ინტერპოლი, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Criminal Police Organization, „Interpol"), დამნაშავეთა რეგისტრაციის საერთაშორისო ცენტრი. ი-ის იდეა წარმოიშვა 1914 საერთაშ. კრიმინალური პოლიციის I კონგრესზე მონაკოში. მასში მონაწილეობა მიიღეს პოლიციისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 24 ქვეყნიდან. მათი მიზანი იყო, ეპოვათ თანამშრომლობის გზები კრიმინალთან ბრძოლის საქმეში. ოფიციალურად ი-ის ორგანიზაცია დაარსდა 1923. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო ხელისუფალთა თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ი-ში გაწევრიანებულია 190 ქვეყანა (2014). უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოებია: გენერალური ასამბლეა – აერთიანებს ი-ის წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, იკრიბება ყოველწლიურად, ირჩევს აღმასრულებელ კომიტეტს პრეზიდენტის, სამი ვიცე-პრეზიდენტისა და ცხრა დელეგატის შემადგენლობით – ყოველი მათგანი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იყოს; მრჩეველთა კოლეგია; გენ. სამდივნო (მუდმივმოქმედი ორგანო), რ-იც კოორდინაციას უწევს ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების საპოლიციო ორგანოების საქმიანობას, აგროვებს დოკუმენტაციას ძებნილი პირების შესახებ და ა.შ. ოფიც. ენებია: ფრანგული, ინგლისური, ესპანური და არაბული. შტაბ-ბინა ქ. ლიონშია (საფრანგეთი).
საქართველო ი-ში გაწევრიანდა 1993 სექტემბერში. შეიქმნა საქართვ. ინტერპოლის ეროვნ. ცენტრ. ბიურო, რ-იც აქტიურად საქმიანობს საქართველოში და საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის, დაკავებისა და გადაცემის (იხ. ექსტრადიცია) საქმეში.
ლ. ალექსიძე