იოანე ლაზი, იოანე ე ვ ნ უ ხ ი, იეროთეოზი, მითრიდატე ლ ა ზ ი (გ. 464 ან 465, სირია), V ს. ქართველი საეკლესიო მოღვაწე, პეტრე იბერის აღმზრდელი და მასწავლებელი, მისი სულიერი მამა. ს. ყაუხჩიშვილის აზრით, ი. ლ. (ერისკაცობაში – მითრიდატე ლაზი) კოლხეთის რიტორიკული სკოლის წარმომადგენელი იყო. შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ი. ლ. კონსტანტინოპოლში გაჰყვა ქართველ მეფისწულ მურვანს, რ-იც კეისარ თეოდოსი II-ის კარზე მძევლად იქნა გაგზავნილი. „პეტრეს ცხოვრების" ასურული რედაქციით, ზაქარია რიტორის „საეკლესიო ისტორიის", „სევეროს ანტიოქიელის ცხოვრების" და ზოგიერთი გვიანდ. თხზულებით კი დასტურდება, რომ ი. ლ. კონსტანტინეპოლში შეხვდა პეტრე იბერს, რ-თანაც დამეგობრდა და გახდა მისი ნათლია, ასევე მისი აზრებისა და მისწრაფებების მოზიარე. ორივე ბერად აღიკვეცა იერუსალიმში და სიკვდილამდე ერთად ეწეოდნენ სამონასტრო საქმიანობას, რასაც ადასტურებს პეტრე იბერის ბიოგრაფი იოანე რუფუსი და არაერთი ქართული წყარო. ი. ლ. შემკული იყო მორჩილებით, ზნეობით, რწმენით და თავმდაბლობით.
ი. ლ. ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. შ. ნუცუბიძის მოსაზრება არეოპაგიტული კორპუსის ავტორის, ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იდენტობის შესახებ, ბელგიელი მეცნიერის, ე. ჰონიგმანის მიერ მიკვლეული ახ. არგუმენტებით არის გამყარებული, რ-იც სწორედ ი. ლ-ის პიროვნებას ეხება. არეოპაგიტული წიგნების ავტორი ხშირად მოიხსენიებს „თავის ღვთაებრივ წინამძღოლს" იეროთეოსს, ამასთან, მსჯელობები ზეციური და ამქვეყნიური იერარქიების შესახებ სწორედ იეროთეოსის მიერ არის გაშლილი არეოპაგიტიკაში. „პეტრეს ცხოვრებაში" აღწერილი ი. ლ-ის ზმანება ზეციურ ძალთა (მათი რაოდენობისა და სახელწოდებების) შესახებ უახლოვდება არეოპაგიტულ მოძღვრებაში „ზეცათა მღვდელთმთავრობისათვის" ტრაქტატში წარმოდგენილ ანგელოზთა სამ ტრიადულ რიგს. თუმცა ი. ლ-ის ჩვენებაში ანგელოზთა დიონისური ტრიადების ნაცვლად ზეციურ ძალთა სხვა თანმიმდევრობაა მოცემული. ჰონიგმანის აზრით, ი. ლ. და იეროთეოსი ერთი და იგივე პიროვნებაა. არეოპაგიტულ წიგნებში მოხსენიებული დიონისეს მასწავლებელი იეროთეოზი არის პეტრე იბერის მეგობრისა და თანამოაზრის, ი. ლ-ის ფსევდონიმი.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. 2, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1965; Хонигман Э., Петр Ивер и сочинения Псевдо-Дионисия Ареопагита, пер. с франц. Ш. Нуцубидзе, «თსუ შრომები», 1955, ტ. 59.
ლიტ.: ლ ო ლ ა შ ვ ი ლ ი ივ., არეოპაგიტიკის პრობლემები, თბ., 1972; მ ი ს ი ვ ე, ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა ქართულ და ევროპულ მეცნიერებაში, თბ., 1973; ნ უ ც უ ბ ი ძ ე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958; მ ი ს ი ვ ე, პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა, შრომები, ტ. 5, თბ., 1975; ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს., ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა, წგ.: ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1963; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967; ხიდაშელი შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV–XIII სს.), თბ., 1988.
ლ. ზაქარაძე