იოაკიმე, ი ო ვ ა კ ი მ ე, აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოსი დაახლოებით XV ს. 70-იან წლებში, ცაიშელ-ბედიელი მთავარეპისკოპოსი. ქართლ-იმერეთის მეფის, ბაგრატ VI-ის, დადიანისა და გურიელის თანამზრახველობით ი. კათოლიკოსად აკურთხა არა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, არამედ დას. საქართველოში ჩამოსულმა იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქმა მიქაელმა (1470/74–84). ამ აქტით ბაგრატ VI-მ პოლიტიკურად დაშლილ საქართველოში დასავლეთის ეკლესიაც მცხეთისაგან დამოუკიდებელი გახადა. იმავე პატრიარქ მიქაელის სახელით შედგა კანონიკური ძეგლი „მცნებაჲ სასჯულოჲ", რითაც აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოსი გაუთანასწორდა მცხეთის კათოლიკოს-პატრიარქს და განსაზღვრა მისი იურისდიქცია [იურიდიულად განამტკიცა აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოსის დამოუკიდებლობა აღმ. საქართველოს უმაღლესი საეკლ. ხელისუფლებისგან].
წყაროებში ი. დახასიათებულია როგორც საეკლ. საქმეების ენერგიული გამგებელი, რ-იც განსაკუთრებით ზრუნავდა საკუთრივ აფხაზეთში ქრისტ. რელიგიის განმტკიცებაზე. ი-მ დიდი ამაგი დასდო ქართველთა ჯვრის მონასტერს იერუსალიმში, რის გამოც ხსენებულ მონასტერში საუკუნო აღაპი დაუწესეს.
წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., საქართველო XV ს. მეორე ნახევარში. ერთიანი საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.
თ. მარგველაშვილი