იოანე მანგლელი

იოანე მანგლელი (ერისკაცობაში – იოსებ სააკაძე) (1668 – 28. III. 1751, ყიზლარი), სასულიერო მოღვაწე. ბავშვობიდან დავითგარეჯაში იზრდებოდა, იქვე აღიკვეცა ბერად. მოგვიანე­ბით ქართლის მეფე ბაქარმა მანგლისის ეპისკოპოსად აკურთხე­ბინა. ოსმალების შემოსევების შე­დეგად მანგლისის ეპარქიის გა­ნადგურების შემდეგ ი. მ. ხირსის მონასტერში გაიხიზნა. 1724 დარუბანდში წავიდა და თან თერთმეტი სას. პირი გაიყოლა. დაღესტანში თავდაპირველად ააგო ხის სამლოცველო, შემდეგ კი – ღვთისმშობლის მიძინების ქვის ეკლესია.

ი. მ-მა თავისი ცხოვრებით და სასწაულებრივი საქმიანობით ლეკების დიდი ყურადღება მიიპყრო და მრავალი მათგანი მართლმადიდებლობაზეც მოაქცია. მისი მოღვაწეობის ამბავი შეიტყო პეტრე დიდმაც, რ-მაც ვახტანგ VI-თან ერთად ი. მ-ს ნივთიერი შემწეობა აღმოუჩინა.

1737 ი. მ. გადავიდა ასტრახანში, სადაც წმ. იოანე ღვთისმეტყვე­ლის ეკლესია ააგო. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ყიზლარში მცხოვრებ ქართველებს ეკლესია არ ჰქონდათ, ხოლო ოსეთ­ში ქრისტიანობა ფეხზე მყარად არ იდგა. ამ მიზეზით მან დატოვა ასტრახანი, ყიზლარს მიაშურა და ჯვართამაღლების ეკლესია ააგო. იქვე სკოლაც გახსნა, სადაც მქადაგებლებსა და მისიონერებს ამზადებდნენ. ი. მ. თავდაუზოგავად იღვწოდა ოსებისა და ინგუშების მოსაქცევად. მან იოსებ სამებელთან ერთად პროექტი შეადგინა (1746 სინოდმა დაამტკი­ცა), რ-ის მიხედვითაც დაარსდა ოსეთის ქრისტიანობის აღმდგენი კომისია. იგი ძირითადად ­ქართვ. სამღვდელოებისგან შედგებოდა.

ი. მ. ყიზლარში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. გარკვეული დროის შემდეგ თეიმურაზ II-ის ბრძანებით იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩამოასვენეს და თბილ. სიონის ტაძარში დაკრძალეს. სა­ქარ­თველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდა­ნად შერაცხა და ხსენების დღედ 28. III (10.IV) დაადგინა.

ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, ა. მიქაბერიძის რედ., თბ.–ათე­ნი, 2003; ჟურნ. «კარიბჭე», 2005, № 4 (15).

თ. მარგველა­შვი­ლი