ინსტიტუციონალური ეკონომიკა, ინსტიტუციური ეკონომიკა, ეკონომიკური აზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც იკვლევს არაფორმალური და ფორმალური საზოგადოებრივი ინსტიტუტების (ინდივიდები, ფირმები, სახელმწიფო, სოციალური ნორმები) გავლენას ეკონომიკაზე. იგი თანამედროვე ბაზრებს განიხილავს როგორც ამ ინ-ტების მოქმედების შედეგს, ეკონომიკური ინ-ტების ევოლუციას კი მიიჩნევს კულტ. განვითარების პროცესის ნაწილად. ი. ე. წარმოიშვა XIX–XX სს. მიჯნაზე, თუმცა მისი საწყისები გვხვდება შორეულ წარსულში პლატონის, არისტოტელეს, ასევე ევრ. განმანათლებელთა – შ. მონტესკიეს, ჯ. ლოკის, ტ. ჰობზის და სხვათა შრომებში. ი. ე-ის თეორ. ბაზას წარმოადგენს ინსტიტუციონალიზმი, რ-იც შეისწავლის სახელმწიფოს ფორმალური და საზ. ორგანიზაციების – ინ-ტების როლს და ზეგავლენას ადამიანების სოც., პოლიტ. და ეკონ. ქცევებზე. იგი ინ-ტებს განიხილავს როგორც საზ-ბის სოც. სტრუქტურის მდგრად ნაწილს და განსაზღვრავს სოც. ცხოვრებას კულტურული, ნორმატიული და სხვადასხვა მარეგულირებელი ნორმებით. მას საფუძველი ჩაუყარეს თ. ვებლენმა, ჯ. კომონზმა და უ. მიჩელმა. ისინი ითვლებიან ადრეული ინსტიტუციონალიზმის წარმომადგენლებად. კანონმდებლობისა და ეკონომიკის კავშირი და ქცევითი ეკონომიკა, რ-იც დაფუძნებულია კოგნიტურ მეცნიერებაზე, როგორც ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ლინგვისტიკის, ანთროპოლოგიის მეცნიერებათშორის დარგზე, გახდა მათი კვლევების მთავარი ობიექტი. მათ ადამიანების, როგორც ეკონ. გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების, ქცევები წარმოადგინეს როგორც უმთავრესად ინ-ტებისა და წეს-ჩვეულებების ზემოქმედების შედეგი. მათი მოძღვრება შემდგომ განავითარეს ნეოინსტიტუციონალიზმის ფუძემდებლებმა – კ. პოლანმა, დ. ნორთმა, ჯ. გელბრეითმა, რ. კოუზმა და სხვ., რ-ებმაც ტრად. ინსტიტუციონალიზმში შეიტანეს ახ. თეორიები ორგანიზაციის, ინფორმაციის საკუთრების უფლების და ტრანსაქციული ხარჯების შესახებ და დაეფუძნენ ინ-ტების სოციოლოგიურ ხედვას. სწავლობდნენ წესების, ნორმების გზით ინ-ტების ზემოქმედებას ერთმანეთზე, მათ გავლენას საზ-ბაზე და ადამიანის, ორგანიზაციებისა და ხელისუფლების ქცევებზე, მათ მიერ რაციონალური არჩევანის გაკეთებაზე. ნეოინსტიტუციონალიზმი აერთიანებს რაციონალურობას, როგორც მიზნის მისაღწევ ეფექტიან მეთოდს და ორგანიზაციულ კულტურას; იგი მიიჩნევს, რომ როგორც ინ-ტის, ასევე ინდივიდის დონეზე გადაწყვეტილების მიღება ხდება როგორც რაციონალურად სარგებლის მაქსიმიზაციის და მწირი რესურსების ეფექტიანი გამოყენების, ასევე კულტურული და მორალური ღირებულებების შენარჩუნებისა და დაცვის გათვალისწინებით. ამასთან უარყოფს სოც. განვითარების კლასიკურ, ეკონ. მიდგომას, სადაც გადაწყვეტილების მიღება რაციონალური ქცევებით ხდება და ეკონ. და მატერ. სიკეთის ზრდისკენაა მიმართული. მიიჩნევა, რომ საზ. პროცესები, სოც. და ორგანიზაციული ფენომენები უფრო უკეთ შეიძლება კოგნიტური და კულტუროლოგიური მიდგომით აიხსნას. ნეოინსტიტუციონალიზმის თეორ. სკოლა სამ განსხვავებულ მიდგომას აერთიანებს, ესენია: ისტ. ინსტიტუციონალიზმი, რაციონალური არჩევანის ინსტიტუციონალიზმი და სოციოლოგიური ინსტიტუციონალიზმი.
