ინფლაცია (ლათ. inflatio– გაბერვა), საქონელსა და მომსახურებაზე ფასების საერთო დონის ზრდა. ი-ის დროს წინა პერიოდთან შედარებით ფულის ერთი და იმავე მოცულობით ხდება უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენა. ამ დროს მცირდება ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა, ფული უფასურდება, ანუ კარგავს თავისი რეალური ღირებულების ნაწილს.
ი-ის საპირისპირო პროცესია დეფლაცია, რაც ნიშნავს საქონლისა და მომსახურების ფასის საერთო დონის შემცირებას. ტერმინი „ინფლაცია“ პირველად გამოიყენეს ჩრდ. ამერიკაში სამოქალაქო ომის პერიოდში (1861–65) და გულისხმობდა ქაღალდის ფულის რაოდენობის ზრდას. ი-ის წარმოშობის მიზეზებია: მონეტარული ფაქტორები – მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება მიმოქცევაში ფულის მასის უცვლელი მოცულობის პირობებში, სახელმწ. ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა ემისიური ფულით, ჭარბი ინვესტირება, მ. შ., საკრედიტო, როდესაც ინვესტიციების მოცულობა აჭარბებს ეკონ. შესაძლებლობებს; ს ტ რ უ ქ ტ უ რ უ ლ ი ფაქტორები – ეკონ. სტრუქტურის დეფორმაცია, რ-იც გამოიხატება სამომხმარებლო სექტორის დარგების ჩამორჩენით, ინვესტიციების ეფექტიანობის შემცირება და მოხმარების ზრდის შეზღუდვა, ეკონ. მართვის სისტემის არასრულყოფილება, მონოპოლიზაციის მაღალი დონე; ს ა გ ა რ ე ო ფაქტორები – ექსპორტიდან ამონაგების შემცირება, საგარეო სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო.
ფასების ზრდის ტემპის მიხედვით განასხვავებენ ი-ის სამ ძირითად სახეს: მ ც ო ც ა ვ ი (ზომიერი) ი. – ფასების ყოველწლ. ზრდა არ აღემატება 10%-ს და ფული არ უფასურდება. ასეთი ი. არ წარმოადგენს საფრთხეს ეკონომიკისათვის, ვინაიდან პროგნოზირებადია და ადვილად რეგულირებადი, იგი ხელს უწყობს ეკონ. ზრდას; გალოპირებადი (ნახტომისებრი) ი. – ფასების საშუალო წლ. ზრდა მერყეობს 10–20%-იდან 50–200%-ის დიაპაზონში, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ეკონ. განვითარებაზე. მისი რეგულირებისათვის გამოიყენება სპეც. ფინანს. ბერკეტები, ხშირად ტარდება ფულის რეფორმა; ჰ ი პ ე რ-ი ნ ფ ლ ა ც ი ა – ფასების ყოველთვიური ზრდის ტემპი აჭარბებს 50%-ს, დამახასიათებელია სტრუქტურული გარდაქმნების მქონე ქვეყნებისათვის, აგრეთვე ომისა ან პოლიტ. რყევების პერიოდებისათვის. ასეთი ი. მკვეთრად აუფასურებს ფულის ერთეულს, შლის საგადასახდელო სისტემას, ზრდის ეკონ. განვითარების დისპროპორციებს და ქმნის კრიზისულ სიტუაციას.
გამომწვევი მიზეზების მიხედვით განასხვავებენ ი-ის შემდეგ სახეებს: მოთხოვნის ი-ს – წარმოიქმნება ერთობლივი მოთხოვნის ზრდის შედეგად, რ-საც წარმოება ვერ აკმაყოფილებს. საქონლის დეფიციტი ზრდის მოთხოვნას, რ-იც, თავის მხრივ, იწვევს მისი ფასის ზრდას; მიწოდების (ხარჯების) ი-ს – წარმოიქმნება საწარმოო რესურსების არაეფექტიანი გამოყენების პირობებში, რაც ზრდის წარმოების ხარჯებს და შესაბამისად – საქონლის ფასს. ასეთი ი. აუფასურებს ფულს, ვინაიდან უცვლელი შემოსავლების პირობებში მყიდველები იძენენ იმავე საქონლის ნაკლებ რაოდენობას; სტრუქტურულ და ინსტიტუციურ ი-ს – განპირობებულია ეკონომიკაში სტრუქტურული ძვრებით, კერძოდ, ფასების ზრდით მის ცალკეულ სექტორებში, სადაც პროდუქციაზე მოთხოვნა ჭარბობს მიწოდებას. ასეთი ზრდა დამახასიათებელია ინოვაციური დარგებისათვის, რ-თა პროდუქციაზე მაღალია მოთხოვნა.
ი-ის უარყოფითი შედეგებია ფულადი მარაგის (ანაბრები, კრედიტები, ნაშთები ანგარიშებზე და სხვ.) და ფასიანი ქაღალდების გაუფასურება, შემოსავლების სტიქიური, არაკონტროლირებადი გადანაწილება – ი-ის დროს ზარალდებიან კრედიტორები, გამყიდველები, ექსპორტიორები, საბიუჯეტო სფეროს მუშაკები, ხოლო იგებენ მოვალეები, მყიდველები, იმპორტიორები, რეალური სექტორის მუშაკები; მახინჯდება ყველა ძირითადი ეკონ. მაჩვენებელი – მთლიანი შიდა პროდუქტი, რენტაბელობა, პროცენტი და სხვ.; ფასების ვარდნას თან სდევს ეროვნ. ვალუტის გაცვლითი კურსის ვარდნა.
