ინფექციური დაავადებები

ინფექციური დაავადებები, გადამდები დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ­ბ ი, რომ­ლებიც ინფექციის შედეგად ვითარდება. ინფექცია არის ორგანიზმის ქსოვილებში დაავადების გამომწვევი აგენტის შეჭრა, გამრავლება და ამ აგენტსა და მის მიერ გამომუშავებულ ტოქსინებზე ორგანიზმის ქსოვილების რეაქცია. ინფექციის გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსი, ვიროიდი, პრიონი, ბაქტერია, უმარტივესი, სოკო, ჰელმინთი.

ი. დ-ის განვითარება ყოველთვის დაკავშირებულია ორგანიზმში სპეციფიკური, ამ დაავადების გამომწვევი ინფექციური აგენტის მოხვედრასთან. ერთი და იგივე აგენტი ყოველთვის ერთსა და იმავე ინფექციურ დაავადებას იწვევს.

ი. დ-ები ხასიათდება ტიპური ანუ ციკლური მიმდინარეობით, როცა დაავადების ცალკეული პერიოდები გარკვეული თანმიმდევრობით მოჰყვება ერთმანეთს და მთავრდება განსაზღვრული დროის განმავლობაში. ციკლური მიმდინარეობით ძირითადად ხასიათდება მწვავე ი. დ-ები, ამასთან, ცალკეული პერიოდების ხანგრძლივობა სხვა­და­სხვა სუბიექტში განსხვავებულია.

ი. დ-ის მიმდინარეობაში არჩევენ: 1) ინკუბაციურ პერიოდს, 2) პროდრომულ, ანუ პირველი კლი­ნიკური ნიშნების გამოვლინების პერიოდს, 3) პათოგნომურ, ანუ ამ დაავადებისათვის ­დამახასიათე­ბელი კლინიკური ნიშნების გამოვლინებისა და 4) გამოჯანმრთელების პერიოდებს.

ი. დ-ის კიდევ ერთი თავისებურებაა დაავადების გადატანის შემდეგ მიუღებლობის, ანუ იმუნიტეტის განვითარება ამ დაავადების გამომწვევი აგენტის მიმართ.

ი. დ-ის გადაცემის გზებია: პირდაპირი – ლორწოვანთან და კან­თან კონტაქტით, პლაცენტის გავლით, სისხლითა და ტრანსპლანტანტებით, ხველით, ცემინებით; არაპირდაპირი – წვეთოვანი, აერო­ვანი, საკვებითა და წყლით, საგნებით, ვექტორებით (ფეხსახსრიანებით). ინ­ფექ­ციური აგენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შესაძლებელია: 1. ინფექცია არ გან­ვითარდეს; 2. გამოვლინდეს კლი­ნიკურად, მისი გამოსავალი შეიძლება იყოს: სრული გამოჯან­მრთელება, ლეტალური გამოსავალი, პროცესის გაქრონიკულება; 3. გამოვლინდეს სუსტად გამოხატული კლინიკური ნიშნებით – სუბკლინიკურად, მისი გამოსავალია გამოჯანმრთელება ან მტარებლობის განვითარება; 4. ჩამოყალიბდეს მტარებლობა.

ქიმიოთერაპია ­ინფექციური აგენ­­ტის დამაზიანებელი ეფექტის წინააღმდეგ მიზანმიმართული მკურნალობაა. მისი ­ძირითადი მიზანია დაბალი ტოქ­სიკურობა, მაღალი ბიოშეღწევადობა, გახანგრძლივებული მოქმედება, მი­ნიმალური გვერდითი ეფექტების არსებობა. ანტიინფექციური ქიმიური საშუალე­ბებია: ანტიბიოტიკ­ები, სულფანილა­­მიდები, ნიტრო­ფუ­რანის ნაწარმები, ანტიტუ­ბერკულოზური, ანტიპროტო­ზოული, ანტიფუნგური, ანტიჰელ­მინთური, ან­ტივირუსული საშუ­ალებები. ანტიინფექციური ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების ისტორია დაიწყო 1929, ა. ფლემინგის მიერ პენიცილინის აღმოჩენით.

