იოანე გუთელი

იოანე გუთელი, გუთეთის (ასე იწოდებოდა ადრე შუა საუკუნეებში ყირიმის ნ.-კ-ის სამხრ. ნაწილი) ეპის­კო­პო­სი 758-იდან (გ. წელი უცნობია). იოანეს მამას ლეონი ერქვა, დედას – ფოტიანე. ლეონის მამა პონტოდან იყო გადასახლებული გუთეთში. იოანე ბავშვობიდანვე „ასკეტურ ცხოვრებას" ეზიარა.

ბიზანტ. იმპ. კონსტან­ტინე V კოპრონიმის (743–775) მიერ კონსტანტინოპოლში მო­წვეულმა მსოფლიო საეკლ. კრებამ (754) ხატთაყვანისცემის აკრძალვა დაადასტურა. კრებაზე დამსწრე გუთეთის ეპისკო­პო­სი დადგენილების მიმხრობის გამო იმპერატორმა თრაკიაში ჰერაკლიის მიტროპოლიტად დანიშნა, მის მაგივრად გუთეთის მოსახლეობამ იოანე აირჩია. გუთეთის ეკლესია იმხანად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, ამიტომ იოანე გუთეთის ეპისკოპოსად კონსტანტინოპოლის პატრიარქს უნდა ეკურთხებინა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ხატმებრძოლი იყო, გუთეთის მოსახლეობა კი ხატთაყვანისმცემლად რჩებოდა, ამიტომ იერუსალიმში საკურთხებ­ლად ჩასული იოანე იქ სამი წელი უშედეგოდ ელოდა ხელდასხმას (საეკლესიო სამართლი­დან გამომდინარე, იერუსალიმის ­პატრიარქს სხვა საპატრიარქოსადმი დაქვემდე­ბა­რებული ეპარქიის ხელ­დასხმის უფლება არ ჰქონდა). იერუსალიმიდან გუთეთში დაბრუნებული ­იოანე, როგორც მის „ცხოვრებაშია" ნათქვამი, მრევლის მოთხოვნით იბერიაში ჩა­მო­ვი­და და აქ იქნა ხელდასხმული გუთეთის ეპისკოპოსად.

ი. გ-ის „ცხოვრებასა" და „დიდ სჳნაქსარში" არსებულ ცნობებზე დაყრდნობით, ქართ. სამეცნ. ლიტ-რაში მისი ხელდასხმის ადგილად ქ. მცხეთა იყო მიჩნეული – სავარაუდოდ, იგი იოანე III ქართლის კათოლიკოსმა აკურთხა.

ი. გ-ის „ცხოვრების" ცნობებიდან გამომდინარე, იგი ცოცხალი ჩანს კონსტანტინოპოლის პატრიარქის პავლეს (766–780) დროსაც. 780 ი. გ. კონსტანტინოპოლში ჩასულა და ხატთაყვანისმცემელთა მხარდასაჭერად უქადაგია. მას შემდეგ, რაც იმპერიამ გუთეთი ხაზართა ხანს დაუთმო, ი. გ. მცირე აზიაში გაიქცა და 4 წელი ქ. ამასტრიდაში იმყოფებოდა. იქ გაიგო ხაზართა ხანის გარდაცვალების ამბავი, მეორმოცე დღეს, 26 ივნისს, კი ი. გ-ც გარდაიცვალა. ამასტრიდის ეპისკოპოსმა გიორგიმ და ქალაქის მოსახლეობამ მისი ნეშტი „საკმეველითა და სანთლებით ხომალდამდე მიაცილეს". ი. გ. ქ. პართენიტონში, წმ. მოციქულთა მონასტერში თავის მამობილთან დაკრძალეს. შერა­ცხულია წმინ­და­ნად. ღირსი იოანეს ხსენების დღეა 26 ივნისი (9.07).

წყა­რო: წმინდა იოანე გუთელის ცხოვრება, თარგმ. ბერძნულიდან ე. ჭე­ლიძისა, «ლიტერატურა და ხელოვნება», 1992, N324; Житие преподобного отца нашего Иоанна Эпископа Готии, «Записки Императорского Одесского общества истории древностей», т. 3, Одесса, 1883.

ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე  ვ., ქართული ეკ­­ ლესიის სათავეებთან, თბ., 1991; წმინდან­თა ცხოვრება, ტ. 3, თბ., 2001.

ვ. გოილაძე