იოანე ზედაზნელი, ზედაზნის მონასტრის დამაარსებელი, სირიელი საეკლესიო მოღვაწე. საქართველოში მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI ს. შუა წლებში, თან მოიყვანა მრავალი მოწაფე (იხ. ასურელი მამები).
თავდაპირველად მცხეთაში ცხოვრობდა, შემდეგ მცხეთის მახლობლად, მდ. არაგვის გაღმა, ზედაზნის მთაზე ააშენა მონასტერი, საიდანაც თავისი მოწაფეები დაგზავნა ქართლისა და კახეთის მხარეებში ქრისტიანობის განსამტკიცებლად და ეკლესია-მონასტრების დასაარსებლად.
ი. ზ-ს საქართველოში მოსვლიდანვე დახმარებასა და მფარველობას უწევდა ქართლის კათოლიკოსი ევლალე I. ი. ზ-ის მოღვაწეობა აუწერიათ VI–VII სს-ში, მაგრამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. X ს-ში მისი ცხოვრება აღწერა კათოლიკოსმა არსენ II-მ, რ-საც გამოუყენებია ძვ. ტექსტი. მის შესახებ ცნობებს შეიცავს შიო მღვიმელის მეტაფრასული „ცხოვრება". ი. ზ. დაკრძალულია ზედაზნის მონასტერში, ტაძრის სამკვეთლოსთან. საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესია ღირს ი. ზ-ს იხსენიებს 7 (20) მაისს თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად.
წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაძნელისაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.
ბ. ლომინაძე