არსებობს ინდივიდ. (შეძენილი) და მემკვიდრეობითი (თანდაყოლილი) იმუნიტეტი. ლუი პასტერმა და მისმა მოსწავლეებმა – პიერ პოლ ემილ რუმ და შარლ ედუარდ შამბერლანმა – შეიმუშავეს ი. დ-ისაგან ხელოვნური მიუღებლობა დამცველი ვაქცინებით. მათ დაასაბუთეს, რომ დასუსტებული პათოგენური მიკრობების ორგანიზმში შეყვანა შემდგომში იცავს მას ყველაზე ძლი­ე­რი ინფექციისაგან.

ამჟამად, მთელ მსოფლიოში ფართოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ი. დ-ების პრევენციულ ღონისძიებათა ­მძლავრი სისტემა: იმუნიზაცია და ვაქცინაცია.

იმუნიზაცია – ეს არის ორგანიზმის მზაობა სპეციფიკურ გამომწვევებთან საბრძოლველად. მისი მიზანია ცალკეული ადამიანების ან მოსახლეობის დაცვა ე. წ. „მართვადი" ინფექციებისაგან. იმუნი­ზაცია 2 ტიპისაა: პასიური და აქტიური. პასიური – ესაა მზა ანტი­სხეულების შეყვანა ორგანიზმში იმუ­ნური პრეპარატებისა და გლო­ბულინების სა­ხით. ამ დროს ყალიბდება ხანმოკლე იმუნიტეტი. აქტიური იმუნიზაცია ხორციელდება ვაქცინაციის საშუალებით. ორგანიზმში ვაქცინის შეყვანას, აცრა ეწოდება.

ვაქცინები 4 ჯგუფისაა: 1. ცოცხალი – შეიცავს დასუსტებულ, ვირულენტობადაქვეითებულ ცოცხალ მიკროორგანიზმებს. მაგ., პოლიომიელიტის, წითელას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინები; 2. ინაქტივირებული – შეიცავს დახოცილ მიკრობებს (ყივანა­ხველის, ცოფის); 3. ანატოქსინები – შეიცავს მიკრობთა ინაქტივირებულ ტოქსინებს, მაგ., დიფტერიის, ტეტანუსის; 4. ბიოტექნოლოგიით მი­ღებული – B ჰეპატიტის, პაპილომავირუსული ინფექციის. ლიცენზირებული ვაქცინების რიცხვი 60-ს აჭარბებს.

არჩევენ ენდემურ ინფექციებს, როცა მოცემულ გეოგრ. არეში ი. დ. მუდმივად არსებობს, რაც ამ ტერიტორიაზე არსებულ გარკვეულ პირობებს უკავშირდება; ეპიდემიურს, როცა ი. დ. გარკვეულ ტერიტორიაზე პერიოდულად ჩნდება და ვრცელდება; პანდემიურს, როცა ეპიდემია ფართოდ ვრცელდება, მოიცავს ქვეყნებს, კონტინენტს ან კონტინენტებს. ცნობილია ი. დ-ის ე. წ. გლობალური პანდემიები, როცა დაავადება სწრაფად და ერთდროულად ვრცელდება ყველა კონტინენტზე (მაგ., გრიპი).

ცნობები გადამდებ დაავადებებზე არსებობს ძვ. ჩინეთის, ეგვიპტის, ასევე ბაბილონის უძველეს ხელნაწერებში. ი. დ-ით გამოწვეული დამანგრეველი ეპიდემიები და პანდემიები მუდმივად თან სდევდა კაცობრიობის ისტორიას ყველა პერიოდში. მაგ., შუა საუკუნეებში შავი ჭირით გარდაიცვალა ევროპის მოსახლეობის ერთი მესამედი. XVII–XVIII სს-ში ევროპის ქვეყნებში მარტო ყვავილით ყოველწლიურად ავადდებოდა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. პარტახტიანი ტიფის ეპიდემია თან სდევდა ყველა ომს. ამ ინფექციით დაიღუპა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ერთად აღებული სხვა­დასხვა სახეობის იარაღით. XX ს. გრიპის პირველი პანდემიის დროს (1918–22 წწ.), რ-იც ისტორიაში შევიდა „ისპანკას" სახელით, დაავადდა 500 მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან 20 მლნ. გარდაიცვალა.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი ი. დ-ის წინააღმდეგ ბრძო­ლის ისტორია უშუალოდაა დაკავშირებული თსსი-ის ი. დ-თა კა­თედ­რის მოღვაწეობასთან, რ-იც დაარსდა 1930. მისი პირველი გამგე შ. მიქელაძე იყო. პედ. მუ­შა­ო­ბასთან ერთად კათედრაზე დაიწყო ნაყოფიერი სამეცნ. მოღვაწეობა იმ პერიოდისათვის ინფექციური პათოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე. კა­თედ­რის პირველი წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ ყვავილის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოგვიანებით, 1934 კა­თედრის ინიციატივით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაარსდა წითელას საწინააღმდეგო შრატის დამამზადებელი სადგური, რამაც მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი როლი შეასრულა იმ პერიოდისათვის ფართოდ გავრცელებული წითელას მკურნალობის საქმეში.