ინსტიტუციონალიზმის თეორ. პრინციპები დღესაც მოქმედებს საზ. აზრის განვითარებაზე. მსოფლიოს და ცალკეული ქვეყნების ეკონ. განვითარებამ უკანასკნელ პერიოდში ცხადყო ინსტიტუციონალიზმის რიგ შეხედულებათა საფუძვლიანობა და მათი პრაქტიკაში გამოყენების მიზანშეწონილობა. ამ სკოლის პოზიციებიდან ხდება ეკონომიკური პრობლემების ახსნა, ეკონ. სოციალური და კულტ. ფენომენების ინტეგრირება. ეკონ. განვითარების წინაპირობად სახელდება სოციალური ინ-ტების მოდერნიზაცია.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ინსტიტუციონალიზმის ცალკეული საკითხები ყოველთვის იყო ქართვ. საზ. მოღვაწეებისა და განმანათლებლების მსჯელობის საგანი. ეროვნულობას, ენას, კულტურას, რელიგიას სახელმწიფოს ეროვნ. მოწყობის უდიდეს ფასეულობად აღიარებდნენ ი. ჭავჭავაძე, მ. წერეთელი, ა. ჯორჯაძე, დ. ყიფიანი, ნ. ნიკოლაძე და სხვა საზ. მოღვაწეები.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სახელმწ. მოდელის შემუშავება ქვეყნის ყველა მთავრობის პოლიტ. დღის წესრიგის უმთავრეს საკითხთა შორის იყო. დემოკრატიული ინ-ტების ფორმირება და ხელისუფლების რეფორმები მიჩნეულ იქნა ეკონ. განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობად. ეკონ. განვითარებაში წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნებიან სახელმწ. ინ-ტები საზ. ღირებულების მატარებელნი და დამცველნი. დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესაბამისად ეკონ. მართვის დერეგულირებამ, ძლიერი სახელმწ. ინ-ტების ჩამოყალიბებამ, სოც. პასუხისმგებლობის და ეროვნ. გეზის მქონე, დემოკრ. ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ფორმირებამ.
ი. ე-ის საკითხებზე მეცნიერმკვლევართა სპეც. ნაშრომები არ შექმნილა. ცალკეულ საკითხებზე შეიძლება აღინიშნოს რ. აბესაძის, ა. აბრალავას, ი. მესხიას, ე. მექვაბიშვილის, გ. პაპავას, ვ. პაპავას, ა. სილაგაძის, ნ. ჭითანავას, ლ. ჩიქავას და სხვათა ნაშრომები. ავტორები ეხებიან ცენტრალიზებული გეგმიანი სოციალ. ეკონომიკიდან დეცენტრალიზებულ საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ და პოსტტრანსფორმაციულ პერიოდებში სახელმწიფოს გარდაქმნის პრობლემებს. ი. ე-ის სწავლება, როგორც საჯარო მმართველობის, ასევე ეკონომიკის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულებით მიმდინარეობს საქართვ. საზოგადოებრივ საქმეთა ინ-ტში, თსუ-ში, სტუ-ში, ილიას უნ-ტში და სხვა უნ-ტებში.
ლიტ.: ვ ე ბ ე რ ი მ., პოლიტიკა როგორც მოწოდება და ხელოვნება, თარგმ. ინგლ., თბ., 2005; კ ი უ ნ გ ი კ., მსოფლიო ზნეობა მსოფლიო ეკონომიკისათვის და მსოფლიო პოლიტიკისათვის, თარგმ. ინგლ., თბ., 2005; მ ა ლ ა შ ხ ი ა გ., მეტაეკონომიკა – ეკონომიკის ფილოსოფია, თბ., 1995; პ ა პ ა ვ ა ვ., პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა, თბ., 2002; სილაგაძე ა., ეკონომიკური დოქტრინები, თბ., 2010; ფრიდმენი მ., კაპიტალიზმი და თავისუფლება, თარგმ. ინგლ., თბ., 2002; წ ე რ ე თ ე ლ ი მ., ერი და კაცობრიობა, თბ., 1990.
გ. მალაშხია
მ. თოქმაზიშვილი