ინვესტიცია (გერმ. Investition <ლათ. investio – ვმოსავ, ვაცმევ), კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მოგების მიღების მიზნით. ადრეულ პერიოდში ი-ის სინონიმები იყო ისეთი კატეგორიები, როგორიცაა სიმდიდრე, დანაზოგი, დაგროვება, კაპიტალი. ცენტრალიზებული, გეგმიანი ეკონომიკის პირობებში იყენებდნენ ტერმინს „კაპიტალური დაბანდებები", ე. ი. დანახარჯები ძირითადი ფონდების კვლავწარმოების, გადიდებისა და სრულყოფისათვის, ანუ ი. გაიგივებული იყო კაპიტ. დაბანდებებთან. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში „ინვესტიციის" კატეგორიის შესახებ თვალსაზრისი შეიცვალა, რამაც თავისი ასახვა პოვა კანონმდებლობაშიც. ეკონ. ლიტ-რაში „ინვესტიციის" ცნება ახლოს დგას დანაზოგების ცნებასთან. მართლაც, ი. საჭიროებს დანაზოგებს, მაგრამ ყველა დანაზოგი ი-ის სტატუსს ვერ ღებულობს. ი-დ გადაიქცევა ის დანაზოგი, რ-საც ირიბად თუ პირდაპირ იყენებენ წარმოების გასაფართოებლად და დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით.
ი-ის კატეგორიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მაშინ, როდესაც პოსტსოციალისტურ ქვეყნებში დაიწყო პოლიტ. და ეკონ. გარდაქმნები, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გამოყენებით ეკონ. ფორმირების პროცესი.
ი. თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. დღეს იგი ერთ-ერთი ხშირად გამოსაყენებელი კატეგორიაა, თუმცა ლიტ-რაში ცნებას ხშირად საკმაოდ წინააღმდეგობრივად განმარტავენ.
ერთმანეთისგან განასხვავებენ ფინანსურ და რეალურ ი-ებს. ფინანსურია ი., როდესაც კაპიტალის დაბანდება ხდება კორპორაციის ან სახელმწ. მიერ გამოშვებული აქციების, ობლიგაციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შესასყიდად. რეალური კი არის ის ი., როდესაც კაპიტალის დაბანდება ძირითადად ხდება საწარმოო კაპიტალში კერძო კორპორაციების ან სახელმწიფოს მიერ. კერძო კორპორაციები კაპიტალს აბანდებენ ეკონ. იმ დარგებში, სადაც მეტი მოგება მიიღება, ხოლო სახელმწ. კორპორაციები კი – მცირეშემოსავლიან დარგებში, მაგ., ინფრასტრუქტურაში.
თანამედროვე ეკონ. გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საინვესტიციო საქმიანობას, რაც გულისხმობს ი-ის დაბანდებას და პრაქტ. საქმიანობის განხორციელებას მოგების მიღების ან უფრო სასარგებლო ეფექტის მიღწევის მიზნით.
ი. შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს: კაპიტალის სხვადასხვა ფორმით პირდაპირი დაბანდება (რეალური ი.); კაპიტალის არაპირდაპირი ფორმით დაბანდება ფინანს. აქტივების საშუალებით (ფინანსური ი.); მატერ. აქტივების ფორმით ყიდვა (მიწა, ძირითადი ფონდები); მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში ჩადებული კაპიტალი; დაბანდებები არამატერიალურ აქტივებში – პატენტები, ლიცენზიები, სარგებლობისა და საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშნები, ნოუ-ჰაუ, ადამიანური კაპიტალი (აღზრდა, განათლება, მეცნიერება), ფასიანი ქაღალდების შეძენა, ლიზინგის ყიდვა და ა.შ.
ი-ისადმი დამოკიდებულება განსხვავებულია იმის მიხედვითაც, თუ რას ისახავს კაპიტალის ინვესტირება მიზნად – პირდაპირ ინვესტირებას, პორტფელური ი-ების ზრდას თუ ინტელექტუალური სფეროს ინვესტირებას, რაც დაკავშირებულია კადრების მომზადებასთან, სპეციალისტების ტრენინგთან, კადრების გადამზადებასთან და ა.შ.
ინვესტირების პერიოდების მიხედვით ერთმანეთისგან განასხვავებენ მოკლევადიან (1 წლამდე), საშუალოვადიან (1–3 წლამდე), გრძელვადიან (3 წელზე მეტი) ი-ებს. ი-ების ეფექტიანობის შესაფასებლად გაიანგარიშება მათი გამოსყიდვის ვადის (კაპიტალის უკუგების) კოეფიციენტები.
საკუთრების ფორმის მიხედვით საინვესტიციო რესურსები შეიძლება სხვადასხვა ფორმის იყოს – კერძო, სახელმწიფო, უცხოური ან შერეული.
ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხ. ი-ების მოზიდვა. ამისათვის საჭიროა ქვეყანაში უცხოელი ინვესტორისათვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობა. ყოველივე ეს გულისხმობს თანაბარ პირობებს ადგილ. და უცხ. ი-ისთვის, ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შექმნას, რაც ინვესტორისთვის მასტიმულირებელი პირობაა.
საინვესტიციო საქმიანობის დასახასიათებლად აუცილებელია უცხ. ი-ების რაოდენობისა და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მისი პროცენტული წილის განსაზღვრა.
ინვესტირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო პირდაპირი უცხ. ი-ების მოზიდვას, არამედ რეინვესტირების პროცესის განხორციელებასაც. რეინვესტირება ეს არის პროცესი, როდესაც ინვესტორი ი-ებს ზრდის მიღებული შემოსავლიდან ან მოგების ხარჯზე. რეინვესტირების დროს ინვესტორები საგადასახადო შეღავათებს იღებენ, რაც მათი მასტიმულირებელია.
ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მახასიათებელია ასევე უცხ. ქვეყნების ი-ების ქვეყანაში შემოდინების მაჩვენებელი.
ი-ების დახასიათებისთვის, გარდა მომგებიანობის მაჩვენებლისა, ანგარიშობენ რისკის დონის მაჩვენებელს, თუ რაოდენ სარისკოა კაპიტალის დაბანდება. საინვესტიციო საქმიანობაში რისკის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორი: საკანონმდებლო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური. რისკებსა და მოგებას შორის შეფარდების აღწერისათვის გამოიყენება აქტივების შემოსავლიანობის შეფასების მოდელი (CAPM-ის მოდელი). საინვესტიციო რისკის ოდენობა უჩვენებს ი-ისა და მისგან შემოსავლის დაკარგვის ალბათობას.
საქართველოში გარკვეულწილად ი-ებზე არის დამოკიდებული ეკონომიკისა და მისი დარგების განვითარება. ი-ების აღრიცხვიანობა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში 1997-მდე არ ხდებოდა, რადგან არ არსებობდა მისი აღრიცხვის ერთიანი მეთოდოლოგია და სისტემა. 1997-იდან დღემდე ი-ების ნაკადი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. შიდა დანაზოგების დაბალი ტემპების გამო დიდია უცხ. ი-ების როლი ეკონომიკაში. 1997 წ. იგი შეადგენდა 242,6 მლნ. აშშ დოლარს, 2010 წ. – 845,1 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო 2015 წ. იგი გაიზარდა 1564,5 მლნ. აშშ დოლარამდე, 2017 წ. კი – 1861,9 მლნ. აშშ დოლარამდე. 2017 ი-ებმა შეადგინა მშპ-ის 31,9%.
საქართველოში ი-ებს აბანდებენ ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნები, თურქეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სხვ. პირდაპირი უცხ. ი-ების დაბანდება ძირითადად ხდება შემდეგ სფეროებში: საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა, უძრავი ქონება, დამმუშავებელი და სამთომომპოვებელი მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ. ბოლო 10 წლის განმავლობაში უცხ. ი-ების დინამიკა ძალზე ცვალებადი იყო. 2010–11 წლებში პირდაპირმა უცხ. ი-ებმა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) შეადგინა 7,3–7,7%, 2012–13 წლებში იგი შემცირდა 6,5-იდან 6,3%-მდე, 2014–15 წლებში კი გაიზარდა შესაბამისად 10,6 და 11,2%-მდე, ხოლო 2016–17 წლებში შეადგინა შესაბამისად 11,1% და 12,3%. ი-ების ძირითადი ნაწილი გამოყენებული იქნა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის.
2017 წ. პირდაპირი უცხ. იების მეოთხედზე მეტი – 25,9% დააბანდა აზერბაიჯანმა. სულ დაბანდებული ი-ების 39,44% მოდიოდა ევროკავშირის ქვეყნებზე, რ-თა შორის ყველაზე მსხვილი ინვესტორი იყო გაერთიანებული სამეფო (13,6%), ნიდერლანდები (12,0%) და ჩეხეთი (7,2%). დსთ-ის ქვეყნების ი-ების 92,2% აზერბაიჯანზე მოდის. რუსეთის წილი შემცირდა ი-ებში 2016 წლის 2,3%იდან 2017 წლის 1,8%-მდე. ამავე პერიოდში გაიზადა ჩინეთის ი-ები – 1,7%-იდან 2,8%-მდე, აშშ-იდან მიღებული ი-ები – 3,5%-იდან 4,0%-მდე, თურქეთიდან მიღებული ი-ები – 12,0%-იდან 15,0-მდე. 2017 წ. ი-ების ყველაზე მსხვილი დაბანდების სფერო იყო კავშირგაბმულობა და ტრანსპორტი (28,3%), საფინანსო სექტორი (16,3%), მშენებლობა (15,8%), ენერგეტიკა (10,1%). უცხ. ი-ების თითქმის 4/5 (78,2%) დაბანდებულ იქნა თბილისის ეკონომიკაში.
ვ. სართანია