ინტელექტუალური საკუთრება

ინტელექტუალური საკუთრება, ინტელექტუალური საკუ­თრების სამართლის შემადგენელი უფ­ლებები, რომელთა ერთობლიობაც შეადგენს ­ინტელექტუალური შემოქმედებით დაკავებულ ადამიანთა ქონებას. მათი ­ობიექტია ადამიანის ინტელექტუალური შემოქმედების ნებისმიერი ­შედეგი, რ-იც და­ცუ­ლია სამრეწვ. და კომერციულ ურთიერთობებში უნებართვო გამოყენებისაგან. იურიდ. ცნება „ინტელექტუალური საკუთრება“ ამჟამინდელი გაგებით დამკვიდრდა 1967 ი. ს-ის მსოფ­ლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონ­ვენციის ძალაში შესვლის შემდეგ. ამ კონვენციის მე-2 (VIII) მუხლი იძლე­ვა ი. ს-ის ობიექტების ჩამონათვალს, რ-იც არ არის (და არც შეიძლება იყოს) ამომწურავი. იგი მოიცავს ლიტ-რას, ხელოვნებასა და სამეცნ. ნაშრომებს; მსახიობთა შესრულებას და მათ ჩანაწერებს, რადიო- და ტელეგადაცემებს; გა­მოგონებებს, დაკავშირებულს ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფე­როსთან; მეცნ. აღმოჩენებს; სამრეწვ. ნიმუშებს (დიზაინებს); სასაქონლო და მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებს და სხვა კომერციულ აღნიშვნებს; აგრეთვე ითვალისწინებს ჩამოთვლილი და სხვა მსგავ­სი ობიექტების გა­მო­ყე­ნე­ბით წარმოქმნილი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას.

ი. ს-ის ერთ-ერთი სფეროა საავტორო სამართალი – ინტელექტუალურ უფლებათა სამართლის ნაწილი, რ-იც აწესრიგებს ლი­ტე­რა­ტუ­რასთან, მეცნიერებასთან და ხელოვნებასთან დაკავშირებულ ინტელექტუალური შემოქმედების შედეგით წარმოქმნილ ურთიერთობებს. საავტორო სამართ. უფლებები წარმოიშობა და ძალას იძენს ­ავტომატურად, ინტელექტუალური შემოქმედების შედეგის ობიექტური ფორმით გამოხატვასთან ერთად. ­საავტორო სამართლებრივ პირად არაქონებრივ უფლებებს ეკუთვნის ავტორად და შემსრულებლად აღიარების მოთხოვნის, სახელის, ნაწარმოების გამოქვეყნებისა და ხელშეუხებლობის უფლებები. მათი სხვა პირთათვის გადაცემა დაუშვებელია. განსაკუთრებული უფ­ლებები ვრცელდება ნაწარმოების, შესრულების, ჩანაწერისა და სამაუწყებლო გადაცემის ნებისმიერი სა­ხით უნებართვო გამოყენებაზე (სარგებლობაზე); ამ უფლებათა სხვა პირისათვის გადაცემა დასაშვებია ჩვეულებრივი ქონების მსგავ­სად.

ი. ს-ს ეკუთვნის აგრეთვე სამრეწველო საკუთრება – სამრეწვ. საკუთრების სამართლის შემადგენელი, მრეწველობასთან და კომერციასთან დაკავშირებული ქონებრივი ინტელექტუალური უფლებები, რ-ებიც ვრცელდება ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებულ გამოგონებებზე, სასარგებლო მოდელებზე (მცი­რე გამოგონებებზე), სამრეწვ. ნიმუშებზე (დიზაინებზე), სასაქონლო და მომსახურების ნიშნებზე, საფირმო სახელწოდებებზე, გეოგრ. აღნიშვნებზე და მათთან დაკავშირებული არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთაზე. ცნება „სამრეწველო საკუთრება" დამკვიდრდა 1883 სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის ამოქმედების შემდეგ.

ი. ს-ს უკავშირდება საერთაშორისოდ აღიარებული ცნობილი ტერმინი „ნ ო უ - ჰ ა უ" – სამრეწვ. და კომერციული საი­დუმ­ლოება, რ-საც შეადგენს განსაკუთრებული მნიშვ­ნე­ლო­ბის მქონე, კონკურენტულ გარემოში გამოსაყენებელი ინტელექტუალურ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცოდნა (ინფორმაცია) – საი­დუმ­ლოების დაცვა უზრუნველყოფილია ტექ. და ორგანიზაციული ღონისძიებებით. ნოუ-ჰაუს ეკუთვნის, მაგ., საი­დუმ­ლოდ შენახული გამოგონებები, რეცეპტები, ლაბორ. ცდების შედეგები, კომერციული პარტნიორების სიები და ეკონ. ურთიერთობებში გამოსაყენებელი სხვა მონაცემები.

ი. ს. და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კანონმდებლობით.

ლიტ.: ძ ა მ უ კ ა ­შ ვ ი ­ლ ი  დ., ინტელექტუალური უფლებები, თბ., 2006; მ ი ს ი ვ ე, ინტელექტუალურ უფლებათა სამართალი, თბ., 2013; ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე  ს., ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 1998.

დ. ძამუკა­შვი­ლი