1933–43 კა­თე­დრას ხელმძღვანელობდა ნ. ანდრიაძე. მისი წევრები ქვეყნის მასშტაბით ეწეოდნენ კონსულტაციებს. მათი სამეცნ. პუბლიკაციები ეხებოდა ქუნთრუშას, წითელი ქარის, მუცლის ტიფის, ნაწლავთა ინფექციების ეტიოლოგიისა და მკურნალობის პრობლემებს. კა­თედ­რის ინიციატივით დაინერგა დიფტერიული კრუპის მკურნალობა ინტუბაციით, რამაც შეამცირა ბავშვთა ლეტალობა. 1942 კა­თე­დრას შეუერთდა ტროპიკულ სნეულებათა კათედ­რა. 1943–54 კა­თედ­რის გამგე იყო მ. კანდელაკი, 1954–80 – გ. კვიტა­­შვი­ლი, რ-ის უშუალო ინიცია­ტივით ქვეყანაში ­ჩამოყალიბდა ინფექციონისტთა ­მძლავრი სკოლა. 1980-იდან კა­თე­დრას ხელმძღვანელობდა ე. ბოცვაძე. მისი ძალისხმევით ჩვენს ქვეყანაში ყოველმხრივ შეისწავლეს ვირუსული ჰეპატიტების პრობლემები. ამ პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი იყო სამეცნ. შრომები, რ-იც ეხებოდა ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ინფექციების ეტიოლოგიის და მკურნალობის პრობლემებს, ნაწლავთა ინფექციების შესწავლას და სხვ.

1999-იდან კა­თედ­რის გამგე, ხოლო 2006-იდან – ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია ე. ვაშაკიძე. კათედ­რის სამეცნ. კვლევები ამჟამად მიმართულია ქრონ. ვირუსული ჰეპატიტების, გენერალიზებული ბაქტერიული ინფექციების, სეფსისის პათოგენეზისა და მკურნალობისკენ. მაღალკვალიფიციური კადრი ჩართულია უნიკალურ, გლობალური მნიშვ­ნე­ლობის – „სა­ქარ­თვე­ლო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში", რ-იც პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების გამო გაგრძელდა 10 წლით.

ქვეყანაში ი. დ-ის პრობლემატიკაზე მუშაობს შემდეგი პროფილური დაწესებულებები: სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი"; შპს „აკად. ვ. ბოჭორი­შვი­ლის სახ. სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიის კლინიკა"; შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო"; შპს „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი"; შპს „ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო"; შპს „ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო".

ი. დ-თან ბრძო­ლის მოთავე დაწესებულება ქვეყანაში არის ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

არსებობს 2 დარგობრივი ასოციაცია: „სა­ქარ­თვე­ლოს ინფექციონისტთა ასოციაცია"(პრეზიდენტი – ე. ვაშაკიძე) და „სა­ქართვე­ლოს ინფექციონისტთა, ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ჰეპატოლოგთა ასოციაცია" (პრეზიდენტი – თ. ცერ­ცვაძე). პ. იმნაძე.

ბავშვთა ი. დ., გადამდები დაავადებების გარკვეული ნაწილი, რ-ებიც უფრო ბავშვთა ასაკისათვის არის დამახასიათებელი, ესენია: წითელა, წითურა, ყბაყურა, ჩუტყვავილა, ქუნთრუშა და სხვ. ბავშვთა ი. დ-ის ზოგიერთი ინფექციის პრევენცია ხდება იმუნიზაციით.

