იოანე VIII, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1505–09 წლებში.
მოიხსენიება აწყურის მთავარეპისკოპოსის, ნიკოლოზ მაწყვერელის ერთგულების ფიცის წიგნში, რ-იც სხვადასხვა დროით თარიღდება, თუმცა თ. ჟორდანია და ქ. შარაშიძე ი. VIII-ს კათოლიკოსობას დავით X-ის (1505–25) მეფობის პერიოდს ამთხვევენ. აღნიშნული საბუთის მიხედვით, აწყურის ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსად კურთხევისათვის ემადლიერება ი. VIII-ს და აღთქმას დებს: „სიცოცხლესა ჩემსა თჳნიერ მცხეთისა სახლი დედა-ქალაქი არა აღვიარო და თქვენ, მაკურთხევლის ჩემისა იუვანე კათალიკოზისაგან კიდე სხუასა კათალიკოზს არა დავემორჩილო...". ყოველივე ეს ამტკიცებს, რომ ამ პერიოდისთვის სამცხე-საათაბაგოს ეკლესია აღმ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა.
წყარო: ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
თ. მარგველაშვილი