„ინტერ რაო“ (საჯარო სააქციო საზოგადოება ჯგუფი „ი ნ ტ ე რ რ ა ო "), დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგი, რომელიც მართავს აქტივებს როგორც რუსეთში, ასევე ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებში. დაარსდა 1997, როგორც რაო „ეეს როსიას" (რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემა) შვილობილი სტრუქტურა, რ-იც პასუხისმგებელი იყო ელექტროენერგიის ექსპორტსა და იმპორტზე. მისი საქმიანობა მოიცავს ელექტრო და თბოენერგიის წარმოებას, ენერგოგასაღებას, საერთაშ. ენერგოტრეიდინგს; ინჟინერინგს, ენერგომოწყობილობების ექსპორტს, რფ-ის ფარგლებს გარეთ გამანაწილებელი ელექტროქსელების მართვას.
„ი. რ." ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ერთადერთი რუსული ოპერატორია. მიწოდებების არეალი მოიცავს ფინეთს, ბელარუსს, ლიტვას, უკრაინას, საქართველოს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ჩინეთსა და მონღოლეთს. ჯგუფი მართავს ენერგოგასაღების კომპანიებს – გარანტორ მიმწოდებლებს რუსეთის 12 რეგიონში. ასევე ფლობს კომპანიებს, რ-ებიც ელექტროენერგიას აწვდიან მსხვილ სამრეწვ. მომხმარებლებს. ჯგუფის სტრატეგია მიმართულია ეფექტური საერთაშ. დივერსიფიცირებული ჰოლდინგის შექმნაზე, რ-იც საქმიანობას წარმართავს ელექტროენერგეტიკის ყველა ძირითად კონკურენტულ სეგმენტში. ამ სტრატეგიის რეალიზაცია შესაძლებლობას მისცემს „ი. რ-ს" 2020-თვის შევიდეს მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტ. კომპანიების ათეულში. მისი აქციონერები არიან: ჯგუფი „როსნეფტეგაზი" (27,63 %), ჯგუფი „ინტერ რაო კაპიტალი" (18,49%), „ფსკ ეეს"(18,57%), ჯგუფი „რუსჰიდრო" (4,9%), ფრეე-ფლოატ (აქციების დაახლოებითი წილი, რ-იც თავისუფალ ბრუნვაშია – 30, 40%). ჯგუფში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე აღემატება 33 მეგვტ.
2017 „ი. რ-ს" ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობამ შეადგინა 6,230 მლრდ. კვტ. სთ, ხოლო ექსპორტის მოცულობამ – 16,699 მლრდ. კვტ. სთ. რფ-ის ფარგლებს გარეთ „ი. რ." საქმიანობას ახორციელებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რამდენიმე სეგმენტში: ელექტროენერგიის ტრეიდინგი; გენერაცია; გადაცემა, განაწილება და გასაღება; ინჟინირინგი და მოწყობილობების მიწოდება. იგი ელექტროენერგიის ტრეიდინგს ახორციელებს სკანდინავიის ბაზარზე – მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტროენერგიით მოვაჭრე ბირჟაზე „Nord Pool", ბალტიისპირეთის ქვეყნებში. კომპანია ასევე მართავს გენერაციის უცხ. აქტივებს (საერთო დადგმული სიმძლავრით 4255 მეგვტ): სამ თბოელექტროსადგურს – „მოლდავეთის სრესი" (მოლდავეთი), „თრაკია ჰესი" (თურქეთი), „ეკიბასტუზის სრესი-2" (ყაზახეთი), საერთო სიმძლავრით 2998 მეგვტ; ქარის ელექტროენერგიის ერთ სადგურს „Vydmantai Wind Park UAB, რ-ის სიმძლავრეა 30 მეგვტ (ლიტვა); ორ ჰიდროელექტროსადგურს „ხრამჰესი-I" და „ხრამჰესი-II" (საქართველო), რ-თა საერთო სიმძლავრეა 227 მეგვტ.
„ი. რ-ს" შემადგენლობაში შედის გამანაწილებელი ელექტროქსელური კომპანია „თელასი" (საქართველო).
ნ. ალაფიშვილი