იოანე და გიორგი-იოანე, ბეთანიელი ბერები და წმინდა აღმსარებელნი.
არქიმანდრიტი ი ო ა ნ ე (ერისკაცობაში – ვასილ მ ა ი ს უ რ ა ძ ე) (1882, ცხინვალი, – 1957, ბეთანია) 14 წლის ასაკში ბეთანიის მონასტერში მორჩილად მოღვაწეობდა. 1903 ათონის მთაზე წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში დამკვიდრდა, სადაც ბერად აღიკვეცა. იქვე 1917 წ. 24 მაისს მღვდლად აკურთხეს. 17 წლის მოღვაწეობის შემდეგ, 1920, სხვა ქართვ. ბერებთან ერთად იძულებით დატოვა ათონის მთა და არმაზის მონასტერში დაიწყო მსახურება, მაგრამ მალე მონასტერში მოღვაწე ერთ ბერთან ერთად მძიმედ დაჭრეს. გადარჩენილებმა თავი მცხეთას შეაფარეს. 1922-იდან იოანე ბეთანიის მონასტერში დამკვიდრდა და სავანის წინამძღვარი გახდა.
არქიმანდრიტმა გ ი ო რ გ ი ი ო ა ნ ე მ (ერისკაცობაში – გიორგი მ ხ ე ი ძ ე) (1. I. 1887, სოფ. ქვემო კრიხი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 12. IX. 1962, ბეთანია) დაწყებითი განათლება რაჭის სოფ. ჭელიაღელეში მიიღო. შემდეგ სწავლა ყვარელში განაგრძო, მოგვიანებით კი – პეტერბურგის სამხ. სასწავლებელში. 1909, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ი. ჭავჭავაძის პირად მდივნად მსახურობდა, მაგრამ ბერმონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია და მღვდელმონაზონ ალექსის (შუშანია) დაემოწაფა. მოგვიანებით კი მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) მცირე სქემაში აღკვეცა.
1924 გიორგიმ ბეთანიის მონასტერში მამა იოანესთან ერთად დაიწყო მოღვაწეობა. 1957 წ. 9 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის კურთხევით დიდ სქემაში აღიკვეცა და იოანე ეწოდა. 1961 წ. 21 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ გიორგი-იოანეს არქიმანდრიტის პატივი მიანიჭა.
ი. და გ.-ი-ს ბეთანიაში მოღვაწეობა მრავალ სირთულესა და გაჭირვებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ბოლომდე შეძლეს მონასტრის შენარჩუნება და აღორძინება.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ 2003 ი. და გ.-ი. წმინდანთა დასში შერაცხა და ხსენების დღედ 8 (21) სექტემბერი დაადგინა. 2014 წ. 20 თებერვალს კი ი. და გ.-ი-ს წმინდა ნაწილთა „აღმოყვანება" განხორციელდა.
ლიტ.: არქიმანდრიტი ლ ა ზ ა რ ე, ბეთანია – სახლი სიგლახაკისა, თბ., 2002; გაზ. «საპატრიარქოს უწყებანი», 2003, N35 (243); ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, რედ. ა. მიქაბერიძე, თბ. – ათენი, 2003.
თ. მარგველაშვილი