იოანე მიტროპოლიტი

იოანე მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – ნიკოლოზ გიორგის ძე მ ა რ ღ ი ­შ ვ ი ­ლი) (1874, გორი, – 13. XI. 1929), სასულიერო მოღვაწე. გორის სას. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუ­შა­ობ­და გორის და შემდგომ ყიზლარის ტაძრის საეკლ.-სამრევლო სა­სწავლე­ბელ­ში. 1900 წ. 28 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა. 1901 წ. 28 იანვარს მღვდელმონაზვნად აკურთხეს. 1904 სწავლა გააგრძელა ქუთაისის და შემდეგ თბილ. სას. სემინარიაში. 1910–14 სწავლობდა მოსკოვის სას. აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1915 გორის სას. სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. იმავე წლის 29 აგვისტოს მი­ე­ნი­ჭა არქიმანდრიტის პატივი. 1919 სოხუმში მოღვაწეობდა. 1921 წ. 15 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით ებოძა ეპის­კო­პო­სის ხარისხი და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი გახდა.

ი. მ-ის ეპარქიაში მოღვაწეობა ძალზე რთულ პერიოდს დაემთხვა; სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმ­წი­ფომ დაკარგა დამოუკიდებლობა. რუსეთის ეკლესია ეწინააღმდეგებოდა და კანონიერად არ ცნობდა საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რუსი სამღვდელოება მღვდელმთავარს ეპარქიის ეკლესია-მონასტრების კუთვნილებაში ეცილებოდა. ი. მ. დაუღალავად იღვწოდა ეპარქიაში სა­ქარ­თველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციების განმტკიცებისთვის. მიტროპოლიტის პატივის მინიჭების შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ალავერდის ეპარ­ქიის დროებით მმართველად გადაიყვანეს.

1926 წ. 20 ოქტომბერს თავისივე თხოვნის საფუძველზე ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, მაგრამ გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო 1927 წ. 3 მარტს ი. მ. დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ორი თვით რუსეთში გაემგზავრა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუნების შემდეგ, 1928 წ. 20 ოქტომბერს, ბოდბის ეპარქიის მმართველად დაინიშნა, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. დაკრძალულია თბილ. სიონის ეკლესიის ეზოში.

ლიტ.: ვ ა რ დ ო ს ა ნ ი ძ ე  ს., ქარ­თველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეებში), თბ., 2010; ჟ ვ ა ნ ი ა  ზ., სა­ქართვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994.

თ. მარგველა­შვი­ლი