ი-სთან ბრძოლის მეთოდებია: წარმოების სტაბილიზება და სტიმულირება – რაც გულისხმობს ეკონ. სტრუქტურულ გარდაქმნას, ადგილ. წარმოების განვითარებას, ეკონ. შედეგებზე მეწარმეების პასუხისმგებლობის ზრდას; დაბეგვრის რეფორმა; სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შ ე მ ც ი რ ე ბ ა უმეტესად არამწარმოებლური ხარჯების შემცირების გზით; ვაჭრობის ლიბერალიზაცია – ექსპორტისა და იმპორტის რაოდენობრივი შეზღუდვების შემცირება ან გაუქმება; ს ა ბ ა ზ რ ო ინფრასტრუქტურის განვითარება; ს ა ვ ა ლ უ ტ ო კურსის რ ე გ უ ლ ი რ ე ბ ა; ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ქონების პრივატიზაცია; ეკონომიკის დემონოპოლიზაცია.
დამოუკიდებელი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ეკონომიკისათვის ხშირად იყო დამახასიათებელი ი-ის მაღალი დონე. საშ. წლ. ი-ს მაჩვენებელი 1980–89 წლებში 0,6 % იყო, ხოლო 1990-იდან მისმა დონემ დაიწყო ზრდა. 1990 წ. ი-მ შეადგინა 1,7%, 1991 წ. კი – 4,9%. 1992-იდან ი-მ მიიღო გალოპირებადი სახე და მიაღწია 21,3%. ამის მიზეზი იყო იმ პერიოდში არსებული მძიმე ეკონ. პირობები, ეროვნ. ვალუტის არარსებობა და დამოკიდებულება მიმოქცევაში არსებულ რუს. რუბლსა და აშშ დოლარზე. 1993 წ. გარდამავალი ვალუტის – კუპონის – შემოღებამ კიდევ უფრო გააძლიერა ი-ის ზრდის ტემპი, რ-მაც წლ. 34,6% შეადგინა, ხოლო 1994 წ. – 56,3%. 1995 წ. განვითარდა ჰიპერინფლაცია – 1990 წელთან შედარებით საქართველოში ფასები 356,9 ათასჯერ გაიზარდა მაშინ, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 4-ჯერ. ამავე წელს საქართვ. ეროვნ. ვალუტის – ლარის შემოღებამ დადებითად იმოქმედა ი-ის ვარდნის ტენდენციაზე. 1996 წლის განმავლობაში ი-ის მაჩვენებელი შემცირდა 42,9%-იდან (წლის დასაწყისში) 13,8%-მდე (წლის ბოლოს). ი-ის მაჩვენებლის ვარდნა განპირობებული იყო გატარებული ფისკალური და ფულად-საკრედიტო, აგრეთვე რეგულირებადი ფასების სწორი პოლიტიკით. 1997–98 წლებისათვის დამახასიათებელი იყო დეფლაციური პროცესები. 1998 დეკემბრისათვის ი-ის მაჩვენებელი გახდა უარყოფითი – 0,6%, ხოლო 1999-იდან ი-მ ისევ მიიღო გალოპირებადი ხასიათი, რ-ის ძირითადი მიზეზი იყო სავალუტო კრიზისი და ცვლილებები საგადასახადო პოლიტიკაში. 2000–10 წლებში ი. საქართველოში ატარებდა მცოცავ ხასიათს და ძირითადად ერთნიშნა მაჩვენებლით გამოისახებოდა (გარდა 2006–08 წლებისა, როცა ი-ის მაჩვენებელი გაიზარდა 10%ზე მეტად და განპირობებული იყო ძირითადად იმპორტის ფასების ზრდით). გამონაკლისი იყო 2009 აგვისტოს თვე, როდესაც ი-ის მაჩვენებელი გახდა უარყოფითი – 3,1%. 2011 წლის ბოლოსათვის კი განვითარდა დეფლაციური პროცესი, გამოწვეული მოხმარების საერთო დონის შემცირების ტენდენციით. ეს პროცესი გაგრძელდა 2012 წელსაც. მხოლოდ 2013 წლის მიწურულს დაიწყო მისმა მაჩვენებელმა ზრდა და 2014 წ. საშუალოდ შეადგინა წლ. 3,1%. 2014 ნოემბერში განვითარებული სავალუტო კრიზისის შედეგად ეროვნ. ვალუტის კურსის ვარდნის გამო გაიზარდა სამომხმარებლო ფასები, რამაც განაპირობა ი-ის მაჩვენებლის ზრდა წლის დასაწყისში 1,4%-იდან წლის ბოლოსათვის 4,9%-მდე. 2015 წ. ეროვნ. ვალუტის მკვეთრად მერყევმა გაცვლითმა კურსმა გამოიწვია ი-ის მაჩვენებლის რყევა წლის განმავლობაში 1,3%-იდან 6,3%მდე, 2016 წ. – 5,6%-იდან – 0,2%მდე, ხოლო 2017 წ. – 3,9%-იდან 6,9%-მდე. საშ. წლიურმა ი-მ კი შეადგინა შესაბამისად 4,0%, 2,1% და 6,0%.
საქართველოსათვის, როგორც იმპორტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყნისათვის, მეტწილ შემთხვევაში დამახასიათებელი იყო იმპორტირებული ი., გამოწვეული როგორც იმპორტის ფასების ზრდით, ასევე ეროვნ. ვალუტის კურსის ვარდნით გარე შოკების შედეგად.
ლიტ.: ბ ლ ა ნ შ ა რ ი ო., მაკროეკონომიკა, თარგმ. ინგლ., თბ., 2010; ე ლ ი ა ვ ა ლ., საქართველოს თანამედროვე ფინანსური გამოწვევები, თბ., 2015.
ლ. ელიავა