იოანე პრესბიტერი, შუა საუკუნეებში გავრცელებული ლეგენდების თანახმად, ძლევამოსილი ქრისტიანი მეფე-მღვდელმთავარი აღმოსავლეთში.
ოტო ფრაიზინგელის (XII ს.) ცნობით (1145), ი. პ. ცხოვრობდა სპარსეთს იქით. მან დაამარცხა სპარსეთისა და მიდიის მეფეები, შემდეგ კი იერუსალიმისაკენ გაემართა ჯვაროსანთა დასახმარებლად. შემდგომი დროის წერილობითი ძეგლებისა და მკვლევართა თანახმად, ი. პ-ის სამფლობელო მდებარეობდა აზიაში, ეთიოპიაში ან ინდოეთში, მისი რეალური პროტოტიპი კი რომელიმე აქაური მმართველი იყო.
არის მოსაზრება, რომ ი. პ-ის ლეგენდარული ტიპი უნდა ჩამოყალიბებულიყო იმ ინფორმაციის საფუძველზე, რ-მაც XII ს. I ნახ-ში დას. ევროპაში შეაღწია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე I-ის შესახებ.
ლიტ.: გოგოლაძე ა., იოანე პრესვიტერის ისტორიული და ბიბლიური საფუძვლების შესახებ, თბ., 2005.
შ. ბადრიძე