ინჩხურის განძი, სამონეტო განძი. აღმოჩნდა 1988 სოფ. ინჩხურში (მარტვილის მუნიციპალიტეტი) ადგილ ღვამუშზე. მონეტები ეწყო თიხის ქოთანში და შედგმული იყო დიდი ლოდის ქვეშ. განძი შეიცავს 234 ცალ ვერცხლის დირჰემს, რ-ებიც მოჭრილია ომაიანთა (9 ცალი) და აბასიანთა (225 ცალი) ხალიფების მიერ სახალიფოს სხვადასხვა ზარაფხანაში (ბაღდადი, ბასრა, მოჰამედია, ნიშაბური, ქუფა, ჯი, აარრანი, არმენია) ჰიჯრის 87–199 (707–815) წწ-ში, აგრეთვე ბიზანტიის იმპ. მავრიკი ტიბერიუსის (582–602) ოქროს სოლიდს.
განძის შემადგენლობა ასახავს დას. საქართვ. ფულადი მიმოქცევის სურათს VIII–IX სს. მიჯნაზე. ი. გ-ისა და საქართვ. ტერიტორიაზე აღმოჩენილი მისი თანადროული განძების განხილვა გვიჩვენებს აღმ. და დას. საქართველოს ერთიანობას ფულადი მიმოქცევის სფეროში. განძი ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმსა და გ. ელიავას სახ. მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
თ. ქუთელია
ც. ღვაბერიძე