იოანე VII, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1205/06–10. ეკუთვნოდა სამღვდელოების კონსერვატიულ წრეს. იღვწოდა ქართ. დიოფიზიტური ეკლესიის პრივილეგიური მდგომარეობისათვის. ზაქარია მხარგრძელს მოუწვევია ვანის სომეხი კათოლიკოსი და ვარდაპეტნი, რ-ებთანაც ი. VII-ს საღვთისმეტყველო პაექრობა ჰქონდა და „იდგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, ტურფად აღშენებული, ესრე მტკიცედ და განშუენებულითა პირითა". იცავდა და ქადაგებდა მართლმადიდებლობას, რის შემდეგაც „მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად". ქართ. საეკლესიო ტრადიციით, ი. VII „ანგელოზთა სწორად" იწოდება.
წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965.
ბ. ლომინაძე