ეს დაავადებები ხასიათდება ტიპური, წაშლილი ან სუბკლინიკური მიმდინარეობით. ისინი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

ბავშვთა ი. დ-ის გადატანის შემდეგ ვითარდება კონკრეტული გამომწვევის მიმართ სპეციფ. და ხანგრძლივი (მთელი ცხოვრების განმავლობაში), ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – სუსტი იმუნიტეტი.

ბავშვთა ი. დ-ის ­გადაცემის ­გზებია: ჰაერ-წვეთოვა­ნი, ფეკა­ლურ-ორა­ლური, ­ტრანს­პლა­ცენ­ტური ან ლაქტაციის პე­რიოდში, ტრანსმისიუ­რი.

ახალშობილის იმუნური სისტემის მოუმწიფებლობას მივყავართ ე. წ. ფიზიოლოგიურ იმუნოდეფიციტამდე, რ-იც გამოირჩევა განსაკუთრებული მიმღებლობით ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი. ახალშობილები კი თითქმის მთლიანად დამოკიდებული არიან დედისგან პასიურად (ტრანსპლაცენტურად და ძუძუთი კვებისას) მიღებულ ანტისხეულებზე. ვაქცინაცია არის პროტექციის საუკეთესო საშუალება, რ-ითაც მშობელს შეუძლია დაიცვას ­შვი­ლი დაახლ. 16 ინფექციური დაავადებისგან. იხ. იმუნიზაციის კალენდარი.

1. ჰეპ B (Hep B) – B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა; 2. ბცჟ (BCG) (კალმეტ-გერენის ბაცილა) – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა; 3. დყატ+B ჰეპ+ჰიბ +იპვ (ჰექსა/ DPaT+HepB+Hib+IPV) – დიფ­თერიის, ყივანახველის (არაუჯრე­დული/აცელულარული), ტეტანუსის, B ჰეპატიტის, ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცას, ინაქტივირებული პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა; 4. პნევმო (PCV) – პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; 5. როტა (Rota) – როტავირუსული ინფექციის სა­წინააღმდეგო ვაქცინა; 6. წწყ (MMR) – წითელა-წითურა-ყბაყურას სა­წინააღმდეგო ვაქცინა; 7. დყტ (DPT) – დიფთერიაყივანახველა-ტე­ტა­ნუსის საწინააღმდეგო ვაქცინა; 8. ოპვ (OPV) – პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა; 9. დტ (DT) – დიფთერია-ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (ანატოქსინი); 10. ტდ (Td) – ტეტანუს-დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა (ანატოქსინი) ; იპვ (IPV) – პოლიომიელიტის ინაქტივირებული ვაქცინა; აატი – ადამიანის ანტიტე­ტანური იმუნოგლობულინი; ატშ – ანტიტეტანური შრატი; აა – ანტიტეტანური ანატოქსინი;

HBსAG–B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი ბავშვთა ინფექციებთან ბრძოლის ისტორია დაკავშირებულია თბილ. ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოსთან და თსსი-ის ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა კა­თედ­რის მოღვაწეობასთან, რ-იც დაარსდა XX ს. 40-იან წლებში. ამ კათედრას ხელმძღვანელობდნენ ვ. ნემსაძე, ვ. მჭედლი­შვი­ლი, ა. ხო­ჭავა. ამჟამად კათედრას თსსუ-ის ბავშვთა ინფექციური სნეულებების დეპარტამენტი ეწოდება (ხელმძღვ. – მ. ხოჭავა).

იმუნიზაციის ეროვნ. კალენდრით გათვალისწინებული ყველა აცრა მოსახლეობისთვის უფასოა. სახელმწიფო მოსახლეობის იმუნიზაციისთვის იძენს მხო­ლოდ იმ ვაქცინებს, რ-საც აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია, რაც მაღალი ხარისხის და უსა­ფრთხო იმუნიზაციის გარანტიაა. პარალელურად არსებობს კერძო იმუნიზაციის ცენტრებიც, სადაც შესაძლებელია ინდივიდ. იმუნიზაციის გეგმის განხორციელება იმ ვაქცინებით, რ-ებსაც ამა თუ იმ მიზეზით სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს.

მ. ხოჭავა