იოანე ლიდე (Iōannēs Laurentius Lydus) [490, ფილადელფია, ახლანდ. ალაშეჰირი (თურქეთი), – VI ს. II ნახ.], ბიზანტიელი ისტორიკოსი.
511-იდან კონსტანტინოპოლში სწავლობდა ფილოსოფიას. იმპ. ანასტასის დროს (491–518) მსახურობდა კეისრის ჯარში. იმპ. იუსტინიანეს დროს კი (527–565) იყო როგორც სამოქალაქო, ისე სამხ. სამსახურში. სარგებლობდა დიდი პატივით. 40 წლის სამსახურის შემდეგ, VI ს. 50-იან წლებში კვიპროსზე დასახლდა და ხელი მიჰყო ლიტ. საქმიანობას.
ჩვენამდე მოაღწია მისმა სამმა ნაშრომმა: 1) „თვეების შესახებ", 4 წიგნად (მოღწეულია ფრაგმენტულად); 2) „ციურ ნიშთა შესახებ"; 3) „რომაელთა სახელმწიფოს თანამდებობათა შესახებ". ეს უკანასკნელი შედგება სამი წიგნისაგან: I – შეიცავს ხანას ენეასიდან იულიუს კეისრამდე; II და III – იულიუს კეისრიდან იუსტინიანემდე. ეს სამი ნაშრომი 554 უნდა იყოს დაწერილი და წარმოადგენს ძვირფას საისტ. მასალას, განსაკუთრებით ის ნაწილი, რ-იც ი. ლ-ს თანადროულ ხანას, VI საუკუნეს ეხება. "კოლხიდას ამჟამად ლაზიკეს ეძახიან ჰეგემონისაგანო" – ამბობს ლიდე, რაც ამ ქვეყანაში ლაზების ჰეგემონობას უნდა გულისხმობდეს.
თხზ.: Chronographia, Bonnae, 1831; [წიგნში] გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ლ. მანიავა