იოანე იტალოსი

იოანე იტალოსი (Iōannēs Italos), XI საუკუნის ბიზანტიელი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. იგი ითვლება ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად ბიზანტიაში. ი. ი. კარგად იცნობდა პლატონისა და არისტოტელეს ნა­აზრევს და ამტკიცებდა, რომ ამ ორ დიდ ბერძენ მოაზროვნეს შორის არავითარი არსებითი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამით იგი თა­ვისი მასწავლებლის, მიქაელ ფსე­ლოსის ფილოსოფიურ გზას აგრძელებდა, რ-იც ფილოსოფიური ღვთისმეტყველების მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობლემებისა და საკითხების ანალიზის დროს პლატონს, არის­ტოტელესა და „უბადლო პროკლეს" ეყრდნობო­და. სწორედ ფსელოსისა და ი. ი-ის სახელთანაა დაკავშირებული XI ს. ბიზანტიაში ე. წ. „პროკლეს რენესანსის" წარმოშობა, რ-მაც შემდეგ პროკლეს აზროვნების მძაფრი კრიტიკაც კი განაპირობა ნიკოლოზ მეთონელის (XII ს.) მხრიდან.

შუა საუკუნეების ქართული აზროვნებისთვის არა მარტო მიქაელ ფსელოსის პიროვნება და შემოქმედება აღმოჩნდა ღრმა ინტერესის საგანი, არამედ ი. ი-ისაც. ცნობილია მისი წერილი აფხაზი გრამატიკოსისადმი, რ-იც 1082 წლით თა­რიღ­დე­ბა. ეს წერილი განსაკუთრებით მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია იოანე პეტრიწისადმი მიძღვნილი ქართ. კვლევების კონტექსტში, რადგან გამოითქვა ვარაუდი, რომ წერილის ადრესატი სწორედ იგი უნდა ყოფილიყო. ეს მოსაზრება დღემდე ერთ-ერთ სამუშაო ჰიპოთეზას წარმოადგენს და მისი დამაჯერებელი დასაბუთება თუ უარყოფა სამომავლო კვლე­ვაძიების საქმეა. მიუხედავად წერილის ადრესატისა, უწინარეს ყოვლისა, საყურადღებოა თავად ამ წერილის შინაარსი, რ-იც ფილოს. გრამატიკის მნიშვნელოვან სა­კითხებს განიხილავს. გარდა ამისა, ეს წერილი ბიზანტ.-ქართ. კულტურული ურთიერთობების მნიშვნე­ლო­ვა­ნი დოკუმენტიცაა, რადგან ის ი. ი-ისა და მისი ­ქართვ. მეგობრის ინტელექტუალური სიახლოვის დასტურია. იტალოსი მადლიერებით მოიხსენიებს მეგობარს იმის გამოც, რომ მან ჭეშმარიტების სიყვარული შეინარჩუნა და ბოლომდე მისი მოძღვრების ერთგული დარჩა. სწორედ ამით გამოირჩევა იგი მრავალი გზასაცდენილი ორატორისა და სოფისტისაგან.

ი. ი-ის ცხოვრებასა და შემოქმედებას საგანგებოდ განიხილავდნენ ­ქართვ. მეცნიერები. XX ს. 20-იან წლებში გ. წერეთელმა თბილისში გამოსცა ი. ი-ის ლოგიკური ტრაქტატები ორიგინალის ენაზე. 1966 კი გა­მო­ვი­და ნ. კეჭაღმაძის გამოცემა, რ-მაც მოგვიანებით, 1970, საგანგებო მონოგრაფია მიუძღვნა ი. ი-ის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გარდა ამისა, სხვა ქართველ მკვლევრებსაც (გ. თევზაძე, მ. მჭედლიძე) აქვთ საინტერესო სამეცნ. გამოკვლევები იტალოსის მრავალფეროვანი შემოქმედების შე­სა­ხებ. სა­ქარ­თველო­ში კარგად იყვნენ ცნობილი ი. ი-ის მოწაფეებიც, მ. შ. ბრწყინვალე დიალექტიკოსი, პლატონის შე­სა­ნი­შნა­ვი მცოდნე და არისტოტელეს ნაშრომების განთქმული კომენტატორი ევსტრატე ნიკეელი (XI–XII სს.), რ-ის ერთ-ერთი პოლემიკური ნა­შრო­მის ქართ. თარგმანი არსენ იყალთოელის „დოღმატიკონშია" განთავსებული.

თხზ.: თხზუ­ლე­ბანი. ბერძნული ტექსტი ვარიანტებითა და შენიშვნებით ქვეყნდება გ. წერეთლის მასალების მიხედვით, ნ. კეჭაღმაძის რედ. და წინა­სიტყვ., თბ., 1966; ფილოსოფიური განმარტებანი, წინასიტყვ. და თარგმ. მ. მჭედლიძისა, წგ.: ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია (X–XII საუკუნეები), ტ. 3, თბ., 1996.

ლიტ.: კ ე ჭ ა ღ მ ა ძ ე  ნ., ­იოანე იტა­ლოსის შემოქმედება, თბ., 1970; მ ჭ ე დ ლ ი ძ ე  მ., ბიზანტიელი ფილოსო­ფოსები – მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი ქართულ მწერლობასა და მეცნიერებაში, კრ.: ბიზანტინოლოგია სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2007.

თ. ირემაძე