იოანე ზონარა

იოანე ზონარა (Iōannēs Zonaras), XI ს. დასასრ.–XII ს. I ნახ. ბიზანტიის სა­ხელმ­წი­ფო მოღვაწე და ისტორიკოსი. მეფის კარზე მას ეკავა მაღალი სამხ. პირის (ყორჩიბაშის) და მწიგნობართუხუცესის თანამდებობები. მოხუცებულობის დროს ბერად აღიკვეცა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები წმინდა გლიკერიის კუნძულზე მდებარე მონასტერში გაატარა.

ავტორია „მსოფლიო ქრონიკის", რ-იც მოიცავს ამბებს ქვეყნის დასაბამიდან ვიდრე 1118-მდე. თხზუ­ლე­ბა საკმაოდ დიდი მოცულობისაა. ი. ზ. ფართოდ იყენებს ანტ. და შუა საუკუნეების ავტორთა შრომებს. მისი „ისტორიის" მთავარი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ შემოგვინახა მრავალი ძვირფასი საისტ. წყა­რო, რ-ებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ასე მაგ.: ი. ზ-მ და იოანე ქსიფილინოსმა აღადგინეს დიონ კასიოსის 1–21 წიგნი, რ-თა დედნები დღემდე დაკარგულად ითვლება.

ი. ზ-ს თხზუ­ლე­ბაში საკმაოდ უხვადაა ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შესა­ხებ: პომპეუსის ლაშქრობა, წათე I-ის მონათვლისა და მისი ლაზიკაში გამეფების ამბავი; იოანე ოქროპირის გადასახლება აფხაზეთის განაპირა კუთხეში – ბიჭვინთაში და სხვ. აგრეთვე XI ს. საქარ­თვე­ლოს (გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის) ურთიერთობაზე ბიზანტიასთან. იბერების სიმამაცის შე­სა­ხებ ი. ზ. წერს: „იბერები ალბანელებზე უფრო კარგი მებრძოლები არიან; ისინი არც მიდიელებსა და არც სპარსელებს არ დამორჩილებიან და მხო­ლოდ მაკედონელთა ძლიერებას (ვერ გაუმაგრდნენ) გაექცნენ. ალექსანდრე მაკედონელმა ვირკანიის (ე. ი. კასპიის) ზღვიდან მოულოდნელი დარტყმით დასცა იბერიელები. მაშინაც არ გაქცეულან იბერები უბრძოლველად, დიდი ბრძო­ლა გაუმართეს. ბევრი მათგანი ამოწყდა და ბევრიც ტყვედ ჩაიგდო ხელში მაკედონელმა". ი. ზ-ს ეს ცნობა იმ მხრივაცაა საინტერესო, რომ აქ საუბარია ალექსანდრე მაკედონელის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფნის შე­სა­ხებ (რასაც მხარს ­უჭერს გ. წე­რეთელი და მ. ბროსე, საწინააღმდეგო აზრისა არიან ამ საკითხზე ივ. ჯა­ვა­ხი­შვი­ლი და ს. ჯანაშია).

თხზ.: : Epitomae historiarum, v. 1–6, Lipsiae, 1868–75; libri XIII–XVIII, v. 3, Bonnae, 1897; [წიგნში] გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შესა­ხებ, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 6, თბ., 1966.

ნ. ლომოური