხვდება ადგილობრივი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებში, სადაც რჩება 1 წლამდე. საინკუბაციო პერიოდი რამ­დე­ნი­მე დღიდან 4 კვირამდეა. კანის ლეიშმანიოზის დროული მკურნალობის შემდეგ უხეში ნაწიბური არ რჩება.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კანის ლეიშმანიოზის ერთ-ერთ რეზერვუარად მიჩნეულია მაჩვები. ლეიშმანიის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია პა­რა­ზი­ტის იდენტიფიკაცია სისხლისა და ქსოვილის ნაცხებში. ასევე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა დიაგნოსტიკური საშუალებები, მაგალითად, იმუნოლოგიური სინჯები. ავადმყოფს უნიშნავენ სპეციფ. ანტილეიშმანიოზურ პრეპარატს.

ლეიშმანიოზის ­კონტროლისა და პროფილაქტიკისათვის აუცილებელია:

1. ლეიშმანიოზით დაავადებულ ადამიანთა დროული გამოვლენა და მკურნალობა;
2. ინფექციის რეზერვუარის კონტროლი, რაც გულისხმობს ინფიცირებული ცხოველების გამოვლენას, მათ მკურნალობას ან ევთანაზიას, მოხეტიალე ძაღლების პოპულაციის რეგულირებას;
3. ბრძო­ლა მოსკიტებთან, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს უკანონო ნაგავსაყრელების ლიკვიდაციას და ინსექტიციდებით დამუშავებას;
4. საგანმან. მუ­შა­ო­ბა მოსახლეობაში, განსაკუთრებით მცი­რეწლოვანი ბავშვების მშობელთა შორის.

ადამიანის ჰიდატიდოზის (ექინოკოკოზის) გამომწვევია Echinococcus-ის გვარის ორი ყველაზე მნიშვნე­ლო­ვა­ნი სახეობა – ექინოკოკის სოლიტერი Echinococcus granulosus), რ-იც იწვევს ბუშტუკოვან ექინოკოკოზს, და ალვეოკოკის სოლიტერი (Echinococcus multilocularis), რ-იც იწვევს ალვეოლურ ექინოკოკოზს. უფრო ხში­რად გვხვდე­ბა დაავადების ბუშტუკოვანი ფორმა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2014 წელს აღინიშნა ექინოკოკის 62 შემთხვევა. 2015 წელს – 45, 2016 წელს –108.

­ზრდასრული ექინოკოკი მიეკუთვნება ყველაზე მცი­რე ზომის თასმა ჭიებს, რ-თა სიგრძე 2–8 მმია. სტრობილა (სხეული) შედგება სამი ან ოთხი პროგლოტიდისაგან. ბინადრობს ში­ნა­უ­რი და მტაცებელი ცხოველების (ძაღლის, ­მგლის, ტურას, მელიის, აფთრის) ნაწლავებში, რ-ებიც ექინოკოკის კვერცხებს ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფენ და გარემოს აბინძურებენ. ადამიანისთვის დაავადების ძირითადი წყა­რო ძაღლია. ექინოკოკის კვერცხი დიდხანს ძლებს ძაღლის ბეწვზე, საოჯახო ნივთებზე, წყალში, საკვებში, ხილზე, მწვანილზე, ბალახზე, ნიადაგში. ბალახთან ერთად ხვდება შუალედური მასპინძლის (ცხვარი, ­მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ღორი) კუჭ-ნაწლავში და ექინოკოკოზით აავადებს. დაბინძურებული საკვების (ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა), ხელებისა და ­წყლის საშუალებით ექინოკოკის კვერცხები ხვდება ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტშიც. ადამიანისა და ცხოველის კუჭ-ნაწლავში მოხვედრილი კვერცხის გარსი ირღვევა და იქიდან ჩანასახი (ონკოსფერო) გამოდის 6 კაუჭით და აქტიური მოძრაობის უნა­რით. ის იჭრება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლებში და სისხლის ნაკადის მეშვეობით – ღვიძლსა ან ფილტვებში, უფრო იშვიათად კი სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში (თავის ტვინი, ელენთა, თირკმელი, კუნთები, ძვლები) აღწევს, სადაც ვითარდება პა­რაზი­ტის ცისტური (ბუშტუკოვანი) სტადია (ჰიდატიდური ცისტა). ჰიდატიდური ცისტა შეიცავს სითხეს და ათასობით შვილეულ ბუშტუკს, რ-ებშიც, თავის მხრივ, მოთავსებულია ჩანასახოვანი პროტოსკოლექსი (სხეულის წინა ნაწილი, ანუ მისამაგრებელი ორგანო). თუ ძაღლმა ან რომელიმე მტაცებელმა ექინოკოკით დაავადებული ცხოველის ორგანო შეჭამა, მის ნაწლავში განვითარდება ექინოკოკის სოლიტერი. ეს პათოლოგია სა­ქარ­თვე­ლო­შიც არის გავრცელებული. ბუშტუკოვანი ექინოკოკოზი მიმ­დი­ნა­რე­ობს ღვიძლის დაზიანებით, ამასთან, ხში­რად ლოკალიზებულია მარჯვენა წილში. იშვიათად ცისტა რამ­დე­ნი­მეა.

მეტად მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია დაავადების პროფილაქტიკა, რ-იც ტარდება ექინოკოკოზის კერებში.

საქართველოში ი. დ-ის კვლე­ვა დაიწყო 1913, ­როდესაც ბათუმში გაიხსნა მალარიის საწინააღმდე­გო სადგური. შემდგომ ეტაპზე, ს. ვირსალაძის ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით, თბი­ლისში დაარსდა ტროპ. დაავადებათა სადგური, რ-ის ბაზაზეც 1924 შეიქმნა ტროპ. დაავადებათა ინ-ტი. მისი პირველი დირექტორი იყო ს. ვირსალაძე. შემდგომ ინ-ტის დირექტორები იყვნენ: ს. კანდელაკი, გ. მარუა­­შვი­ლი (მისი ძალისხმევით მოხდა მალარიის, როგორც მასობრივი დაავადების და ანკილოსტომოზის ლიკვიდაცია სა­ქარ­თვე­ლო­ში), ი. თოფურია, ბ. ბარჯაძე, თ. ჩირგაძე, გ. ჭუბაბრია. ამჟამად, ინ-ტს ხელმ­ძღვანელობს ნ. კოკაია.

თ. გოგიჩაძე

ო. ზენაი­შვი­ლი